
საგანგებო ზომების მიღება დროზე დავიწყეთ და ეს დიდი დამსახურებაა დაწყებული ექიმიდან, დამთავრებული პრემიერით, რომელიც გამოდგა შესანიშნავი კრიზის მენეჯერი – აცხადებს ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.
როგორც საქართველოს პირველ არხთან საუბრისას თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, ქვეყანამ მიაღწია იმას, რომ ყველა საპასუხო ზომა გატარდა დროულად, ეფექტურად და ადეკვატურად.
„საგანგებო ზომების მიღება დროზე დავიწყეთ და ეს დიდი დამსახურებაა ჩვენი ხელმძღვანელობის და ჩვენი ვერტიკალის.
ჩვენმა სახელმწიფო ვერტიკალმა, დაწყებული ექიმიდან, დამთავრებული პრემიერ-მინისტრით, რომელიც გამოდგა შესანიშნავი კრიზის მენეჯერი, ყოველ შემთხვევაში, ამ საკითხში, მე არ ვიცი, რა იქნება სხვაგან, მიაღწია იმას, რომ ყველა საპასუხო ზომა გატარებული იყო დროულად, ეფექტურად და ადეკვატურად.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
მაგრამ ყველაფერი ეს იყო საგანგებო მდგომარეობისა და შეზღუდვების პირობებში. დღეს ეს მოიხსნა, მოიხსნა ნაწილობრივ, მაგრამ მაინც, მოიხსნა.
აი, ახლა ვართ ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში. ძალიან საინტერესოა, რა მოხდება ახლა, რა მოხდება უახლოესი ერთი-ორი კვირის განმავლობაში.
ერთი-ორი კვირის მერე ვისაუბროთ, რა მოხდა, ამის ანალიზი იქნება ძალიან საინტერესო, – განაცხადა ცერცვაძემ.























