
ნიკა მელიას სასამართლო სხდომა გადაიდო. დღეს მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს პროცესებზე დასწრების შესაძლებლობა მიეცეს დააკმაყოფილა.
შესაბამისად მომდევნო სხდომა 13 აპრილს დაინიშნა და მას ნიკა მელია დაესწრება.

ოპოზიციის ლიდერის სასამართლოს სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობდა, სასამართლოს ეზოში აქტივისტებთან ერთად მელიას თანაგუნდელებიც იმყოფებოდნენ.
პროკურორის, ამირან გულუაშვილის თქმით, პატიმრობაში დარჩენა ნიკანორ მელიას თვითმიზანია.
„ნიკანორ მელიას პატიმრობა არასდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი. პროკურატურამ საჯარო განცხადებით დაცვის მხარეს შესთავაზა კონკრეტული სამართლებრივი გზა მათი მზადყოფნის შემთხვევაში, როგორ უნდა მომხდარიყო აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, რეალურად, ნიკანორ მელიასა და მისი ადვოკატების მიზანი არის, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ნიკანორ მელიას პატიმრობაში ყოფნა. ნიკანორ მელიას პატიმრობა არის ნიკანორ მელიას თვითმიზანი“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, ნიკა მელიას მიმართ ყოველგვარი სახის აღკვეთის ღონისძიება უნდა მოიხსნას. იგი უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური პატიმრობიდან და არავითარი რისკი იმისა, რომ ის შესაძლოა მიიმალოს სასამართლო პროცესების დასრულებამდე, არ არსებობს.
„თუ მოსამართლე დარჩება კანონის ფარგლებში და როდესაც იმსჯელებს ამ საკითხზე, ერთადერთი შესაძლო გადაწყვეტილება იქნება, ის, რომ გააუქმოს აღკვეთის ღონისძიება ან შეცვალოს ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. ორივე შემთხვევაში ეს გამოიწვევს ნიკა მელიას გათავისუფლებას საპატიმრო დაწესებულებიდან. ნიკა მელიას მიმართ ყოველგვარი სახის აღკვეთის ღონისძიება უნდა მოიხსნას. იგი უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური პატიმრობიდან და არავითარი რისკი იმისა, რომ ის შესაძლოა მიიმალოს სასამართლო პროცესების დასრულებამდე, არ არსებობს“, – განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.
ნიკა მელიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ 13 აპრილს გადანიშნულ სასამართლო სხდომაზე, დიდი ალბათობით, აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა მოხდება და პატიმრობა შეიცვლება.
ადვოკატის განმარტებით, ნიკა მელიასთვის სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლების მიცემა პირდაპირ არ ნიშნავს, რომ შემდეგ სხდომაზე მას გაათავისუფლებენ.
„ვინაიდან სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა სასამართლოს სხდომაზე ნიკა მელიას დაბრუნების შესახებ, შემდეგ პროცესზე უკვე წარმოდგენილი იქნება ნიკა მელიაც და დიდი ალბათობით, ამავე პროცესზე მოხდება შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვა, ვინაიდან 16 აპრილი დედლაინია. არ მგონია, რომ 13 აპრილიდან 16 აპრილის შუალედში კიდევ ერთი სხდომა ჩაატარონ.
ეს გადაწყვეტილება ვერ იქნება ინდიკაცია, რომ შემდეგ სხდომაზე გაათავისუფლებს მელიას, ამ საქმესთან დაკავშირებით დიდი ინტერესია არა მარტო ქვეყანაში, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც, მელიასთვის ფიზიკურად დასწრების საშუალების არმიცემა წარმოუდგენელი იქნებოდა”, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, თუ ნიკა მელიას გირაოს გადაიხდის, მას ხვალვე შეუძლია საპატიმრო დატოვოს.
“ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ მოგვწონს ის, რომ ზის საპატიმროში, თუმცა მან სხვა გამოსავალი საქართველოს მართლმსაჯულებას არ დაუტოვა. ეს არ არის ჩვენი არჩევანი, ეს იყო ბატონი მელიას არჩევანი. გადაიხადოს გირაო, იქნება ხვალვე თავისუფალი,” – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი ხელაშვილის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება, მოსამართლის გარდა არავინ იცის.
“ერთი საინტერესო რამეა, თუ თქვენ მოუსმენთ ოპოზიციის განცხადებებს, მათ თვითონაც არ იციან თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ერთი ნაწილი ამბობს, რომ არ გამოუშვებენ, მეორე ნაწილი ამბობს, რომ გამოუშვებენ და დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან. ეს ერთადერთ რამეს აჩვენებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არავინ იცის რა იქნება, გარდა მოსამართლისა.
სასამართლოს გადაწყვეტილებამ კრიზისი შეიძლება განმუხტოს ან პირიქით დაამძიმოს, მაგრამ ეს ორი პროცესი ერთმანეთთან არაფერ კავშირში არ არის. სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, პოლიტიკა არის მისგან დამოუკიდებელი,” – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.























