15:40 | 2020-03-20 ავტორი: ნინი ტაველიძე

პრობლემების პირისპირ ჩვენ არავის დავტოვებთ – კალაძე

პრობლემების პირისპირ ჩვენ არავის დავტოვებთ – კალაძე

ჩვენ არავის დავტოვებთ ამ პრობლემების პირისპირ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„დღეს ვიმყოფებით განსაკუთრებულ მდგომარეობაში. რა თქმა უნდა, არსებული მდგომარეობა გავლენას იქონიებს ჩვენს ეკონომიკაზე, ისევე როგორც მსოფლიო ეკონომიკაზე.

 

ჩვენ არავის დავტოვებთ ამ პრობლემების პირისპირ, შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან ამაზე უკვე დაწყებულია მუშაობა. თქვენ იცით, რომ არსებობს საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობს.

 

მიმდინარეობს ყოველდღიური მსჯელობები და თუ რა დახმარებები იქნება ეკონომიკური მიმართულებით იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ბიზნესს და ადამიანებს, ეს ყველაფერი იქნება გაჟღერებული“,- განაცხადა კალაძემ.

20 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 43 ადამიანს.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება

ასევე მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება

კორონავირუსის დასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში მომავალ კვირაში იქნება

რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.

პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.

შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.

ავტორი: ნინი ტაველიძე

X