17:41 | 2020-09-01 ავტორი: Prime Time

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პოლიციელს, რომელიც ლისის გზაზე 12 წლის გოგოს დაეჯახა

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პოლიციელს, რომელიც ლისის გზაზე 12 წლის გოგოს დაეჯახა

პატრულის თანამშრომელს, რომელიც ლისის გზაზე 12 წლის მოზარდს დაეჯახა, ბრალი წარედგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. თბილისში, ბერიტაშვილის ქუჩაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს პატრულ ინსპექტორმა ი.ც.-მ ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა და მისი მართვის ქვეშ მყოფი საპატრულო პოლიციის ავტომანქანით, საავტომობილო გზაზე ქვეითად მოსიარულეს, 2008 წელს დაბადებულ მ.გ.-ს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანების გამო მ.გ. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

 

სამართალდამცველებმა ი.ც. 31 აგვისტოს დააკავეს. 01 სექტემბერს მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა.

 

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უახლოეს საათებში მიმართავს“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ავტორი: Prime Time

X