
გალ ჰარიშისთვის ბრალის წარდგენა 2008 წელს კეზერაშვილის მიერ გაფლანგულ 5 060 000 ევრო უკავშირდება, – ამის შესახებ პროკურორის, მიხეილ სადრაძის კომენტარს Imedinews-ი ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, 2008 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან 5 060 000 ევროს გაფლანგვის და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტი, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ჯერ კიდევ 2013 წელს გამოავლინა.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2008 წელს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის ბრძანების შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კომპანიათა ჯგუფს „Defensive shield Group”-ს და „Girwood business corp”-ს შორის, რომელთა დამფუძნებელს სხვა პირებთან ერთად გალ ჰირში წარმოადგენდა, გაფორმდა ხელშეკრულება წვრთნების სახით მომსახურების მიწოდებაზე.
ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კომპანიებს 5 060 000 ევრო გადაურიცხა, თუმცა გამოძიებით დადგინდა, რომ კომპანიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება საქართველოს სამხედრო ძალებისთვის არ გაუწევია.
ზემოაღნიშნულიდან ფაქტზე, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს – დავით კეზერაშვილს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს – ალექსანდრე ნინუას, წარედგინათ ბრალდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ფაქტზე.
დაგაინტერესებთ: გამოძიება ისრაელში, რომლის კვალი საქართველოსთან მოდის – საქმეში დავით კეზერაშვილი ფიგურირებს
ბრალდებულთა მიმართ სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო, რომლის განხილვა, ამ ეტაპზე, საქართველოს უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს.























