
2019 – მსოფლიოში მასობრივი პროტესტების წელია. საქართველოში ზაფხულის აქციები პოლიტიკური კრიზისის დასაწყისი იყო. უამრავი ხალხი გამოდიოდა ქუჩაში ჰონგ-კონგში, ბეირუთში, ჩილეში, ირანში, ერაყში, რუსეთსა და საფრანგეთში.
„პრაიმტაიმმა“ წლის შეჯამება გააკეთა და ყველაზე მასშტაბური და გამორჩეული პროტესტები გაიხსენა. გადავხედოთ მსოფლიო აქციებს და ვნახოთ, თუ რა გავლენა მოახდინა სახალხო პროტესტმა მსოფლიოს მმართველებზე.
ჰონგ-კონგი
ივნისში საპროტესტო აქციების ტალღამ ჰონგ-კონგი მოიცვა. ყველაფერი კანონპროექტის მიღების შემდეგ დაიწყო, რომლის მიხედვითაც ოფიციალური პეკინიდან გაქცეულების ექსტრადიციას მოეწერა ხელი. კანონპროექტი უკან სექტემბერში გაიწვიეს, მაგრამ თვეების შემდეგაც აქციის მონაწილეები ითხოვენ აბსოლუტურ დემოკრატიას და პოლიციელების მხრიდან ძალადობრივი ქმედებების გამოძიებას.
მიტინგები რეგულარულად ხდებოდა ქაოტური და ძალოვნები სასტიკად უსწორდებოდნენ აქციის მონაწილეებს. ძალადობის წინააღდეგ ჰონგ-კონგის ქუჩებში მილიონობით ადამიანი გამოვიდა. სიტუაცია ამჟამადაც არ დარეგულირებულა და ჰონგ-კონგი შიშობს, რომ ჩინეთი მას განსაკუთრებული ტერიტორიის სტატუსს ჩამოართმევს.
დაკავებულია 6 000-მდე ადამიანი და დაღუპულია – 2.

„არაბული გაზაფხულის შვილები“
ლიბანის სახალხო უკმაყოფილებას დასავლური მედია ჯერ კიდევ „არნახულს“ უწოდებს. ხალხი ქუჩაში გამოდის ერაყშიც, მიუხედავად იმისა, რომ აქციებს სასტიკად არბევს პოლიცია და მოკლულია ასობით აქტივისტი. ქაოსია ეგვიპტეში, ბეირთუში, ალჟირსა და სუდანშიც, სადაც საპროტესტო აქციები უკვე რამდენიმე თვეა არ წყდება.
ერაყსა და ლიბანში პროტესტს ლიდერი არ ჰყავს. ძირითადად ეს ახალგაზრდები, სტუდენტები არიან. ისინი სოციალურ ქსელებში ახდენენ ორგანიზებას და ეხმარებიან ერთმანეთს. ისინი უკმაყოფილონი არიან კორუფციით და უმუშევრობით და ამ ყველაფერში დაძველებულ სისტემას ადანაშაულებენ, რომელშიც თანამდებობების კვოტები რელიგიურ ჯგუფებს უნაწილდებათ და არა დამსახურების მიხედვით.
„ერაყიდან ბეირუთამდე – ერთი რევოლუციაა და ის არ მოკვდება“, – გაისმის სლოგანები.
როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, არაბული სამყაროს თითოეული ქვეყანა თავისებურად ბედნიერია, მაგრამ ერთნაირად უბედური: უთანასწორობა, სიღარიბე, ახალგაზრდების უმუშევრობა, კორუფცია, მმართველი ხელისუფლების მიმართ იმედგაცრუება, რომლებიც არასამართლიანად იყენებენ ქვეყნის რესურსებს.

ლათინური ამერიკა
ლათინურ ამერიკაში საპროტესტო აქციები ჩილედან დაიწყო, დედაქალაქ სანტიაგოში. ხელისუფლებამ მეტროს ღირებულების ფასი გაზარდა. ამის წინააღმდეგ არამხოლოდ დედაქალაქში, არამედ სხვა ქალაქებშიც გამოვიდნენ. ჩილეს მოსახლეობა შემოსავლების თანასწორობას, ჯანდაცვის გაუმჯობესებას და განათლებაზე მეტი თანხების გამოყოფას მოითხოვენ. აქციების დროს სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა.
იმავე მოთხოვნები აქვთ სხვა ლათინურ ქვეყნებს. პროტესტების ტალღამ გადაუარა ბოლივიას, ჰონდურასსა და ვენესუელას, სადაც მასობრივი პროტესტები მკვლელობებსა და ქაოსსში გადაიზარდა. მოსახლეობა ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს გადადგომას მოითხოვდა. ვენესუელაში სიტუაცია ახლაც არ არის დასტაბილურებული. მოსახლეობისა და უწყებების ნაწილი აღარ ემორჩილება მადუროს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებმა უკვე აღიარეს ახალი პრეზიდენტი ხუან გუაიდო.

ეკოაქტივისტები 150 ქვეყნიდან
მას შემდეგ, რაც შვედი სკოლის მოსწავლე გრეტა თუნბერგი ერთკაციან აქციებს მართავდა რამდენიმე თვის განმავლობაში, ის მთელი მსოფლიოს ყურადღების ქვეშ მოექცა. მალევე გრეტას გვერდით მილიონობით აქტივისტი დადგა. აქცია სახელწოდებით „პარასკევი მომავლისთვის“ დაახლოებით 150 ქვეყანაში ჩატარდა, მათ შორის საქართველოშიც. ეკოაქტივისტების მოთხოვნები წელს უფრო ხმამაღლა გაიგონეს ქვეყნების მმართველებმა.

საქართველო
ქუჩის აქციები თბილისში 2019 წლის, 20 ივნისს დაიწყო. ათასობით ადამიანის პროტესტის მიზეზი რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, სერგეი გავრილოვი გახდა, რომელიც თბილისში მართლმადიდებელთა საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეაზე დასასწრებად ჩამოვიდა.
საქართველოს მოქალაქეები გააღიზიანა იმ ფაქტმა, რომ ასამბლეა, რომელიც პარლამენტის შენობაში ტარდებოდა, რუსმა დეპუტატმა გახსნა. გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იჯდა და აუდიტორიას რუსულად მიმართავდა.
პარლამენტის შენობასთან ათასობით ადამიანი შეიკრიბა და იმავე ღამეს, სამართალდამცვლებმა ძალის გამოყენებით დაარბიეს აქტივისტები. გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები. 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან ორმა მხედველობა ნაწილობრივ დაკარგა.
დარბევის შემდეგ, მთელი 100 დღის განმავლობაში აქცია ყოველდღე იმართებოდა. აქტივისტებს სამი მთავარი მოთხოვნა ჰქონდათ: პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის გადაყენება და პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვა. ამათგან დღეს დღეისობით მხოლოდ ორი შესრულდა, თუმცა პროპორციული არჩევნების ჩატარებას, მმართველი გუნდის ლიდერი მოსახლეობას ზაფხულში დაჰპირდა. ამის გამო, საპროტესტო აქციები და პიკეტირებები საქართველოში გრძელდება.























