20:05 | 2021-06-21 ავტორი: თამარ გონგაძე

“პუტინი ჩვენთან არ მოვა, არც ჩვენ მივდივართ პუტინთან. მე რომ ჩემი ქვეყანა მიყვარს, ნეტა, ვინმე შემეჯიბროს” – ნანა ფაჩუაშვილი მოსკოვში გასტროლზე

“პუტინი ჩვენთან არ მოვა, არც ჩვენ მივდივართ პუტინთან. მე რომ ჩემი ქვეყანა მიყვარს, ნეტა, ვინმე შემეჯიბროს” – ნანა ფაჩუაშვილი მოსკოვში გასტროლზე

რუსთაველის თეატრის სპექტაკლი, რომლის ონლაინპრემიერაც შარშან შედგა, რამდენიმე ქვეყანამ იხილა. ეს არის ირლანდიელი მწერლისა და დრამატურგის, სემუელ ბეკეტის “თამაშის დასასრული”, რომელშიც დასის ოთხი მსახიობია დაკავებული. აბსურდის დრამის დიდოსტატის სტურუასეულმა გადაწყვეტამ, მოწონება დაიმსახურაო, ნანა ფაჩუაშვილი გვიყვება. შედეგად ის ჩეხოვის ფესტივალზე იქნა მიწვეული.

 

ამ ცნობილ, 30 წლიან თეატრალურ ფესტივალზე, რუსეთში, რუსთაველის თეატრი ძალზედ ხშირად ჩადის. ეს სიახლე არ არის. თუმცა ყოველ ჯერზე იწვევს აგრესიას და ვნებათაღელვას ის ფაქტი, რომ ქართველები რუსეთში სათამაშოდ მიდიან.

 

ნანუ ფაჩუაშვილი ერთ-ერთი იმ მსახიობთაგანია, ვინც ამ სპექტაკლში თამაშობს და თვის ბოლოს მოსკოვში მიემგზავრება. მსახიობი, “პრაიმტაიმის” მკითხველს, ამ თემის ირგვლივ თავის დამოკიდებულებაზე უყვება.

 

ნანა ფაჩუაშვილი: – ჩვენ მივდივართ მნიშვნელოვან საერთაშორისო ფესტივალზე და არა გასტროლზე რუსეთში. რუსეთი არის ტერიტორია, სადაც ეს საერთაშორისო ფესტივალი ტარდება. იქ ჩადიან მსოფლიოს ყველა ქვეყნის თეატრები… არ მესმის ხელოვნების დარგებმა, ან იგივე სპორტსმენებმა საერთაშორისო შეჯიბრებებსა და ფესტივალებში, არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა? იქ ჩამოდიან მსოფლიო დონის რეჟისორები, პროდიუსერები, არტისტები…

 

პუტინი ჩვენთან არ მოვა და არც ჩვენ მივდივართ პუტინთან. ჩვენს სანახავად მოვლენ უცხოელი, ძალზედ კომპეტენტური და მნიშვნელოვანი ადამიანები.

 

 

ჩვენი თეატრი ყოველთვის მონაწილეობს ჩეხოვის სახელობის ფესტივალში, რატომაც არა? განა ცუდია, როდესაც ჩვენს თეატრს აღიარებენ? იწერება კარგი რეცენზიები, გვაქვს მიწვევები… ეს საქართველოსთვის ცუდი ამბავია?

 

ბეკეტის “თამაშის დასასრული” ყველა კულტურულად მნიშვნელოვან ქვეყანაში დაიდგა. ახლა აინტერესებთ სტურუას დადგული ეს სპექტაკლი. ამიტომაც ვართ ამ ფესტივალზე მიწვეული.

 

სპექტაკლში ვთამაშობთ – მე, დათო უფლისაშვილი, ლევან ბერიკაშვილი და გოგა ბარბაქაძე.

 

მოკლედ, მე რომ ჩემი ქვეყანა მიყვარს და ჩემს საქმეს ვემსახურები, ნეტა, ვინმე შემეჯიბროს. რაც გაუკეთებია და რა წარმატებაც მოუპოვებია რუსთაველის თეატრს მსოფლიოს მასშტაბით, ის აღიარონ, ამ სულელურ პროტესტს კი არ სდიონ. ეს პროტესტი არ არის გამართლებული. ეს არის ხელოვნება. ჩვენ რუსეთში მივდივართ ფიზიკურად, ისე კი მივდივართ მსოფლიო დონის ფესტივალზე.

 

„საქართველო გაყიდეთ! დავით გარეჯი, აფხაზეთი...  და ახლა რუსთაველის თეატრს „უჩმახებთ“ - რობერტ სტურუა ოპონენტებს
2021-06-21„საქართველო გაყიდეთ! დავით გარეჯი, აფხაზეთი...  და ახლა რუსთაველის თეატრს „უჩმახებთ“ - რობერტ სტურუა ოპონენტებს

 

წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობას იღებენ შემდეგი ქვეყნების თეატრები: ესპანეთი, არგენტინა, საფრანგეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ისრაელი, იტალია, ინდოეთი, იაპონია და საქართველო.

 

რუსთაველის ეროვნული თეატრი 2021 წელს, ჩეხოვის სახელობის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე (მოსკოვი) წარადგენს რობერტ სტურუას სპექტაკლს „თამაშის დასასრული“.

 

სპექტაკლი წარმოდგენილი იქნება 30 ივნისს და 1, 2 ივლისს.

 

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X