19:40 | 2021-07-16 ავტორი: რუსა ღვანიძე

„ქაღალდი, რომელიც ადასტურებს, რომ ორჯერ ვარ აცრილი, აქ თავზე გადამახიეს“… – გოგი გვახარია კანის ფესტივალიდან

„ქაღალდი, რომელიც ადასტურებს, რომ ორჯერ ვარ აცრილი, აქ თავზე გადამახიეს“…  – გოგი გვახარია კანის ფესტივალიდან

ფესტივალის სასახლის შესასვლელთან, ახალგაზრდა ქალმა, ყურადღებით დამითვალიერა საბუთები, ყველა მხრიდან ატრიალა თავისი აპარატი, რომელიც QR კოდებს კითხულობს და ბოლოს გამომიცხადა: „პარდონ, მაგრამ ქართულ ასტრაზენეკას ჩვენი სისტემა არ კითხულობს”…- გოგი გვახარიას ბლოგი კანის კინოფესტივალიდან.

 

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, კინომცოდნე გიორგი (გოგი) გვახარია, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის გამო, კანის ფესტივალზე არ შეუშვეს. ვიდეოჩართვაში, რომელსაც „რადიო თავისუფლება“ აქვეყნებს, კინომცოდნე აცხადებს:

 

„დიახ, ჩემი საყვარელი „ასტრაზენეკას” აცრა, უფრო სწორად, ქაღალდი, რომელიც ადასტურებს, რომ ორჯერ ვარ აცრილი, აქ თავზე გადამახიეს – კოდს არ უჩვენებსო.

 

როცა ქაღალდი ვაჩვენე ბეჭდით, გაკვირვებული სახე მიიღეს. ეს იმას ნიშნავს, რომ კანის მთავარ სასახლეში ჩვენ ვერ შევძლებდით შესვლადსდა ვერც პატარა დარბაზში, სადაც განმეორებით აჩვენებენ საკონკურსო ფილმებს.

 

აქაც აკრძალულია ჩვენთვის შესვლა. აღარაფერს ვამბობ „სინოფარმით” აცრილენზე, „სინოფარმი” რა არის, საერთოდ არ იცოდნენ სასახლეში შემსვლელებმა, ამიტომაც გამოგვაბრუნეს და იძულებულები ვიყავით, თავიდან აგვეღო ტესტი”, _ ამბობს კინომცოდნე გიორგი გვახარია კანის კინოფესტივალიდან ვიდეო ჩართვაში.

 

„კანის კინოფესტივალზე მკაცრად იცავენ უსაფრთხოების ნორმებს. ჩემს კოლეგებს, იმათ, ვინც „სინოფარმით“ აიცრა, მაინცდამაინც არ სჯეროდათ, რომ ევროკავშირის საზღვარს გადაკვეთავდნენ, მიუხედავად ფესტივალის დირექციის ოფიციალური წერილისა, რომელიც კანში გამომგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე მივიღეთ. „ასტრაზენეკელები” საერთოდ არ ვფიქრობდით პრობლემებზე

 

– თბილისში გვარწმუნებდნენ, რომ ევროკავშირის მიერ აღიარებული ვაქცინები კანის ფესტივალზე გასამგზავრებლად ყველანაირ ბარიერს მოგვიხსნის!

 

საზღვარი წარმატებით გადავკვეთეთ. ამდენ საბუთს შორის, მგონი, მაკრონის წერილი გვაკლდა მხოლოდ. უბედნიერესი ვიყავი – ჩემმა „ასტრაზენეკამ” ევროპის კარი გამიხსნა. მაგრამ ეს სიხარული დროებითი აღმოჩნდა.

 

ფესტივალის სასახლის შესასვლელთან ახალგაზრდა ქალმა ყურადღებით დამითვალიერა საბუთები, ყველა მხრიდან ატრიალა თავისი აპარატი, რომელიც QR კოდებს კითხულობს და ბოლოს გამომიცხადა: “პარდონ, მაგრამ ქართულ ასტრაზენეკას ჩვენი სისტემა არ კითხულობსო”.

 

ამის მერე, გამიშვეს ტესტზე, რომელიც აქ 48 საათში ერთხელ უნდა ჩაიტარო, თუკი კანის ფესტივალის სასახლეში შეღწევის სურვილი გაქვს.

 

მოკლედ, მეგობრებო, ევროპაში აღიარებული ვაქცინებით აცრილებო, სანამ ევროპაში გაემგზავრებით კარგად გაარკვიეთ რას აჩვენებს კოდი, რომელიც დართულია თქვენ ე.წ. „კოვიდ ბარათზე”…

 

წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრანგეთში გამგზავრებას თუ აპირებთ, იცოდეთ, ქართული კოვიდბარათი კი არა, მაკრონის წერილიც კი არ გიშველით!“ – ამბობს გვახარია.

 

„არ იჯერებს ხალხი, ანტივაქსერებს უხარიათ, არადა ესაა რაცაა“ – წერს ვაქცინაციასთან დაკავშიებით გოგი გვახარია სოციალურ ქსელში.

ავტორი: რუსა ღვანიძე

X