
გუო ჯინგი კორონავირუსის ეპიცენტრად ქცეულ ქალაქ უხანში ცხოვრობს.
ჯინგი 23 იანვრის შემდეგ სრულ იზოლაციაში იმყოფება. ტრანსპორტი არ მოძრაობს, მაღაზიების უმეტესობა დახურულია და მთავრობა ხალხს ურჩევს სახლში დარჩნენ, რათა ვირუსის გავრცელება მაქსიმალურად შემცირდეს.
გუო ჯინგი 29 წლის სოციალური მუშაკია. გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში ის დღიურს აწარმოებდა, რომელიც მან BBC -ს მისცა.
„პრაიმტაიმი“ წერილის თარგმანს გთავაზობთ.
23 იანვარი – იზოლაციის დღე
არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, როდესაც პირველად იზოლაციის შესახებ შევიტყე. არ ვიცოდი რას ნიშნავდა, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა და როგორ უნდა მოვმზადებულიყავი ამისთვის.
ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდებოდა – ბევრი პაციენტის ჰოსპიტალიზაცია ვერ ხდება, რადგან საავადმყოფოებში საკმარისი ადგილები არ არის. სიცხიან პაციენტებს ნორმალურად ვერ უვლიან.
ბევრი ადამიანი ნიღაბს ატარებდა. მეგობრები მეუბნებოდნენ საკვების მარაგი მეყიდა. ბრინჯი თითქმის მთლიანად გამქრალი იყო მაღაზიებიდან.
ერთი კაცი დიდი რაოდენობით მარილს ყიდულობდა. გვერდზე მდგომმა ჰკითხა – რატომ ყიდულობ ასეთ დიდ რაოდენობას? მან კი უპასუხა: რა მოხდება მაშინ, თუ ეს ყველაფერი მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება ?!
აფთიაქში წავედი. გამყიდველების ძალიან მცირე რაოდენობა დამხვდა. ნიღბებისა და დეზინფექციის საშუალებების რაოდენობა ამოწურული იყო.
საკვების მომარაგების შემდეგ, ჯერ კიდევ შოკში ვიყავი. მანქანებისა და ადამიანების რაოდენობა სულ უფრო და უფრო მცირდებოდა. ქალაქმა უცბად შეწყვიტა სიცოცხლე.
როდის გაიღვიძებს ისევ ? 
24 იანვარი – ყველაზე ჩუმი ახალი წელი
სამყარო ჩუმადაა, სიჩუმე საზარელი ხდება. მარტო ვცხოვრობ. დერეფანში ადამიანების ნაბიჯების ხმის გაგებით ვხვდები, რომ აქ სხვებიც არიან.
ძალიან ბევრი დრო მაქვს იმაზე საფიქრელად, როგორ გადავრჩე. არანაირი რესურსი და კავშირები არ მაქვს.
მთავარი მიზანია ცუდად არ გავხდე. საკვები ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია, ამიტომ უნდა განვსაზღვრო მაქვს თუ არა საკმარისი რაოდენობა.
მთავრობას არ უთქვამს რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ყველაფერი. ხალხი ამბობს, რომ ეს ყველაფერი, შესაძლოა, მაისამდე გაგრძელდეს.
აფთიაქები დღეს დაკეტილი იყო, მაგრამ სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ კურიერებს საჭმელი მაინც დააქვთ.
მაღაზიებში ბრინჯი მცირე რაოდენობითაა, მაგრამ დღეს წავედი და ვიყიდე ხახვი, კვერცხი და სხვა საკვები.
სახლში დაბრუნებულმა ტანსაცმელები გავრეცხე. პირადი ჰიგიენა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია. ხელებს დღეს 20-30-ჯერ მაინც ვიბან.
გარეთ გასვლა მეხმარება მსოფლიოსთან კავშირი ვიგრძნო. არ ვიცი, როგორ იტანენ ამ ყველაფერს მოხუცები და შშმ პირები.
არ მინდა, რომ საჭიროზე მეტი საკვები მოვამზადო. ვახშმის შემდეგ ჩემს მეგობრებს ვიდეო ზარით ვესაუბრე. ზოგი უხანთან ახლოს ცხოვრობს, სხვები ამჯობინებენ უკან არ დაბრუნდნენ, რადგან ვირუსის ეშინიათ.
მეგობარმა ლაპარაკის დროს დაახველა – გავეხუმრეთ კიდეც.
საუბრის შემდეგ თითქოს ვიგრძენი , რომ ახლა შემეძლო მშვიდად და ბედნიერად დამეძინა, მაგრამ თვალებს ვხუჭავ თუ არა, ეგრევე ბოლო პერიოდში მომხდარი მოვლენები მახსენდება.
ცრემლები მომდის, უიმედოდ ვგრძნობ თავს, გაბრაზებული და მოწყენილი ვარ. სიკვდილზეც კი ვფიქრობ.
სასინანულოდ მაინც ბევრი არაფერი მაქვს – ჩემი სამსახური უაზროა, მაგრამ მაინც არ მინდა, რომ ჩემი ცხოვრება დამთავრდეს.
25 იანვარი – ჩინური ახალი წელი მარტო
დღეს ჩინური ახალი წელია. არასდროს მიყვარდა დღესასწაულები, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი უფრო უაზრო გახდა.
დილით, დაცემინების შემდეგ სისხლი წამომივიდა, შემეშინდა. ჩემი ტვინი უაზრო ფიქრმა მოიცვა. ძალიან შევწუხდი, მაგრამ სიცხე არ მქონდა და მადაც კარგი მქონდა. გარეთ გავედი.
ორი ნიღაბი მეკეთა. ადამიანები ამბობენ, რომ ეს უაზრო და მოსაწყენია, მაგრამ ვინაიდან ნიღბების ხარისხზე ვწუხვარ, ორ ნიღაბს ვიკეთებ ხოლმე. მგონია, ასე უფრო დაცული ვარ.
ყვავილების მაღაზია ღია იყო. გამყიდველმა ყვავილები ქრიზანთემებით ჩაანაცვლა (ხშირად დაკრძალვისთვის იყენებენ ამ ყვავილებს). მაგრამ არ ვიცი, იყო თუა რა ეს ერთგვარი ნიშანი.
სუპერმარკეტებში ბოსტნეულის თაროები ცარიელია და ცომის გუფთები არ იშოვება. ყოველ ჯერზე ვცდილობ რაც შეიძლება მეტი საჭმელი ვიყიდო. 2,5 კილოგრამი ბრინჯი ვიყიდე მიუხედავად იმისა, რომ სახლში 7 კილოგრამი მქონდა.
ერთი თვის საკმარისი საკვები მაქვს. მდინარეზე სასეირნოდ წავედი. იქ ადამიანები თავიანთ ძაღლებს ასეირნებდნენ. ადრე ამ გზაზე არასდროს გამივლია, მაგრამ ახლა მეგონა, რომ ჩემი სამყარო ცოტათი გაფართოდა.
26 იანვარი – გააგონე შენი ხმა!
მხოლოდ ქალაქი არ ჩაკეტილა, ადამიანების ხმები არსად ისმოდა. იზოლაციის პირველ დღეს ინტერნეტში, ცენზურის გამო, არაფრის დაწერა არ შემეძლო. არც „WeChat“- ში.
ეს ყველაზე საშინელი შეგრძნება იყო.
როდესაც შენი ცხოვრება თავდაყირა დგება, შენი მიზანია ყველაფერი თავიდან ააშენო. სახლიდან გავედი, დავითვალე რამდენ ადამიანს შევხვდი – სულ 8 იყვნენ.
სახლში წასვლა არ მინდოდა. მინდოდა უფრო მეტი აღმომეჩინა. 2 თვეა, რაც უხანში გადმოვედი. აქ ბევრი მეგობარი არ მყავს და ქალაქსაც კარგად არ ვიცნობ.
საბოლოო ჯამში დღეს 100 ადამიანი ვნახე. მინდა ყველა იმედიანად დარჩეს. მეგობრებო, იმედია კვლავ ვნახავთ ერთმანეთს.
8 საათზე ადამიანების ხმა გავიგონე. ისინი ფანჯრებიდან ყვიროდნენ -„ დარჩი ძლიერი, უხან“. 
28 იანვარი – მზის შუქი
ადამიანების უმეტესობა ნიღბებს ატარებს. ზოგ მათგანს არ უკეთია. არ ვიცი რატომ არ ატარებენ. შესაძლოა, ყიდვა ვერ მოახერხეს.
ძალიან ბევრი გზაა იმისთვის, რომ მთავრობამ ხალხს სახლში დარჩენის მოტივაცია მისცეს. უნდა იყვნენ დარწმუნებულები იმაში, რომ ყველა ადამიანს საკმარისი ნიღაბი აქვს ან თანხა მისცენ ადამიანებს რომ სახლში დარჩნენ.
დღეს მზემ გამოანათა – ჩემი ხასიათიც შეიცვალა. ბევრად მეტი ადამიანი ვნახე. არ არის მარტივი ამ ყველაფრის მერე ადამიანების ნდობა გქონდეს. ქალაქი ძალიან დამძიმებულია.
იმისთვის, რომ ნდობა დაბრუნდეს, აუცილებელია ადამიანებმა საჭიროება იგრძნონ და თავისი დანიშნულება მოძებნონ.
ამ ეულ ქალაქში, მე ვცდილობ ჩემი როლი ვიპოვო!






















