
55 წლის მარნეულელი ქალი, რომელსაც კორონავირუსი დღეს დილას დაუდგინდა, მარნეულის სოფელ კირაჩ მუღანლოში ცხოვრობს.
ინფიცირებული ქალის ოჯახი უკვე თვითიზოლაციაშია.
გაურკვეველია, არის თუ არა შემთხვევა შიდაგადადება.
„პრაიმტაიმმა“ გაარკვია, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული ქალი ვაჭრობდა და აზერბაიჯანის საზღვარს ხშირად კვეთდა. როგორც თანასოფლელებისგან გავიგეთ საზღვარი მან სავარაუდოდ 12 მარტს გადაკვეთა.
რაც შეეხება კლასტერს, არის ვარაუდი, რომ იგი შესაძლოა მარნეულში პირველი დაინფიცირებული 62 წლის ქალის კონტაქტია, რომელსაც კორონავირუსი 22 მარტს დაუდგინდა და ამის გამო, 23 მარტს, მარნეული და ბოლნისი საკარანტინე ზონად გამოცხადდა.
ამ დრომდე სოფელ კირაჩ მუღანლოში ეპიდემიოლოგები 55 წლის დაინფიცირებული ქალის კონტაქტებს არკვევენ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 188 ადამიანს დაუდასტურდა.
აქედან 39 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
ავტორი: მარიამ ქველაძე






















