00:02 | 2020-09-11 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ქალთა სახეები „ქართულ ოცნებაში“ – ვინ არიან და რომელი უწყებიდან შეუერთდნენ სიის ოცეულს

ქალთა სახეები „ქართულ ოცნებაში“ – ვინ არიან და რომელი უწყებიდან შეუერთდნენ სიის ოცეულს

ქართული ოცნების საპარლამენტო სიის ოცეულში ხუთი ქალია. მათგან მე-4 ნომრად ქართული ოცნების მმართველობის უცვლელი კადრი – იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანია. ის მინისტრის სავარძელს 2012 წლიდან დღემდე იკავებს.

 

მინისტრის ბიოგრაფია ასე გამოიყურება: 

 

თეა წულუკიანი თბილისში დაიბადა. 1992 წელს დაამთავრა ლიონის ამპერის სახელობის ლიცეუმი, საფრანგეთში. შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე და დაამთავრა 1997 წელს. 2000 წელს საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლაში (ENA) საჯარო ადმინისტრაციაში (MPA) დაიცვა მაგისტრის ხარისხი.

 

2000-2010 წლებში მუშაობდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში სხვადასხვა თანამდებობაზე.

 

2010 წლის 15 მაისს თეა წულუკიანი შეუერთდა პოლიტიკურ პარტიას „ჩვენი საქართველო — თავისუფალი დემოკრატებს“, როგორც პარტიის თავმჯდომარის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დარგში და მოგვიანებით, პარტიის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა.

 

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ბიძინა ივანიშვილი − ქართული ოცნებიდან“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა. იმავე წლის 25 ოქტომბრიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრად დაინიშნა.

 

მინისტრის ოჯახი 

 

თეა წულუკიანს ჰყავს მეუღლე და ერთი ქალიშვილი – მერიკო. მინისტრის ქმარი სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სას­წავ­ლო ცენ­ტრის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი ნუგ­ზარ კა­კუ­ლი­აა. იგი სას­წავ­ლო ცენ­ტრს 2014 წლის 3 ნო­ემ­ბრი­დან 2016 წლის 12 სექ­ტემ­ბრამ­დე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

 

მე-8 ნომრად დასახელებული მარიამ ქვრივიშვილი

 

ქართული ოცნების სიის მე-8 ნომრად მარიამ ქვრივიშვილია წარმოდგენილი. ის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელია. 30 წლის მარიამ ქვრივიშვილს ჰყავს მეუღლე – ოთარ ბერიშვილი, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილია.

 

მარიამ ბითაძე N10

 

ოცეულის რიგით მეათე წევრი მაია ბითაძე თბილის მერის მოადგილეა, ჰყავს მეუღლე – გიორგი ზაბახიძე და ორი შვილი: ჯემალ და ალექსანდრე ზაბახიძეები.

 

პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატის მეუღლე „ფრონტერა ისტერნ ჯორჯია“-ს აღმასრულებელი დირექტორი იყო. თავად მაია ბითაძე თსუ-ს სამართლის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორია.

 

იურისტ მაია ბითაძეს გამოქვეყნებული აქვს 12 პუბლიკაცია საერთაშორისო გარემოს დაცვისა და ადამიანის ეკოლოგიური უფლებების დაცვის სფეროში.

 

წინა ხელისუფლების დროს, ის პარლამენტში მუშაობდა. 2007-2011 წლებში საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატის მთავარი სპეციალისტი – იურისტი გახლდათ.

 

თბილისის მერის მოადგილის თანამდებობის დაკავებამდე მაია ბითაძე 2014-2017 წლებში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში მუშაობდა და ეკავა მინისტრის მოადგილის პოზიცია.

 

2015-დღემდე – გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია, ორჰუსის კონვენციის მხარეთა შეხვედრის ბიუროს ორგზის არჩეული თავმჯდომარეა.

 

2011-2014 – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში იურიდიული დეპარტამენტის უფროსი იყო.

 

2012-დღემდე – ასოცირებული პროფესორი, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,

 

დიპლომატი ქალი 14 ნომრად

 

ქართული ოცნების ოცეულში მე-14 ადგილი მაკა ბოჭორიშვილს უკავია. ის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია – ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოში და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი.

 

დიპლომატ ქალს ჰყავს ერთი შვილი – 19 წლის ნინო რამიშვილი.

 

ოცეულში მდედრობითი სქესის უკანასკნელი წარმომადგენელი ლიდერი ქალის ჯილდოს მფლობელია

 

ქართული ოცნების საპარლამენტო სიის მეხუთე ქალი 19 ნომრით მარიამ ლაშხია. ის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეა.

 

მარიამ ლაშხს ინოვაციების, რეფორმების განხორციელებისა და სახელმწიფოში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მიღებული აქვს ლიდერი ქალის ჯილდო.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მარიამ ლაშხი მეწარმეობის კურსის ლექტორია.

 

ლიდერი ქალის ჯილდოს მფლობელ პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატს ჰყავს მეუღლე – ალექსანდრე ნეფარიძეა, რომელიც თიბისი ბანკში საკრედიტო ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობდა.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X