16:07 | 2020-04-10 ავტორი: Prime Time

ქალური გარჩევები გუდაუთაში – გარდაცვლილი პატიმრის მეგობარმა ქალმა ცოლს ესროლა

ქალური გარჩევები გუდაუთაში –  გარდაცვლილი პატიმრის მეგობარმა ქალმა ცოლს ესროლა

„7 აპრილს, გუდაუთის ბაზარში, „კალაჩის“ მოპირდაპირედ მდებარე კოსმეტიკურ მაღაზიასთან ასტამურ ძიძარიას ცოლს თავს დაესხა ახალგაზრდა ქალი, რომელმაც ქვრივს რამდენჯერმე ესროლა და ადგილიდან მიიმალა“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში გუდაუთის მკვიდრი, რომელიც ირწმუნება, რომ ამ ფაქტს თვითონ შეესწრო.

 

წინა ისტორია

 

2020 წლის 4 თებერვალს, გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნის მკვიდრი, ასტამურ ძიძარია სოფელ დრანდაში განთავსებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორში მოკლეს.

 

ის დიმიტრი ოზგანის (დიმიტრი ოზგანი გახლდათ პარტია „ერთიანი აფხაზეთის“ ყოფილი მდივნის, ირინა დოჩის, ერთ-ერთი სავარაუდო გამტაცებელი) მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.

 

გარდა ამისა, ძიძარიას ბრალი ედებოდა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენის საქმეში.

 

„ძიძარიას გვამის გამოკვლევამ გამოავლინა მრავლობითი ჭრილობა სხეულის სხვადასხვა არეში. მიღებულია ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები იმ პირის იდენტიფიცირებისთვის, ვინც ჩაიდინა ეს დანაშაული”, – ნათქვამია ე.წ. აფხაზური პროკურატურის მოხსენებაში.

 

გატაცების საქმეში ბრალდებულები არიან გენადი ბლაბი, არდენ ჭანტურია, ჯუმბერ ავიძბა, ალხას ძიძარია. საქმის მასალების მიხედვით, ასტამურ ძიძარიას თანამზრახველი, დიმიტრი ოზგანის მკვლელობაში, არის ალხას ძიძარია.

 

იყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ძიძარიას განაჩენი უნდა გამოცხადებულიყო 13 თებერვალს.

 

 

თვითმხილველის ნაამბობი

 

„მესამე დღეა, პროკურატურა არ აღძრავს სისხლის სამართლის საქმეს. ძიძარიაზე თავდასხმისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე.

 

სროლა იყო გუდაუთის ბაზარში, რომელიც ახლა არ მუშაობს, მაგრამ მუშაობენ იქ განთავსებული დიდი სავაჭრო ობიექტები.

 

ყველამ ყველაფერი იცის, შინაგან საქმეთა მინისტრი თავად იყო მისული სროლის ადგილზე, მაგრამ აშკარად მალავენ ამ ფაქტს და არ ახმაურებენ. 

 

თავდამსხმელიც ქალი იყო და ვინც იცნობდა, მან თქვა, რომ ისინი ადრე მეგობრები იყვნენ და გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი – აგრა, ძიძარიას საყვარელი იყო და ქალებმა მიცვალებული ვერ გაიყვეს. მაგრამ საინტერესო ის არის, ვის სჭირდება ამ ფაქტის დამალვა.

 

კიდევ რა იმალება ამ ისტორიის მიღმა? ქალური გარჩევა ერთია, მაგრამ თავდასხმა, მკვლელობის მცდელობა და იარაღის ტარება – მეორე.

 

ეს ხომ სისხლის სამართლის დანაშაულია და არა – ხულიგნობის ფაქტი, როცა ქალები ერთმანეთს თმით ითრევენ.

 

სისხლის სამართლის საქმის აღძვრისთვის 3-დღიანი ლოდინია საჭირო? იქ ყველგან კამერებია და ფაქტი დაფიქსირებულია, არსებობენ თვითმხილველებიც.

 

ქინძი რომ მოიპარო ბაზარში, დაგიჭერენ სტატისტიკისთვის და აქ შინაგან საქმეთა მინისტრი პირადად მოვიდა. საყოფაცხოვრებო საქმეების გამოსაძიებლად მინისტრები არ დადიან.

 

როცა გუდაუთის ცენტრში ყუმბარა ჩამოაგდეს, მაშინ არ მოსულა მინისტრი. აქ რაღაც სერიოზული ჩანს, მაგრამ სისხლის სამართლის საქმე არ არის და არც საინფორმაციო საშუალებები ლაპარაკობენ ამის შესახებ“, – გვითხრა წყარომ.

 

ფოტოზე: ასტამურ ძიძარია

ავტორი: Prime Time

X