
„პრაიმტაიმი“ გაგაცნობთ ქართველ მხატვარს, თამარ მაღლაფერიძე-დადეშქელიანს, რომელიც ქართული ღვინით უნიკალურ ნახატებს ქმნის.
პანდემიის დასრულების შემდეგ კი ჩვენს მკითხველს, ექნება საშუალება ეს უნიკალური ნახატები თავად ნახოს.
– თამარ, რომ გვითხრა რამდენი ხანია რაც ამ სფეროთი ხარ დაკავებული? და ზოგადად რა არის შენთვის ხატვა?
როგორც მოგეხსენებათ ვარ მხატვარი, ძირითადად ვმუშაობ ფერწერის მიმართულებით.
იმ პერიოდიდან ვხატავ რაც თავი მახსოვს.
ეს პროცესი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რომელიც მუდმივად პროგრესირებს სხვადასხვა მიმართულებით – იქნება ეს ღვინით ხატვა, კინო-მხატვრობა, ტელეგადაცემები თუ სხვა.
– როდის გაჩნდა იდეა ღვინით ნახატებით შექმნაზე?
ბოლო რამდენიმე წელია რაც ქართული ღვინით დავიწყე ხატვა. პირველივე დღიდან აქტიურად მეხმარებოდა ჩემი მეგობარი, რომელიც ღვინის ინდუსტრიაში („ასოციაცია ქართული ღვინო“) მოღვაწეობს. მათი მხარდაჭერით საფუძველი ჩაეყარა ახალ მიმართულებას – ქართული ღვინით ხატვის პროცესს.

ჩემი შექმნილი ნამუშევრები არაერთი მეღვინისა თუ კოლექციონერის პირადი კოლექციაში ინახება, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
წახალისებისა და მხარდაჭერისთვის დიდი მადლობას ვუხდი „ასოციაცია ქართულ ღვინოს“.
– ქართული ღვინით ქმნი ნახატებს, შექმნის დროს იყენებ თუ არა რაიმე სხვა სახის საღებავებს?
არა, რა თქმა უნდა. სახატავად ვიყენებ მხოლოდ საქართველოში დაყენებულ სხვადასხვა სახეობის ღვინოს, რომლის უნიკალურობა თვალსაჩინოდ აისახება ნამუშევრების ფერთა გამაზე და მათ განსაკუთრებულ მომხიბვლელობას ანიჭებს.

ნამუშევრების თემატიკა ქართული ღვინის რვა ათასწლოვან კულტურასთან გახლავთ დაკავშირებული.
– რამდენად შრომატევადია ეს საქმე?
ღვინით ხატვა ექსპერიმენტული და შრომატევადი პროცესია, ყველა ნამუშევარი თითქოს იდენტურია, თუმცა მაინც განსხვავებული.
თავად პროცესი იმდენად დიდ სიამოვნებას მანიჭებს, რომ დროის ფაქტორი უკანა პლანზე იწევს.
– პანდემიის დასრულების შემდეგ თუ ექნება „პრაიმტაიმის“ მკითხველს საშუალება, რომ თქვენი ღვინით შექმნილი ნახატები იხილოს?
რა თქმა უნდა. საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ დაგეგმილი იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელთა განხორციელებასაც კორონავირუსის პანდემიამ დროებით შეუშალა ხელი.

ვიმედოვნებ, რომ მისი დასრულების შემდეგ ჩვენი ყოველდღიურობა ჩვეულ რიტმში დაბრუნდება და კვლავ გავაგრძელებ ღვინით ხატვის მასტერკლასებს „შატო მუხრანში“ და ა.შ.
ამ ეტაპზე გამოფენის გახსნის ზუსტი თარიღის დასახელება გამიჭირდება, თუმცა ახალ ნამუშევრებს აუცილებლად წარვუდგენ როგორც „პრაიმტაიმის“ მკითხველს, ისე ამ სფეროთი დაინტერესებულ პირებს.


























