
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს მიერ საპარლამენტო არჩევნების დროს მიღებული ხმების ნაწილი, ნამდვილად არის პერსონალურად გიორგი გახარიას მიმართ არსებული მოსახლეობის ნდობისა და მისი მაღალი რეპუტაციის დამსახურება“ – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს და IRI-ის 5 აპრილს გამოქვეყნებული კვლევიდან პოლიტიკოსთა რეიტინგებს ეხმაურება.
„კვლევა ჩატარდა 2-26 თებერვლის პერიოდში, მათ შორის ინტერვიუების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩატარებულია იმ დროს, როდესაც გიორგი გახარია უკვე გადამდგარი იყო პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან.
ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს მიერ საპარლამენტო არჩევნების დროს მიღებული ხმების ნაწილი, ნამდვილად არის პერსონალურად გიორგი გახარიას მიმართ არსებული მოსახლეობის ნდობისა და მისი მაღალი რეპუტაციის დამსახურება (ცნობისთვის, კვლევაში ქართული ოცნების რეიტინგს თითქმის 2-ჯერ უსწრებს გიორგი გახარიას რეიტინგი)”, – წერს სიჭინავა.
სიჭინავა პოსტს დაურთო „ქართული ოცნების“ წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ მოსახლეობა მხარს უჭერს იდეებს და არა „ცალკეულ პირებს ქართულ ოცნებაში“.






















