21:54 | 2020-04-21 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ქართულმა მიწამ მიიბარა ბავშვივით გულწრფელი, გამოჩენილი ხელოვანი – ილია მეორე რეზო ესაძის ოჯახს უსამძიმრებს

ქართულმა მიწამ მიიბარა ბავშვივით გულწრფელი, გამოჩენილი ხელოვანი – ილია მეორე რეზო ესაძის ოჯახს უსამძიმრებს

„დღეს ქართულმა მიწამ მიიბარა ბავშვივით გულწრფელი, გამოჩენილი ხელოვანი, დიდი პატრიოტი, ღვთისა და მოყვასის ერთგული, რეზო ესაძე“, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს წერილშია ნათქვამი, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

 

„ბატონ, რეზო ესაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

 

დღეს ქართულმა მიწამ მიიბარა ბავშვივით გულწრფელი, გამოჩენილი ხელოვანი, დიდი პატრიოტი, ღვთისა და მოყვასის ერთგული, ბატონი რეზო ესაძე. აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ მშვიდობა.

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი “, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

შეგახსენებთ, რომ რეჟისორი რეზო ესაძე 18 აპრილს 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

რეზო ესაძე 1934 წლის 18 თებერვალს დაიბადა. იყო ღირსების ორდენის კავალერი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი, რესპუბლიკური, საკავშირო და საერთაშორისო ფესტივალების პრიზის, კემბრიჯისა და ვაშინგტონის საერთაშორისო კატალოგების საპატიო ორდენის მფლობელია, ასევე საქართველოსა და რუსეთის მხატვართა და კინემატოგრაფისტთა კავშირების წევრი.

 

გადაღებული აქვს 11 ფილმი: „ჭერი ანუ დაუმთავრებელი ფილმის მასალა“; „ნეილონის ნაძვის ხე“ „საქორწილო საჩუქარი“; „წისქვილი ქალაქის გარეუბანში“; „ერთი ნახვით შეყვარება“ „წკიპურტები“; „ყოველ შაბათს“ ; „წამმზომი“; „ოთხი ფურცელი“; „ფრო“; „ერთხელ“.

 

რეზო ესაძეს შესრულებული აქვს მთავარი და ეპიზოდური როლები სხვადასხვა ავტორის ფილმებში.

 

რეზო ესაძის პერსონალურ გამოფენებს სხვადასხვა დროს მასპინძლობდა თბილისი, მიუნხენი, ჟენევა, თელ–ავივი. მისი ნამუშევრები ინახება პირად და სამუზეუმო კოლექციებში. 1975 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 2001 წელს გამოაქვეყნა ლექსების პირველი კრებული.

 

საქართველოს პირველი არხის ეთერში 18 თებერვალს მისი ბოლო ფილმის, „თვე, როგორც ერთი დღე“ ტელეპრემიერა შედგა. ფილმი რეჟისორმა 2016 წელს, 82 წლის ასაკში გადაიღო.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X