
„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ შვეიცარიაში ქართველი ჩვილი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას იქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, თამარ რაზმაძე გვაწვდის.
მისი თქმით, ქართველ ცოლ-ქმარს და მათ უფროს შვილს კორონავირუსზე ანალიზს არ უკეთებენ, რადგან ჯერჯერობით სიმპტომები გამოვლენილი არ აქვთ, ხოლო მათ უმცროს შვილს – ერთი თვის ჩვილს ვირუსული ინფექცია უკვე დაუდგინდა და დაავადება პროგრესირებს.
„გულგერაში ლტოლვილთა ბანაკში მცხოვრები ქართველების ოჯახი მძიმე მდგომარეობაში არიან. ცოლ-ქმარს და უფროს ბავშვს, 12 წლის ბიჭს ანალიზს კორონავირუსზე არ უკეთებენ, რადგან ჯერ სიმპტომები არ აღენიშნებათ, მაგრამ ერთი თვის ბავშვს, რომელიც აქ დაიბადა, ტესტი გაუკეთეს და სამწუხაროდ, ის ინფიცირებულია. ჩვილის მდგომარეობა მძიმეა.
მშობლები ძალიან შეშინებულები არიან, ხმამაღლა ვერაფერს ითხოვენ, რადგან დეპორტაციის ეშინიათ. საქართველოდან გაუსაძლის სიღატაკეს გამოექცნენ, აქ კი – ფიზიკური გადარჩენისთვის იბრძვიან.
მე მათ კლინიკაში შევხვდი, არც ენა იციან და ექიმს ვუთარგმნიდი. მხოლოდ 1 ღამით გააჩერებენ კლინიკაში დედას და ჩვილს.
მამას და მოზრდილ შვილს გაუშვებენ ისევ ლტოლვილთა ბანაკში. ბანაკში ყველას აქვს ხველა და სიცხე. ექიმი 10 წთ-ზე მეტს არ უთმობს პაციენტებს, არ გადაგვედოსო.
ქართველმა ოჯახმა იკითხა, როგორ გვიმკურნალებთო და უპასუხეს – არანაირად! არ არსებობს ამის მკურნალობა, ჩვეულებრივი გრიპის წამლებს მოგცემთო. ახლა, მათ მდგომარეობას ვეღარც მე ვიღებ, რადგან ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა.“ – ამბობს ემიგრანტი შვეიცარიიდან.
„პრაიმტაიმი“ ვითარებაში გასარკვევად საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, მათთვის ამ საკითხზე არავის მიუმართავს.
დამატებითი პირადი ინფორმაციის გარკვევის შემთხვევაში, საქართველოს საელჩო შვეიცარიაში ოჯახს დაეხმარება.
„ჩვენთვის ამ საკითხზე არავის მოუმართავს. თუ დამატებით პერსონალურ ინფორმაციას მოგვაწვდიან, საქართველოს საელჩოს შვეიცარიაში გადაეგზავნება და ყველაფერს იღონებენ, რაც შესაძლებელია“ – განმარტავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.






















