12:12 | 2020-03-02 ავტორი: Prime Time

ქართველი კაცები ცოლების ერთგულებას სიცრუის დეტექტორზე ამოწმებენ – პოლიგრაფების გულახდილი ინტერვიუ

ქართველი კაცები ცოლების ერთგულებას სიცრუის დეტექტორზე ამოწმებენ – პოლიგრაფების გულახდილი ინტერვიუ

სიცრუის დეტექტორი საქართველოში ახალი ხილია და ბევრმა არც კი იცის, რომ არსებობს საშუალება, სიმართლე მარტივად დაადგინო.

 

პრაიმტაიმთან“ საუბრისას, სიცრუის დეტექტორის ცენტრის დამფუძნებლებმა და პოლიგრაფოლოგებმა, ნინო ბერელაშვილმა და პაატა ხვედელიძემ თქვეს, რომ ისინი 2014 წლიდან აქტიურად იყენებენ პრაქტიკაში პოლიგრაფს.

 

აღმოჩნდა, რომ სიცრუის დეტექტორზე მუშაობას სპეციფიკური განათლება არ სჭირდება და სპეციალური კურსის გავლის შემდეგ ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია, აითვისოს.

 

პაატა ხვედელიძე:

 

– ძირითადად კორპორაციები გვიკვეთენ თანამშრომლების ტესტირებას. ძალზე გავრცელებულია კომერციული შპიონაჟი. მოგეხსენებათ, რომ ინფორმაცია ნიშნავს სიძლიერეს. კომპანიებს აქვთ თავისი კლიენტების უზარმაზარი ბაზები, თითქმის 8 ტერაბაიტის ტევადობის ფაილები და ამას რომ ვინმე მოიპარავს, დიდი ზარალია. შესაძლოა, ეს კომპანია ფეხზეც ვეღარ დადგეს, რადგან ეს ინფორმაცია ამ ფირმების ძირითადი შემოსავლის წყარო გახლავთ. არსებობს ორგანიზაციები, რომლის თანამშრომლებსაც უზარმაზარ თანხებთან აქვთ შეხება. ამ დროს ნებისმიერი გადაცდომა კომპანიას დიდ ზარალს აყენებს. შესაძლოა, ეს გადაცდომა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავდეს, მაგრამ ბევრს არ უნდა ამის გარეთ გატანა და ურჩევნია, თავად, შიგნითვე მოაგვაროს. ასეთ შემთხვევაში სიცრუის დეტექტორზე პოლიგრაფოლოგი ადგენს ადამიანის კეთილსინდისიერებას.

 

ჩვენ მიერ გაცემულ დოკუმენტს, რა თქმა უნდა, არა აქვს იურიდიული ძალა და არც შეიძლება ჰქონდეს, რადგან საქართველოს კანონმდებლობა მტკიცებულების სახით სიცრუის დეტექტორზე მიღებულ შედეგს არ ითვალისწინებს, მაგრამ მთლიანობაში ამ შედეგს აქვს საინფორმაციო ხასიათი. დეტექტორი იძლევა 100%-იან სწორ პასუხს.

 

სისხლის სამართლის პროცესი ითვალისწინებს, რომ მოსამართლემ თავისი შინაგანი რწმენით გადაწყვიტოს ბრალდებულის ბედი და სულაც არ არის გამორიცხული, რომ ჩვენმა დასკვნამ გარკვეული ზემოქმედება მოახდინოს მის შინაგან რწმენაზე. განსაკუთრებით – ნაფიც მსაჯულებზე.

 

ჩვენ ადვოკატებს შევთავაზეთ, მძიმე საქმეზე ეჭვმიტანილს გაევლო სიცრუის დეტექტორზე. ადვოკატებს გაუხარდათ კიდეც, მაგრამ ბრალდებულებმა თავად არ ისურვეს. ალბათ იმიტომ, რომ არ ჰქონდათ იმედი, რომ თავის სასარგებლოდ გაივლიდნენ ტესტირებას.

 

სიცრუის დეტექტორზე ტესტის გავლა არის ნებაყოფლობითი და არავის შეუძლია, ადამიანს დააძალოს. კომპანია როდესაც თანამშრომელს ამოწმებს, ამ შემთხვევაში ზოგიერთი ამბობს, რომ თავს გრძნობს შეურაცხყოფილად და გასაგებიცაა. ტესტირებაზე უარი ხშირად სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პირი დამნაშავეა. თუმცა, მის მიმართ ეჭვები რომ გაიფანტოს, ალბათ მაინც ჯობია, რომ ტესტი გაიაროს.

 

– ბუნებრივია, დეტექტორზე მიერთებული ადამიანი ღელავს. ამ მღელვარების ფონზე როგორ ახერხებთ ტყუილისა და სიმართლის განსაზღვრას?

 

– ყველა ღელავს და ასეც უნდა იყოს. მღელვარების ფონი მუდმივად ახლავს თან ამ პროცესს. მე და ჩემი პარტნიორი როდესაც ახალ ინფორმაციას ან კითხვების დასმის ახალ მეთოდს ვსწავლობთ, ერთმანეთს გამოვცდით ხოლმე და მაშინაც კი ვღელავთ და სულ ვამბობთ, რომ ეს ძალიან მღელვარე პროცესია და ადამიანისთვის, რომელსაც შეხება არ ჰქონია სიცრუის დეტექტორთან, წარმოიდგინეთ, რა იქნება. ტესტირების დროს ნეიტრალური, საკონტროლო და მნიშვნელოვანი კითხვები ენაცვლება ერთმანეთს.

 

ჯერ ხდება პრეტესტი, რითაც ვადგენთ, შეიძლება თუ არა იმ დღეს ტესტის ჩატარება. პრეტესტის დროს ადამიანი უნდა დარწმუნდეს, რომ დეტექტორის პასუხები არის მართალი და სანდო. მაგალითად, ჩაიფიქრებს რიცხვს ან ბანქოს და ჩვენ გამოვიცნობთ, რა ჩაიფიქრა.

 

ნებისმიერი ტყუილი ადამიანისთვის არის ისეთივე სტრესი, როგორიცაა ხანძარი, მიწისძვრა ან სხვა სტიქიები.  ტყუილის თქმის დროს ორგანიზმში გამომუშავდება ადრენალინი, რომელიც პერიფერიული სისხლძარღვებიდან სისხლს მაქსიმალურად გადაქაჩავს ტვინის იმ უბანში, რომელიც ტყუილის ვიზუალიზაციაზეა პასუხისმგებელი ანუ რაც არ მომხდარა, იმ ფაქტის ვიზუალიზაცია ხდება. ეს ხდება ქვეცნობიერ დონეზე და ისე სწრაფად, რომ ადამიანი გააზრებას ვერ ასწრებს. ადრენალინი გადარჩენის ჰორმონია და ამ პროცესში აქტიურად გამომუშავდება. სწორედ ამ პროცესებს ვხედავთ ჩვენ. მთავარია, კითხვები იყოს სწორად შერჩეული და დასმული.

 

ნინო ბერელაშვილი:

 

– წარმოიდგინეთ, რომ კომპანიაში დაიკარგა რაღაც ნივთი. ნეიტრალური კითხვაა – „ამა და ამ კომპანიაში თქვენ ერთ წელზე მეტია, მუშაობთ?“ კითხვის დასმისას ზმნა აუცილებლად ბოლოში უნდა იყოს, რადგან ის იწყებს რეაქციას ტვინში. ამ დროს დაიწყება მღელვარება და ეს არის ფონი. შემდეგ საკონტროლო შეკითხვა მოჰყვება: „ამა და ამ დღეს კომპანიიდან დაიკარგა ნივთი. საქმის კურსში ხართ?“ ამ დროს მღელვარება აღწევს პიკს. შემდეგ მოდის მთავარი კითხვა – „ეს ნივთი თქვენ მოიპარეთ?“ საკონტროლო კითხვის რეაქციის ფონი თუ უფრო მაღალი იქნება, ვიდრე მთავარი კითხვის, ის ადამიანი დამნაშავე არ არის. კითხვების დასმა ხდება რამოდენიმეჯერ. ამავე დროს, ადამიანს უნდა ჰქონდეს გააზრებული, რა განსხვავებაა ნივთის მოპარვასა და აღებას შორის. მაგალითს მოგიყვანთ: მაგალითად, ინკასატორი დღის განმავლობაში დაატარებს უზარმაზარ თანხას, დავუშვათ, 100 000 ლარს. ამ თანხას ხელით ეხება და ისე გადააქვს. ამ დროს ხელფასი აქვს 600 ლარი. ამ ადამიანში მიდის კოგნიტური დისონანსი. ერთი მხრივ იცის, რომ ამ თანხის მოპარვა არის დანაშაული, მაგრამ მეორე მხრივ, აქვს უსამართლობის განცდა, რომ ამხელა თანხას დაატარებს და ასეთი მცირე ხელფასი აქვს. მას რომ დაუსვა შეკითხვა დაკარგულ თანხასთან დაკავშირებით, შესაძლოა, სიტუაცია არაორდინარულად წარიმართოს, რადგან კოგნიტური დისონანსის გამო მას არ მიაჩნია, რომ იმ თანხის მოპარვა არის დანაშაული და ფიქრობს, რომ თანხის მფლობელი ღირსიცაა, რომ მისი ქონება მიითვისოს. ამ დროს კითხვების, პროცესის ფორმირება უნდა მოხდეს სწორად, რომ სწორი შედეგი დავდოთ.

 

პაატა ხვედელიძე:

 

– ძალიან მაგარ, სტანისლავსკის სკოლაგამოვლილ მსახიობსაც კი, რომელიც ბოლომდე შედის როლში, ქვეცნობიერის მართვა არ შეუძლია.

 

– დეტექტორის მოტყუება შესაძლებელია?

 

– არსებობს მოსაზრება, რომ პოლიგრაფის მოტყუება შეუძლებელია, პოლიგრაფოლოგის – კი. წარმოიდგინეთ, ადამიანს ვუმაგრებთ ორ სენსორს მკერდზე, ხელზე ვუმაგრებთ სენსორს, რომლითაც სუნთქვის რიტმს ვაკონტროლებთ. ასევე ხელზე ვამაგრებთ კიდევ ერთ სენსორს, რომელიც აკონტროლებს გულის რიტმსა და სისხლძარღვების ავსებას. ვამაგრებთ ორ ცალ კანის გალვანომეტრს, რომელიც თითებს შორის ელექტროწინაღობას განსაზღვრავს, ვამაგრებთ არტერიული წნევის სენსორს, თავზე ვამაგრებთ ტვინის აქტივობის განმსაზღვრელ მოწყობილობას. როგორ შეძლებს ადამიანი, ერთდროულად ამდენი რამის გაკონტროლებას? უნდა გააკონტროლოს გული, სუნთქვა, თითებში სისხლის მიმოქცევა, თავში სისხლის მიმოქცევა, ფსიქიკა და ქვეცნობიერი. შეიძლება ერთი რომელიმე კომპონენტი გააკონტროლოს, მაგრამ შვიდივე სენსორს ერთდროულად ვერ გააკონტროლებს.

 

ნინო ბერელაშვილი:

 

– ინტერნეტში გავრცელებულია ბევრი ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ უნდა მოატყუო პოლიგრაფი, მაგრამ როდესაც ტესტირებისთვის ჯდება ადამიანი, მაგასაც ვხვდებით, რომ ეს ყველაფერი წაკითხული აქვს და აქვს თუ არა პოლიგრაფის მოსატყუებლად რაიმე მეთოდი შემუშავებული. ასევე, იღებენ გარკვეულ პრეპარატებს, რომ პოლიგრაფი მოატყუონ. ჩვენ ზუსტად ვხვდებით, როდის აქვს მარიხუანა მოწეული, როდის – დამამშვიდებელი აბები მიღებული და ამ დროს ვწყვეტთ ტესტირებას. ასეთ დროს ადამიანს არც ერთ გამაღიზიანებელზე არა აქვს რეაქცია. ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ როცა არის, ტვინი აქტიურია, მაგრამ რეაქცია ნული.

 

– თუ არსებობს რაიმე დაავადება ან ადამიანის ისეთი ფიზიკური მდგომარეობა,რომლის დროსაც ტესტს არ ატარებთ?

 

პაატა ხვედელიძე:

 

– ტესტირება პოლიგრაფზე არ ხდება ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში, ასევე ასთმის შემთხვევაში, როცა მღელვარებამ შესაძლოა, შეტევა გამოიწვიოს. არ კეთდება მენსტრუალურ ციკლამდე 3 დღით ადრე, ციკლის დროს და შემდგომი 3 დღის განმავლობაში. ასევე მძიმე ფსიქიკური ავადმყოფობის დროს. ასეთ დროს შედეგს ვერ ვიღებთ. გამოსაკითხი ადამიანის მიერ ძირითადად ინფორმაციის გამჟღავნება პრეტესტების დროს ხდება. როდეს პრეტესტის დროს რწმუნდება ადამიანი, რომ დეტექტორს ვერ მოატყუებს, გვეუბნებიან ხოლმე – არ დამღუპოთო.

 

– ქრთამსაც ხომ არ გთავაზობენ, რომ მისთვის სასურველი დასკვნა დაუწეროთ?

– როდესაც ადამიანი ტესტირებაზე თანხმობას ამბობს, მასთან ვაფორმებთ ხელშეკრულებას, სადაც წერია, რომ ტესტირების პროცესს იღებს კამერა, უწყვეტ რეჟიმში. ასე რომ, ინფორმირებულია ამის შესახებ და ვერ გაბედავს ქრთამის შემოძლევას.

 

– რა ღირს თქვენი მომსახურება?

 

– კორპორატიული შეკვეთის დროს დასატესტი ადამიანების რაოდენობასა და ტესტირების სირთულეზეა დამოკიდებული. კერძო პირის შემთხვევაში – კითხვების რაოდენობასა და სხვა ფაქტორებზე, თუმცა ფასი 400-დან 500 ლარამდე მერყეობს. თუ ერთი კლიენტისგან რამდენიმე ადამიანის ტესტირების შეკვეთას ვიღებთ, ფასდაკლებასაც ვუკეთებთ.

 

– კერძო პირები რა შემთხვევაში მოგმართავენ ხოლმე?

 

– მაგალითად, ერთ ოჯახში დაიკარგა ფული. ორი შვილიდან ერთზე ჰქონდათ ეჭვი, თუმცა ჩვენი დასკვნით ქურდი აღმოჩნდა მეორე. მშობლები ძალიან გაკვირდნენ, – დაუჯერებელიაო. ვუთხარით, რომ ე.წ. დამნაშავისთვის ეთქვათ პოლიგრაფის ტესტის შედეგი. მას უთქვამს, მე არ ამიღია და ოდესმე გაირკვევა, რომ ფული თქვენ თვითონ შეინახეთ ისეთ ადგილზე, რომ არ გახსოვთო და რამდენიმე დღეში აღმოაჩინეს ის თანხა. თავად დააბრუნა უკან. იყო შემთხვევა, რომ ერთ-ერთი საელჩოს თანამშრომელმა სახლიდან დაკარგა 25 000 დოლარად შეფასებული საათი. ოჯახში ჰყავდათ ძიძა, დამლაგებელი, მძღოლი და მასაჟისტი. ეჭვი მიიტანეს მასაჟისტზე, ვინაიდან ის შედარებით ახალი დაქირავებული ჰყავდათ, ახალგაზრდა მამაკაცი იყო, რომელიც წარსულში გახლდათ ნასამართლევი და იმ დროისთვის იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ. თუმცა, მათი ვარაუდი არ გამართლდა და ჩვენ მიერ ჩატარებული ტესტირებით დადგინდა, რომ დამნაშავე იყო ძიძა. ქალმა უარყო ყველაფერი, საჩივარიც კი დაწერა ჩვენ წინააღმდეგ, – მაბრალებენო. მაგრამ მერე გამოძიებით დადგინდა, რომ სწორედ მისი წაღებული იყო საათი, რომელსაც ერთ-ერთ ლომბარდში მიაგნეს. ლომბარდიდან საათი პატრონმა გამოისყიდა, ძიძას კი გასამართლდა და პატიმრობა მიესაჯა. იყო ასეთი შემთხვევაც: ერთ-ერთი კომპანიიდან ძალიან დიდი ფულის გადინება მოხდა. თანხის დასახელებაც რომ შეგეშინდება, იმხელა ფულზეა ლაპარაკი. დავადგინეთ, რომ ის ადამიანი იპარავდა ფულს, ვისაც სპეციალური პროგრამა დააწერინეს. არა და, ამ პროგრამისტს ძალზე ენდობოდნენ. მან პროგრამა ისე დაწერა, რომ ერთი წელი ჩვეულებრივად იმუშავა, ერთი წლის შემდეგ ფულის გადაქაჩვა ავტომატურად დაიწყო. კიდევ ერთ შემთხვევას მოგიყვებით: 51 წლის ქალი იყო თურქეთში, ემიგრანტად და საქართველოში მცხოვრები ქმარი ეჭვობდა, რომ ცოლი ღალატობდა. ჩამოიყვანა ცოლი საქართველოში, მოიყვანა ჩვენთან შესამოწმებლად და დადგინდა, რომ ქალი არ ღალატობდა. სხვათა შორის, ქმარმა ჩვენი თანდასწრებით ბოდიში მოუხადა და ერთმანეთს გადაეხვივნენ. ჩვენც ვტიროდით და ისინიც.

 

ნინო ბერელაშვილი:

– ასეთი შემთხვევები წინათ მეტი იყო, ახლა ასეთ საქმეს ხელს არ ვკიდებთ. ძირითადად უსაფუძვლო ეჭვები აქვთ ხოლმე. მარტო დეკემბრის თვეში 6 ასეთი ადამიანი მოვიდა, რომელსაც ცოლის ერთგულების შემოწმება სურდა და ძალიან გვთხოვდნენ, რომ გაგვეტარებინა სიცრუის დეტექტორზე. ვუხსნიდით, რომ ეს მათ ოჯახურ ცხოვრებაზე ცუდად აისახებოდა. ბევრი ქალი დათანხმდება ქმარს, გაივლის ტესტირებას, მაგრამ ამის შემდეგ ოჯახს დაანგრევს, რადგან თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს. თუმცა, ბევრი შემთხვევა ყოფილა, რომ პოლიგრაფზე დამტკიცებული ერთგულების მერე წყვილის ცხოვრება უკეთესად წარმართულა.

 

– რომელიმე ქვეყნის კანონმდებლობა პოლიგრაფის შედეგებს ცნობს ოფიციალურ მტკიცებულებად?

 

– დიახ, ევროპის ყველა ქვეყანა ცნობს, გერმანიის გარდა. ჩვენთან ასეთი ინიციატივა არც წამოჭრილა და ალბათ არც დადგება უახლოეს პერიოდში. სხვა ქვეყნებში სიცრუის დეტექტორის დასკვნა ხშირად ადამიანის უდანაშაულობის დასამტკიცებლად ერთადერთი გზაც კი არის ხოლმე. თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ საქართველოში ეს საკანონმდებლო დონეზე რომ დადგინდეს, შარლატანობის იდეალურ საშუალებად გადაიქცევა და ფულის მკეთებელი ხალხი დაიწყებს ამ სფეროში საქმიანობას. ხომ გახსოვთ, ფსიქიატრიულ ექსპერტიზას რა დრო დასჭირდა საიმისოდ, რომ კორუფციული ჭაობიდან ამოსულიყო? მიმაჩნია, რომ ასე ხელაღებით ამ მეთოდის დაკანონება არ იქნება სწორი.

 

– ამხელა გამოცდილების შემდეგ ალბათ პოლიგრაფის გარეშეც შეგიძლიათ იმის ამოცნობა, დამნაშავეა თუ არა ადამიანი.

 

– დიახ, მეტსაც გეტყვით, ჩვენ ვხედავთ ადამიანების სურვილებს. როგორც წესი, პოლიგრაფის კითხვები ეხება წარსულს და არა – მომავალს, თუმცა, თუ ადამიანს მომავლიდან კითხვას დაუსვამ, მის სურვილს წაიკითხავ. ეს აბსრტაქტული კითხვებია, მაგრამ ზოგჯერ ასეთი კითხვის დასმაც მოსულა. მაგალითად, ჰკითხავ, აპირებს თუ არა ფულის მოპარვას და მტკიცედ გეუბნება, რომ არა, მაგრამ ამ დროს პოლიგრაფი საპირისპიროს აფიქსირებს. არიან ქალები, რომელთაც აქვთ ქმრის ღალატის სურვილი, მაგრამ არ ღალატობენ, აქვთ ოჯახის დანგრევის სურვილი, მაგრამ არ ანგრევენ.

 

– ტესტირების კითხვებს წინასწარ აცნობთ ხოლმე?

 

– რა თქმა უნდა, კითხვებს წინასწარ ვაცნობთ, რომ მოემზადოს, იფიქროს, როგორ მოიტყუება. ეს ჩვენ გვეხმარება სიმართლის დადგენაში. საზოგადოებითვის თუ უფრო ცნობადი გახდება ეს თემა, კარგი იქნება. ტესტი დეტექტორზე გახლავთ პრობლემის მარტივად გადაწყვეტის ხერხი. ბიზნესისთვის იდეალური საშუალებაა კვალიფიციური კადრის შესარჩევად. ბევრგან ითხოვენ ნასამართლეობის ცნობას, კანდიდატი წარმოადგენს ამ ცნობას, რომ ნასამართლევი არაა, რადგან გაქარწყლებული აქვს, მაგრამ მასში დევს ისეთი თვისებები, რომელიც დამსაქმებელს არ აწყობს და ზიანს მიაყენებს. ამ ადამიანში დევს თუ არა პოტენციური საფრთხე, ვერც დამსაქმებელი ხვდება. მით უმეტეს ისეთ ბიზნესში, სადაც თანამშრომელს ფულთან აქვს შეხება. მაგალითად, დისტრიბუცია, ინკასაცია. ასევე, პოზიცია, როდესაც თანამშრომელს მნიშვნელოვან ინფორმაციაზე აქვს წვდომა. ისრაელში მაგალითად, ყველა ჯარისკაცს წელიწადში ორჯერ ატარებენ პოლიგრაფზე. ასე რომ, სიცრუის დეტექტორზე მომავალი თანამშრომლების ტესტირება ერთგვარი პრევენციაც გახლავთ.

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

ავტორი: Prime Time

X