00:12 | 2020-09-30 ავტორი: მარი ჯაფარიძე

ქართველი პატიმრები, რომლებიც ციხიდან გაიქცნენ

ქართველი პატიმრები, რომლებიც ციხიდან გაიქცნენ

ჩადენილი დანაშაულისთვის თავისუფლების შეზღუდვა სასჯელად იმიტომ მიიჩნევა, რომ თავისუფლების დაკარგვა ყველაზე რთულია და ყველაზე დიდ დისკომფორტს უქმნის ადამიანს. თავისუფლება შეზღუდული ადამიანი ცდილობს, თავი დააღწიოს იმ სივრცეს, რაც მას ყველაზე უმთავრესს ართმევს.

 

რაც გაჩნდა ციხე, გაჩნდა გაქცევის მცდელობებიც. წლებისა და საუკუნეების განმავლობაში იხვეწებოდა ციხის დაცვის სისტემები და ასევე პატიმრებიც ხვეწდნენ გაქცევის მეთოდებს. ზოგიერთი გაქცევა ლეგენდად იქცა, მასზე წიგნებს წერენ, ფილმებს იღებენ…

 

წლების განმავლობაში დამიგროვდა ისეთი რესპონდენტები, რომლებიც ციხიდან გაქცეულან და ამის შესახებ ინტერვიუში მოუყოლიათ ჩემთვის. გვინდა, ეს რესპონდენტები, მათი ციხიდან გაქცევის მეთოდები და სხვა, გახმაურებული გაქცევებიც გავიხსენოთ:

 

„გინესის რეკორდი“

2003 წელს რუსთავის ციხიდან მკვლელობისთვის გასამართლებული 12 პატიმარი გაიქცა. გაქცევის დროს დაცვის ერთი თანამშრომელი დაშავდა.

 

იმ დროს გავრცელებული ინფორმაციით, პატიმრებს გაქცევაში ციხის ერთ-ერთი თანამშრომელი დაეხმარა. მანამდე, სამი დღით ადრე, 27 ივნისს ავჭალის ციხის რვა პატიმარმა მცველი განაიარაღა და გაიქცა.

 

ყველაზე მასშტაბური გაქცევა 2003 წლის სექტემბერში, რუსთავის მეცხრე დაწესებულებიდან მოხდა. მაშინ  129 პატიმარი გაიქცა. როგორც იმხანად ამბობდნენ, გაქცეულთა რაოდენობის გათვალისწინებით, ეს ფაქტი შესაძლო იყო, გინესის რეკორდების წიგნშიც კი აღმოჩენილიყო. რუსთავის მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან გაქცეული 129 პატიმრიდან 38, მალევე კუმისში დააკავეს.

 

იმავე წლის ივნისში, იმავე კოლონიიდან, განსაკუთრებით საშიში 8 დამნაშავე გაიქცა, რომელთაგან ოთხს სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. გავრცელდა ხმა, თითქოს გაქცეულთა შორის უმრავლესობა ყოფილი მხედრიონელი და პოლიციის თანამშრომელი იყო, რაც არ დადასტურდა, რადგან რუსთავის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში სასჯელს ე.წ. „ქურდული ბომონდი“ იხდიდა.

 

ხუთი წლის შემდეგ, 2008 წლის ზაფხულში მე-9 დაწესებულებიდან გაქცეული პატიმრები დააკავეს, რომელთა შორის ბათუმელი, 32 წლის ნუგზარ თაბაგარი იყო. მისი დაკავების შემდგომ, სასჯელაღსრულების ადმინისტრაციამ დანაშაულის დაფარვის მიზნით, ნუგზარ თაბაგარს მოსთხოვა, გაქცევის ორგანიზება თავის თავზე აეღო, რაზეც თაბაგარმა უარი განაცხადა. ამის შემდეგ მისი მუდმივი წამება დაიწყო.

 

2015 წლის ოქტომბერში, გულრიფშის რაიონში მდებარე დრანდის ციხიდან 27 პატიმარი გაიქცა, რომელთა შორის ორი ზუგდიდელი იყო. გაქცეულთა შორის იყვნენ სოხუმში მოქმედი ქურდული კლანის წევრები, რომლებიც სასჯელს დრანდის ციხეში იხდიდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, გაქცეული პატიმრები ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს უკავშირდებოდნენ, რომლებიც მათთვის იარაღის გადაცემას აპირებდნენ.

 

ზოგჯერ გაქცეულები ერთობ სასაცილო დღეში ცვივდებოდნენ. ერთი ასეთი კომი­კური სიტუაცია გურამ აბსანძეს უკავშირდება (ეკონომიკისა და ფინანსთა ყოფილი­ მინისტრი). ოფიციალური ცნობის თანახმად, ლოთი ქობალიასა და ათ პატიმართან­ ერთად, 30 მეტრი სიგრძის გვირაბი გათ­ხარა და ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოდან გაიქცა. ლოთი ქობალიასა და გურამ აბსანძეს ბრალი ედებოდათ 9 თებერვალს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მოწყობაში. მათთან ერთად დრო იხელთეს მკვლელებმა და ყაჩაღებმა.

 

ზოგიერთ მათგანს განაჩენი უკვე გამოტანილი ჰქონდა, ზოგის სასამართლო კი ჯერ კიდევ მიმდინარეობდა. ოფიციალური ცნობის თანახმად, გურამ აბსანძემ, ლოთი ქობალიასთან და ათ პატიმართან ერთად, 30 მეტრი სიგრძის გვირაბი გათხარა და ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოდან გაიქცა. პატიმრების მეგობრებმა იცოდნენ მათი განზრახვა და ხვრელის ბოლოს ავტომანქანით ელოდებოდნენ. სამართალდამცავებს გაქცეულები სამეგრელოში ეგულებოდათ, სინამდვილეში კი ისინი რაჭაში იმყოფებოდნენ. გაქცეული პატიმრები 2004 წლამდე იძებნებოდნენ.

 

გაქცევა ქალებივით

წლების წინ, ციხეში ერთ პატიმართან ინტერვიუ ჩავიწერე, რომელსაც 20 წელზე მეტი ჰქონდა გატარებული საპყრობილეში. მას ქსნის მერვე დაწესებულებაში იმიტომ შევხვდი, რომ „გინესის რეკორდების“ წიგნში უნდოდა შესვლა და ტურნიკზე დაკიდებაში რეკორდის დამყარებას აპირებდა, რაც მისი სურვილით, ექსკლუზიურად მე უნდა დამეფიქსირებინა.

 

აქციას ესწრებოდნენ ციხისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელები. ბუნებრივია, რეკორდის შემდეგ (13 წუთი გაძლო ტურნიკზე დაკიდებულმა, რეკორდი კი 7 წუთია) მასთან ინტერვიუ ჩავწერე და სწორედ მაშინ მომიყვა ციხიდან გაქცევის ერთ-ერთ ეპიზოდს.

 

სწორედ იმ კოლონიიდან, სადაც რეკორდი დაამყარა, თანასაკნელთან ერთად გაიპარა – კედელზე გადაძვრნენ. გარეთ მყოფმა მეგობრებმა ქალის ტანისამოსი და საჭირო ნივთები დაახვედრეს… ორივენი კაბებში გამოეწყვნენ, თავშლები მოიხვიეს, ხელში კალათები დაიკავეს და მხალის მკრეფავი ქალებივით, ნელ-ნელა შეუყვნენ ფერდობს… ვინმე რომ არ დაეჭვებულიყო, დროდადრო ბალახს გლეჯდნენ და კალათში ყრიდნენ. ასე მიეფარნენ თვალს. თუმცა, მალევე სხვა დანაშაულზე დააკავეს და უკან დააბრუნეს.

 

გაქცევა რესტორანში

 

სპარტაკ ბურდულაძე, ყოფილი „კანონიერი ქურდი“, საბჭოთა კავშირის ისტორ­იაში ყველაზე ნორჩი – 14 წლისა „მოინათლა“ ქურდად:

– მორიგი დაკავებისას გადავწყვიტე­, სასამართლოდან გავქცეულიყავი. საკნიდან­ გაყვანამდე ყველას გამოვემშვიდობე – აქ აღარ დავბრუნდები-მეთქი. დაჭერამდე რამდენიმე ხნით ადრე, ავარიაში მოვყევი. ფეხი მტკიოდა და ჯოხით დავდიოდი. იმ დროისთვის ფეხი აღარ მაწუხებდა, მაგრამ ციხის თანამ­შ­რომლებს თავი ისე მოვაჩვენე, თითქოს სიარული ძალიან მიჭირდა. სასამართლოსთან მანქანა მელოდებოდა. მანქანიდან მანიშნეს – იარაღი „ბარდაჩოკშია“,­ ყველაფრისთვის მზად ვართო. ხელი გავაქნიე – წადით, არ მჭირდებით-მეთქი. პროცესზე მოსამართლეს ვუთხარი,­ რომ ცუდად ვიყავი. მინდოდა, მივსულიყავი ტუალეტამდე,­ რომელსაც სარკმელი ჰქონდა.­ თუ კანალიზაციის გასაწმენდი მავთულიც დამხვდებოდა, ჩემს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა. გამიყვანეს ტუალეტში. სამი ბადრაგი გამომყვა.

 

სპარტაკ ბურდულაძე

 

ასეთ დროს ვალდებული­ ხარ, ტუალეტის კარი ღია დატოვო. მე კი მივიჯ­ახუნე და გადავკეტე. დაიწყეს ბრახუნი.­ გავაღე – რა მოგივიდათ, თქვე კაი ხალხო, მაცალეთ-მეთქი და ისევ ჩავკეტე კარი.

 

კიდევ დააბრახუნეს. ისევ გავაღე – თქვე მამაცხონებულებო, ჩემ გემოზე შემიშვით ტუალეტში, ამ გადამტვრეული ფეხით სად გაგე­ქცევით-მეთქი და კარი ისევ ჩავკეტე. ისევ დააბრახუნეს. ახლა უკვე გავბრაზდი, კარი გავაღე და ავყვირდი – ხალხი არა ხართ? ტუალეტში მაინც მომასვენეთ-მეთქი და – ისევ ჩავკეტე. აღარ დაუკაკუნებიათ. მავთული იქ დამხვდა.

 

თავი გადავუღუნე, ფანჯარაზე ჩამოვდე, ავძვერი და გარეთ გადავძვერი. თავისუფალი ვიყავი, მაგრამ ახლა იქიდან უნდა დამეღწია თავი. ეს ყველაფერი­ სიღნაღში ხდებოდა. სასამართლოს წინ პატარა სკვერია. გადავწყვიტე, ხალხში გავრეუ­ლიყავი, რადგან თუ ჩემს გაქცევას შეიტყობდნენ და სროლას ატეხდნენ, ხალხში კი ამის გაკეთება გაუჭირდებოდათ.

 

მივდივარ სკვერში და წინ შემხვდა ერთი მილ­იციელი, გიული ერქვა. არ გავქცეულვარ, რომ მივუახლოვდი, მივესალმე.­ რაღაცნაირი, დინჯი ლაპარაკი იცოდა. მკითხა, – ჭაბუკო, თქვენ დღეს სასამართლო არ გაქ­ვთო? როგორც იქნა, ერთხელ ჩემს სიცოცხლეშიც სამართალმა პური ჭამა, გამამართლეს და გამიშვეს, ახლა ამ ამბავს რესტორანში აღვნიშნავ, ღვინისთვის ვარ წამოსული, შენც გეპატიჟები-მეთქი.

 

თავი დამ­იქნია და გზა განაგრძო. ამის შემდეგ გიული მისულა სასამართლოში და ტუალ­ეტთან ბადრაგი რომ შეუნიშნავს, უკითხავს,­ – აქ ვის ელოდებითო? სპარტაკის სასამართლოა, ტუალეტშია შესულიო. გიული გაგიჟებულა – ვაი, თქვენს პატრონს, სპარტაკი 5 წუთის წინ სკვერში მომესალმაო… მოგეხსენებათ, სიღნაღი მთის წვერზეა გაშენებული, ქვევით დავეშვი. ტყე-ტყე მივდიოდი,­ ხანდახან გზის გადარბენა მიწევდა და ამ დროს მილიციელებმა შემნიშნეს.

 

მივედი ერთ სოფელში, ბროწლიანი­ ჰქვია. შევედი ეკლესიაში (მას დღესაც „სპარტაკის ეკლესიას“ ეძახიან). რაც კი კედლებზე სანთლის ნამწვი­ იყო, ყველა ავანთე. ღმერთს შევთხოვე, თუ რაიმე ძალა და მადლი გაქვს, მიშველე­-მეთქი და კუთხეში მივიყუჟე. მესმოდა, როგორ დარბოდნენ მილიციელები. კარი რომ შემოეღოთ, მიპოვიდნენ, მაგრამ შიგნით შემოხედვა არც უფიქრიათ.

 

ეკლესიის წინ, შემაღლებულ ადგილზე რესტორანი­ იყო. იქიდან მადის აღმძვრელი­ სურნელი მოდიოდა. უზომოდ მომშივდა. მილიციელ­ები რომ წავიდ-წამოვიდნენ, რესტორანში შევედი. მიცნეს. „ბუფეტჩიკი“ გადამეხვია. უკვე იცოდნენ, რომ გამოქცეული ვიყავი.

 

რესტორანს დიდი აივანი ჰქონდა და „ბუფეტჩიკმა“ იქ გააშლევინა სუფრა. თავში ის დაჯდა, ბოლ­ოში – მე. იქიდან ჩემი თვალით ვხედავდი, როგორ დარბოდნენ მილიციელები, აჩერებდნენ მანქანებს, ჩხრეკდნენ… რას იფიქრებდნენ, რომ რესტორნის აივანზე ვიყავი გამოჭიმული?!

 

ბანჯგვლებმა გათქვეს

 

ჩემს რესპონდენტს, ციხე-კოლონიების ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ტაბაღუას გაქცევის უამრავი შემთხვევა ახსოვდა. ერთ მათგანს გავიხსენებ, რომელსაც წლების წინ მომიყვა:

 

– ერთხელ ატყდა განგაში და პატიმარი გასასვლელთან დააკავეს, სადაც მშვიდად­ მდგარა და სხვა პატიმრების ნათესავებთან რიგს ელოდა, რომ გარეთ გასულიყო. მაშინ ორთაჭალის ციხეში პატიმრებისთვის ახლობლებთან შესახვედრად ერთი დიდი ოთახი იყო გამოყოფილი.

 

ოთახში რამდ­ენიმე მაგიდა და სკამი იდგა, რომლებიც ერთმანეთისგან ფანერით იყო გადატიხრული და ფარდებიც ჰქონდა. მეუღლეს მისთვის ქალის ტანსაცმელი მიუტანია. გადაიცვა და გაპარვას აპირებდა, მაგრამ დაცვის თანამშრომელმა კაბის გრძელი სახელოდან გამოჩრილი ბანჯგვლები დაინახა­ და თავისუფლებისაკენ მიმავალ შუა გზაზე დააკავეს.

 

გაქცევა ცოლის მოყვანის მიზნით

 

შესაძლოა, ეს შემთხვევა ბევრს გახსოვდეთ: 90-იან წლებში რუსთავის მე-17 დაწესებულებიდან პატიმარი იმის გამო გაიქცა, რომ გათხოვილი შეყვარებული დაებრუნებინა. დაწესებულებას დაბალი ღობე ერტყა. ერთ საღამოს 2 ტაბურეტი ერთმანეთზე დადგა, გადააბა და მშვიდად მივიდა კედე­ლთან. დადგა ტაბურეტი, შეხტა ზედ და კედელს გადაევლო.

 

კოშკურაზე მდგარმა დარაჯმა ჯერ ჰაერში გაისროლა, მერე კი მიზანში ამოიღო, მაგრამ ვერ გაარტყა. მას ორწლიანი სასჯელის 7 თვე ჰქონდა დარჩენილი და ყველას გაუკვირდა ასეთი საქციელი. სამ დღეში უკან დააბრუნეს და მაშინ გაირკვა, რომ თურმე ბაღიდან უყვარდა ერთი გოგო. გოგოსაც ჰყვარებია და ციხიდან გასვლის მერე ცოლად უნდა მოეყვანა, მაგრამ გოგოს ვიღაც ტიპი გადაჰკიდებია და ცოლად შეურთავს… საწყალმა, ვერც გოგო დაიბრუნა და სასჯელიც დაუმატეს.

 

ცოცხლად დამარხული

 

2001 წელს, ერთ-ერთ ერთ პატიმარს უფლება მისცეს, დედის გასვენებას დასწრებოდა. რა თქმა უნდა, ბადრაგის თანხლებით წაიყვანეს. სასაფლაოზე მისულებს პატიმარი დაეკარგათ. თურმე ვიღაცის გათხრილ საფლავში დამალულა. ერთ კვირაში დაიჭირეს და დააბრუნეს…

ავტორი: მარი ჯაფარიძე

X