12:06 | 2020-05-11 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ქართველმა ემიგრანტმა ოთხი მცირეწლოვნი შვილის მარტოხელა დედის უმძიმესი ცხოვრება შეცვალა

ქართველმა ემიგრანტმა ოთხი მცირეწლოვნი შვილის მარტოხელა დედის უმძიმესი ცხოვრება შეცვალა

რამდენიმე თვის წინ, „პრაიმტაიმის“ მკითხველს მარტოხელა დედის მძიმე ცხოვრებაზე ვუყვებოდით.

 

25 წლის ნათია ჩალაძე, ბელიაშვილის ქუჩაზე დევნილების დასახლებაში ოთხ მცირეწლოვანთან ერთად ნაქირავებ ნესტიან სარდაფში ცხოვრობს.

 

მათი ამბავი დაუსრულებელ სევდიან მოთხრობას ჰგავს. ცხოვრებისეულ სიძნელეებთან ბრძოლაში ჩაბმული მარტოხელა დედა, რომელსაც თავადაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, შვილების გადარჩენისთვის იბრძვის.

 

ნათია ჩალაძეზე გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ ესპანეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ია ჭიკაძე დაგვიკავშირდა, რომელმაც ახალგაზრდა ქალის კოორდინატები მოითხოვა.

 

ეს ისტორია ასე გაგრძელდა. ესპანეთში მცხოვრებმა ემიგრანტმა, კორონავირუსის გამო საზღვრის ჩაკეტვამდე საქართველოში ნათიასთან ამანათი გამოაგზავნა.

 

„პრაიმტაიმი“ ესპანეთში, ქალაქ კორდობაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს, ია ჭიკაიძეს დაუკავშირდა, რომელმაც მარტოხელა ოთხი შვილის დედა გაახარა.

 

„თქვენს საიტზე ვნახე ნათია ჩალაძის ისტორია, რომელმაც ჩემზე ძალიან იმოქმედა… გადავწყვიტე მცირედით გამეხარებინა…

 

შევაგროვე რაც შევძელი მცირე დროში, ტანსაცმელი ბავშვებისთვის და თავად ნათიასთვის, ასევე მცირედი ტკბილეული პატარებისთვის… გავაგზავნე მაგრამ სამწუხაროდ მთელ მსოფლიოში პანდემია გავრცელდა…

 

კორონავირუსიდან გამომდინარე, სიმართლე გითხრათ არც მეგონა თუ ჩავიდოდა ამანათი საქართველოში, მაგრამ ყველაფერში ხომ უფლის ხელი ურევია.

 

სწორედ ისეთ დროს ჩავიდა ამანათი საქართველოში, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა ნათიას თანადგომა და დახმარება. მოგეხსენებათ ვირუსის გამო ყველა ქვეყანამ საზღვარი ჩაკეტა, თუმცა უფლის ნებით ამანათმა ნათიამდე მიაღწია.

 

სამწუხაროდ ვერ შევძელი მათთან გასაუბრება მაგრამ ვფიქრობ რომ ჩამოვალ საქართველოში მოვინახულებ და უკეთ გავეცნობი ნათიას და მის პატარებს.“- ამბობს ია ჭიკაძე.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X