
ქეთი მელუა აჭარას ხუთი დღით სტუმრობდა. წარმოშობით ქართველი ბრიტანელი მუსიკოსი, დედასთან ერთად, სამშობლოს, ორი ვიდეორგოლის გადასაღებად ესტუმრა, რომელიც მერვე ალბომში შესულ ორ სიმღერაზე გადაიღო. ბათუმელმა ქეთიმ “ტვ 25”-სთვის მიცემულ პატარა კომენტარში აღნიშნა, რომ მას ბათუმი და შავი ზღვა ძალიან უყვარს და დიდ სიხარულს ანიჭებს.
კლიპის რეჟისორი მარიამ სიჭინავა გახლავთ. ვიდეორგოლებისთვის ლოკაციები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დახმარებით შეირჩა. სარფი, ბათუმის ბულვარი, ციხისძირი, ბოტანიკური ბაღი, ქედა – ეს და სხვა ადგილები მელუას ახალ მუსიკალურ რგოლებში გამოჩნდება და მას მსოფლიო შემოდგომაზე იხილავს.
სპეციალურად ამ კლიპისთვის ქეთის ათი კოსტიუმი შეუკერა დიზაინერმა თაკო მექვაბიძემ, რომელიც “პრაიმტაიმს” ექსკლუზიურად უმხელს, რომ მელუას კლასელი იყო.

თაკოს სამოსი მსოფლიო დონის ვარსკვლავებს აცვიათ. როგორც დიზაინერი იხსენებს, ათი წლის წინ, “პრაიმტაიმი” იყო პირველი გამოცემა, რომელმაც მასზე დაწერა.
“ტკბილი მოგონება მაქვს “პრაიმტაიმთან”. თქვენ გეწერათ, რომ მეისი გრეის ჩემი ჟოლოსფერი კაბა ეცვა. მერე მას მოჰყვა ნასტასია კინსკი, ალსუ, კენდალ ჯენერი…” – იხსენებს თაკო.
დიზაინერი ქეთისთან დაახლოების პერიოდზე გვიყვება და მას საოცრად თავმდაბალ პიროვნებად ახასიათებს.
თაკო მექვაბიძე: – მე და ქეთი დაახლოებით ექვსი წელია ვიცნობთ ერთმანეთს. ბათუმში რომ ჩამოდიოდა, ჩემს შოურუმში დადიოდა. შეკვეთილში პირველი კონცერტი რომ ჰქონდა, კაბა მე შევუკერე. მას შემდეგ დავმეგობრდით და დღემდე ვთანამშრომლობთ. ის ჩემი სამოსის მომხმარებელია. მეუბნება, რომ ჩემთან მუშაობა კომფორტულია. ჩვენ არაერთ პროექტზე გვითანამშრომლია და კიდევ ბევრჯერ ვითანამშრომლებთ.

მერე აღმოვაჩინეთ, რომ თურმე კლასელები ვყოფილვართ. ეს ამბავი ჩვენმა საერთო კლასელმა აღმოგვაჩენინა. მე და ქეთი ბათუმის სასულიერო გიმნაზიაში, პირველი ორი კლასი, ერთად ვსწავლობდით. შვიდი წლის იყო, როდესაც საცხოვრებლად ბრიტანეთში გადავიდა.
ქეთის კოსტიუმების კონცეფციაზე მისი სიმღერიდან გამომდინარე ვიმუშავე. მე უკვე ვიცი, რა ფერები უყვარს, ვიცნობ მის გემოვნებას, რაც ჯდება მის ხასიათში და ამიტომ მისგან დამოუკიდებლად შევქმენი ესკიზები.

შემდეგ გადავუგზავნე და დავიწყე მუშაობა. მისი ზომები ვიცი, არც ერთი მოზომება არ დაგვჭირვებია, მორგების გარეშე შევუკერე ათი კოსტიუმი. გადაკეთება არც ერთს არ დასჭირვებია. როცა ადამიანისგან დადებითი აურა მოდის და კარგ ემოციებს იღებ, მასთან მუშაობაც კომფორტულია.
სამოსი შევუკერე ასევე გოგონას, რომელიც ქეთისთან ერთად ამ კლიპში გამოჩნდება.

ქეთი ჩაცმის მხრივაც მოკრძალებულია და ზოგადად, ძალიან თავმდაბალი ადამიანია. თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ქეთის მსგავს თავმდაბალ ადამიანს, არასდროს შევხვედრივარ. მსოფლიო დონის ვარსკვლავია და ურთიერთობისას არანაირ ბარიერს არ გიქმნის. ყოველთვის ისე გეკონტაქტება, რომ არ დაიძაბო და არ იგრძნო, რომ ის ვარსკვლავია.
ძალიან უყვარს საქართველო. ჩვენი ქვეყანა მისთვის ბევრს ნიშნავს. როცა კი აქვს ამის შესაძლებლობა, თითქმის ყოველ ზაფხულს ჩამოდის ბათუმში. ჩვენი ქალაქი ძალიან უყვარს…























