
მარინა ბერიძე 71 წლის გახდა. პანდემიური აკრძალვების შემდეგ, სალონების გახსნისას, პირველი, რაც გააკეთა, სოლარიუმში შესვლა იყო. მაისიდან იწყებს გარუჯვას. როგორც ამბობს, შეურაცხყოფილია იმით, რომ სოლარიუმში შესვლა 70 წლის ზემოთ იკრძალება.
უყვარს სიცოცხლე, ურთიერთობები, მზიანი და ყავიანი დილა. უყვარს პირდაპირობა, რის გამოც “იაზვას” იარლიყიც მიიწება.
უყვარს ახალგაზრდებთან ურთიერთობა, ინოვაციები, გონიერი აუდიტორია, სიცილი. ალბათ, მისი შინაგანი მხნეობის საიდუმლოებაც ამაშია.
იუბილარი “პრაიმტაიმის” მკითხველს თავისი “ახალგაზრდობის” რეცეპტს ანდობს.
მარინა ბერიძე: – ჩემი შინაგანი სიმხნევე ცხოვრების სიყვარულს მოაქვს. დილით გათენება უნდა გაგიხარდეს. ცხოვრება უნდა გიყვარდეს. ყველანაირი სიხარული კარგად უნდა მიიღო, ცუდი გადააგდო.
ნეგატივის აცილება ასაკთან ერთად მოვიდა. ამის გაკეთება უკვე ადვილია. ამ გადასახედიდან დიდი სისულელე გგონია ზედმეტი ღელვა, ნეგატივზე ფიქრი. ყველაფერი წარმავალია. ბევრი რამაა იმ ნეგატივზე მთავარი, რაც ირგვლივაა. უმთავრესია, მადლობა უნდა ვუთხრათ ზემოთ რაღაცას, რომ გათენდა და კარგად ხარ.

– ზემოთ ის რაღაცა ყველაზე ხშირად როდის გაგრძნობინებთ, რომ არსებობს.
– ყოველ დილას. მე პატარა არ ვარ და დროა, ყველაფრისთვის მადლობა ვუთხრა ღმერთს.
იცით, რატომ? იმიტომ რომ ამ ასაკში შემიძლია წამოვფრინდე, სიხარული მქონდეს და ახალს ველოდო. არ ვვარჯიშობ. ერთი გამოკვეთილი თვისება მაქვს, სიცოცხლე მიყვარს.
– თქვენ რამდენიმე წლის წინ ახალი ცხოვრებაც დაიწყეთ, ქმარს გაეყარეთ. არც თუ ახალგაზრდამ თავიდან ცხოვრების დაწყება როგორ შეძელით?
– კარგად შევძელი ნამდვილად! თავიდან ვფიქრობდი, რომ სასტუმროში ვცხოვრობ და კარგია. მოგზაურობა მიყვარს. ამიტომ ჩემი ახალი ბინა, რომელიც ახალი ცხოვრების დაწყების დროს შევიძინე, ისე მოვაწყე, რომ სასტუმროს ნომერს დამსგავსებოდა.
მერე ნელ-ნელა შევეჩვიე ამ სასტუმროს. მერე მივხვდი, რომ ძალიან დიდი ბედნიერებაა, როდესაც თავისუფალი ხარ. ის რომ მცოდნოდა, რომ ასეთი კარგია თავისუფლება, ალბათ, ბევრად ადრე მოვიმოქმედებდი რამეს (იცინის). რასაც გინდა მოუსმინე, რაც გინდა წაიკითხე, რასაც გინდა უყურე…
– ამას მეუღლე გიშლიდათ?
– არა, მაგრამ ანგარიშს ვუწევდი. ჩვენ ქართველი ქალები ხომ ანგარიშს ვუწევთ ქმრებს?! კიდე კატლეტი უნდა გააკეთო, პერანგი გააუთოვო და უნდა მოემსახურო. შენს თავს რომ ემსახურები, არაფერია ამაზე კარგი. გინდა იზამ, გინდა – არა. თან ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე.
ასაკს ბევრი კარგი რამ მოაქვს. ვინც არ გიყვარს, შეგიძლია პირდაპირ უთხრა, რომ არ გიყვარს. პირდაპირობა არც ახალგაზრდობაში მაკლდა. ახლა მითუმეტეს. დასაკარგი არაფერია. მოდი, რა ერთმანეთს ანგარიში გავუწიოთ, ყველამ მადლობის გადახდა და ბოდიშის მოხდა ვისწავლოთ.

– ცივილური ურთიერთობა გაქვთ ყოფილ მეუღლესთან?
– არა, არ მაქვს, არ ვიცი, ვინ არის და რა გავაკეთო? არ ვიცნობ…
– მახსოვს, წლების წინ მითხარით ინტერვიუში, ღრმად რომ მოვხუცდები და სიარული გამიჭირდება, ჩემი ახალგაზრდა მეგობრები – დათო დოიაშვილი და ნიკა მემანიშვილი ჩამჭიდებენ ხელს და ისინი მატარებენო. ახლაც იგივე განწყობაზე ხართ?
– განწყობა შემეცვალა, არც დავბერდები და არც არავის სატარებელი არ ვიქნები. რახან პანდემიას გავუძელი, ყველაფერი კარგად იქნება.
– ნამზეური გიყვართ. დაიწყეთ „დაზაგვრა“?
– სალონი როგორც კი გაიხსნა, იმავე დღეს სოლარიუმში შევძვერი. მართალია, ყველა სალონს ეწერა 70 და ზევით აკრძალულია შესვლაა, რამაც გამაბოროტა. ამ აკრძალვის გამო, სახელმწიფოზე, კიდევ ერთხელ სრულიად შევიშალე. შეურაცხყოფილი დავრჩი.
მაგრამ მე მაინც შევედი იმ დღესვე და იმ წარწერასთან ფოტო გადავიღე (იცინის). უკვე მრავალი წელია სოლარიუმში ვირუჯები და ჩემი მენეჯმენტი მაქვს მაგ საკითხში. მაისის დასაწყისიდან ვიწყებ შეძრომას. D ვიტამინი მიყვარს.
– იუბილარს დღეს რა გეგმები გაქვთ?
– დღეს კლასტერების ღია კარის დღე მაქვს. დილიდან ვიღებ ჩემს კლასტერებს…























