
საქართველოში ჯერ კიდევ ბევრი ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ხდება. ხშირია შემთხვევა, როდესაც მსხვერპლი მოძალადისგან გაცლას ვერ ბედავს, რადგან მას დამოუკიდებლად სამართლებრივი ბრძოლის უნარი არ გააჩნია და არც იცის, ვის უნდა მიმართოს დახმარების სათხოვნელად.
სამწუხაროდ, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალების ნაწილს ჰგონია, რომ თუ ოჯახიდან წავა, დაკარგავს ბავშვებს, საზოგადოების მხრიდან პატივისცემას და ეკონომიკურ მხარდაჭერას. ხშირია შემთხვევა, როდესაც ძალადობის საფუძველი ოჯახის რომელიმე წევრის მხრიდან ეჭვიანობა ხდება. თავიდან ზოგიერთ ქალს ეს მოსწონს კიდეც, ჰგონია, რომ ეს სიყვარულის გამოხატვაა. თანდათან ეჭვიანობა აუტანელი ხდება და დგება მომენტი, როცა სიტუაცია უკვე გაუსაძლისია.
სწორედ ასე დაემართა ნათია დიასამიძეს. ახალგაზრდა ქალმა, რომელსაც დღეს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, ოჯახის წევრების მხრიდან უხეში და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება, ქმრის სიყვარულით, დიდხანს ითმინა. თუმცა, როდესაც ქმარმა გადამეტებული ეჭვიანობა დაიწყო და მეუღლეს ხშირად ამცირებდა, ოჯახიდან წასვლა გადაწყვიტა.
„23 წლის ვიყავი, სალონში ვმუშაობდი და შემოსავალი მქონდა. მამაჩემმა, რომელიც გულით ავადმყოფი იყო, ჩემი გათხოვება გადაწყვიტა. იმ დროს გურიაში ვცხოვრობდით. მამა თვლიდა, რომ ამ ასაკში გოგო აუცილებლად უნდა გათხოვილიყო. მე არ მინდოდა გათხოვება, მაგრამ ავადმყოფ მამას წინააღმდეგობა ვერ გავუწიე.
დედამთილმა თავიდანვე ამითვალწუნა. ხშირად მეჩხუბებოდა და თან მაფრთხილებდა, რომ ქმარისთვის არ მეთქვა. თავიდან მამამთილი მიცავდა, მაგრამ დროთა განმავლობაში, არ ვიცი, რა დაემართა და იმანაც დედამთილს აუბა მხარი. მე ისეთ ოჯახში გავიზარდე, თავის დაცვა არასდროს დამჭირვებია. ამიტომ ვერც ქმრის ოჯახში ვიცავდი თავს და უხმოდ ვიტანდი ყველაფერს.

თავიდან ქმარი იყო ერთადერთი, რომელიც არ მეჩხუბებოდა და ამიტომ ვუძლებდი ოჯახში არსებულ სიტუაციას. ფსიქოლოგიური ძალადობა, სიტყვიერი შეურაცხყოფა, დამცირება – ეს ჩემი ყოველდღიური ცხოვრება იყო. ზოგჯერ დღეები ისე გადიოდა, საერთოდ საჭმელს არ ვჭამდი. ხუთი წლის შემდეგ დედამთილის სახლიდან შვილებთან ერთად წამოვედი და ბათუმში, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ დავსახლდი.
ერთი წლის განმავლობაში ახალ გარემოში მეუღლის გარეშე ვცხოვრობდი. ის ფოთში მუშაობდა და თავიდან ვერ გამოგვყვა, თუმცა ჩვენ ურთიერთობა არ გაგვიწყვეტია. ოღონდ ფინანსურად საერთოდ არ გვეხმარებოდა. ხანდახან მანდარინს თუ მოგვიტანდა და ეგ იყო. მეუბნებოდა, ვალები მაქვს და ვერ გეხმარებითო. ახლა ვიცი, რომ ეს დახმარება კი არა, მისი ვალდებულება იყო, მაგრამ მაშინ არ ვიცოდი.
„ოცნების ქალაქში“ ხშირად მშიერიც ვიყავით. მეზობლებს უფასო სასადილოდან სადილი მოჰქონდათ და მინაწილებდნენ. ასე გაჭირვებაში ვზრდიდი შვილებს და ვცხოვრობდით ცხრა კვადრატულ ოთახში. არ გვქონდა შუქი, წყალი, ტელევიზორი, საპირფარეშო იყო საერთო და ერთ დღეს იმის კარიც დაგვიკეტეს. მიუხედავად ასეთი გაუსაძლისი პირობებისა, მაინც ვახერხებდი, რომ ბავშვებისთვის ყურადღება არ მომეკლო. ყველაფერს ვითმენდი, რომ ჩვენი ჭერი გვქონოდა და მეუღლე ჩვენ გვერდით ყოფილიყო.“
ნათიამ გვიან გაიგო, რომ შეეძლო სოციალურად დაუცველთა ბაზაში დარეგისტრირება. ამბობს, რომ ურთულეს პერიოდში, როდესაც შვილისთვის აუცილებელი გახდა ოპერაციის გაკეთება, ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი სოფო მიქელაძე ძალიან დაეხმარა. მოგვიანებით ნათიას სოციალური შემწეობაც დაენიშნა და უფასო სასადილოთი სარგებლობის უფლებაც მიიღო.
ერთი წლის შემდეგ მეუღლე „ოცნების ქალაქში“ ჩავიდა და ოჯახმა ცხოვრება ერთად განაგრძო.
„ახალ მეზობლებთან კარგი ურთიერთობა მქონდა. პატივს მცემდნენ, აჭარის მთავრობამ რომ კომისია შექმნა, რომელიც „ოცნების ქალაქში“ ჩასახლებულ ოჯახებს სწავლობდა, მე კომისიის წევრად შემიყვანეს. შემდეგ ოცნების ქალაქში არასამთავრობო ორგანიზაცია დაფუძნდა, რომლის ერთ–ერთი დამფუძნებელიც ვარ.
პარალელურად, თურქეთში სამუშაოდ დავდიოდი. გამომუშავებული ფულით საცხოვრებელ პირობებს ვაუმჯობესებდი. თანხის რაღაც ნაწილი მეუღლემაც მომცა. თუმცა ალკოჰოლს ეტანებოდა და თავის ხელფასის დიდ ნაწილს ამაში ხარჯავდა.“
ნათია ბევრს შრომობდა, თურქეთში ჩაის კრეფის სეზონი რომ დასრულდებოდა, მერე ბათუმში ხან სალონში, ხან რესტორანში დამლაგებლად იწყებდა მუშაობას. მეუღლემ ეჭვიანობა დაიწყო. თანდათან უფრო და უფრო ამჟღავნებდა თავის მძიმე ხასიათს. შრომით დაღლილ ნათიას ყოველ დღე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. თვითონ კი მეზობლეთან ერთად სვამდა და დილამდე კარტს თამაშობდა.
„ერთ დღეს სამსახურიდან რომ მოვედი, თანამშრომელმა დამირეკა, რათა სამსახურში მისვლის დროზე შევთანხმებულიყავით. მეუღლემ ისეთი ეჭვიანობის სცენა მოაწყო, რომლის გახსენება ახლაც მზარავს. მთელი ღამე ტირილში გავატარეთ მე და ჩემმა შვილებმა. დილით ვუთხარი, რომ მასთან განქორწინება მინდოდა.
მივედი იუსტიციის სახლში, ისიც არ ვიცოდი, რომ ხელის გასაწერად ორივეს მისვლა იყო საჭირო. ვთხოვე მოსულიყო, მაგრამ არ მოვიდა. მასწავლეს, რომ შემეძლო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისთვის მიმემართა. ასეც მოვიქეცი და საიას დახმარებით ჩემი უფლებების დასაცავად დავიწყე სამართლებრივი პროცედურები.
ამის შემდეგ ერთი თვე კიდევ ერთად ვცხოვრობდით, ოღონდ არანაირი ურთიერთობა არ გვქონდა. ველოდებოდი სასამართლოს.
ქმრის ნათესავებმა ჩემი საქციელი ოჯახის შეურაცხყოფად აღიქვეს და დამემუქრნენ, რომ ბავშვებს არ გამატანდნენ. ისინი ჩემგან მოითხოვდნენ, რომ საჩივარი გამომეტანა და მე წავსულიყავი ბავშვების გარეშე. შვილების გარეშე ვერ გავძლებდი. წესით, ის საცხოვრებელი მთლიანად ჩემი შრომით იყო შექმნილი და იქ მე უნდა დავრჩენილიყავი, მაგრამ წამოვედი და დროებით ბავშვები მართლაც დავტოვე. მე თვითონ არ ვიცოდი სად მივდიოდი და შვილების წამოყვანა ვერ გავბედე. თუმცა ძალიან მალე დავიწყე მუშაობა, ვიქირავე ერთი ძალიან პატარა ოთახი და გადავწყვიტე ბავშვების წამოყვანა. მათ გარეშე ისე მიჭირდა, რომ თვითმკვლელობაზეც კი ვფიქრობდი. იმასაც ვნერვიულობდი, რომ ასეთი მწირი შემოსავლით შვილების რჩენას ვერ შევძლებდი და ეს ცალკე მთრგუნავდა.“
ნათიას გვერდით ის მეზობლებიც კი არ დაუდგნენ, ვისთანაც ეგონა რომ კეთილი ურთიერთობები აკავშირებდა. ქმარს გაცილებული ქალის მიმართ ხშირად გაისმოდა შეურაცხმყოფელი შეფასებები, ჭორი და მის გადაწყვეტილებას საზოგადოება დანაშაულად აღიქვამდა.
ქალი თითქოს ჩიხში მოექცა და გამოსავალს ვეღარ ხედავდა. ამ დროს შემთხვევით გაიგო ფონდ „იალქანის“ შესახებ. უთხრეს, რომ ეს ორგანიზაცია ძალადობის მსხვერპლ ქალებს და მათ შვილებს ყველანაირად ეხმარებოდა. ნათიამ გადაწყვიტა, ეს ბოლო შანსიც გამოეყენებინა და ფონდში მივიდა. ამ შეხვედრამ ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვალა. ახლა ნათია ამბობს, რომ მის მდგომარეობაში მყოფი ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორად დახმარების გაწევაა.
„ფონდში რომ მივედი და ჩემი ამბავი ვუმაბე, მომისმინეს და დამპირდნენ, რომ მე და ჩემს შვილებს ყველანაირად დაგვეხმარებოდნენ, როგორც სამართლებრივად, ისე – საკვებით, ტანსაცმლით და ყველა საჭირო ნივთით. ამ ფონდს აქვს ბავშვებისთვის დღის ცენტრი, სადაც ჩემი შვილები ჩავრიცხე. როცა მე სამსახურში ვარ, ბავშვები აქ არიან, სწავლობენ, იკვებებიან, ყურადღება და მზრუნველობა არ აკლიათ. ამან შემაძლებინა, რომ ჩემი შვილები მუდმივად ჩემ გვერდით მყავდეს და არასდროს დავშორდე. ბავშვები რომ მამასთან არ დავაბრუნე, ჩემი ქმარი მემუქრებოდა, ჭორებს მივრცელებდა. მე ყველაფერი ტელეფონით ჩავიწერე და პოლიციას მივმართე. ჩემი ქმრის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოსცეს.
მერე შევიტანე საჩივარი ბავშვების ადგილსამყოფელის განსაზღვრაზე, ქონების გაყოფასა და ალიმენტზე. მაგრამ მივხვდი, რომ ადვოკატი ჩემს უფლებებს სათანადოდ არ იცავდა. უარი ვთქვი ადვოკატზე და ჩემი უფლებები თვითონ დავიცავი. ამ დროს უკვე საკმაოდ გავძლიერდი იმ ტრენინგებით, რომლებსაც ფონდში ვესწრებოდი. პროცესი მოვიგე.
ახლა არსად არ ვმუშაობ, ამ წუთას ვარ დამოკიდებული სოციალურზე და უფასო სასადილოთი ვსარგებლობ, არ არის სამსახურები ამ პანდემიის გამო, საკმარისი არ არის, მაგრამ ვკმარობ შეძლებისდაგვარად.“
ნათია დიასამიძე დღეს ცხოვრებას უკვე საკუთარი უფლებების ცოდნით და მომავლის იმედით განაგრძობს. ის საუკეთესო მაგალითია ყველა იმ ქალისთვის, რომლებმაც არ იციან, როგორ დააღწიონ თავი ოჯახში არსებულ ძალადობრივ გარემოს. ნათია ურჩევს მის მდგომარეობაში მყოფ ქალებს, იყონ ძლიერნი და არასდროს დანებდნენ. მით უმეტეს, შვილები აუცილებლად გაარიდონ მოძალადეს, რადგან ძალადობა სწორედ ბავშვებზე ტოვებს გამოუსწორებელ ფსიქოლოგიურ ტრავმას.
ავტორი: ნაირა ქობულაძე

























