12:12 | 2020-02-03 ავტორი: Prime Time

ქრონოლოგია – როგორ მოედო ჩინეთს მომაკვდინებელი ვირუსი

ქრონოლოგია – როგორ მოედო ჩინეთს მომაკვდინებელი ვირუსი

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში დაფიქსირდა. ახლა, თითქმის ორი თვის შემდეგ, სახეზეა გლობალური მასშტაბის საგანგებო მდგომარეობა, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოაცხადა იმის გამო, რომ ეპიდემია ჩინეთის საზღვრებს გასცდა.

 

ბოლო ინფორმაციით, ლაბორატორიულად დადასტურებულია დაახლოებით 12,000 შემთხვევა, მათ შორის 100-მდე შემთხვევა ჩინეთს გარეთ მსოფლიოს 21 ქვეყანაში. 

როგორ გამოვიყენოთ სამედიცინო ნიღაბი სწორად
2020-02-03როგორ გამოვიყენოთ სამედიცინო ნიღაბი სწორად

 

კორონავირუსის გავრცელების უფრო ზუსტი ქრონოლოგია კი ასეთია:

 

8 დეკემბერი: სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრირდება პირველი პაციენტი კორონავირუსის სიმპტომებით.

 

31 დეკემბერი: ვირუსის ადრეულ შემთხვევებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში (WHO) ადასტურებენ.

 

1 იანვარი: ქალაქ უხანში მდებარე ზღვის პროდუქტებისა და ველური ბუნების ბაზარი იხურება დეზინფექციის მიზნით. ვრცელდება ინფორმაცია, რომ აღნიშნული სავაჭრო ობიექტი ეპიდემიის წყაროს წარმოადგენს.

 

7 იანვარი: ჩინელი მეცნიერები ასახელებენ პათოგენს, როგორც კორონავირუსის ახალი შტამი.

 

9 იანვარი: ფიქსირდება გარდაცვალების პირველი შემთხვევა, რომელიც დაკავშირებულია კორონავირუსთან.

 

20 იანვარი: კორონავირუსის შემთხვევები რეგისტრირდება პეკინსა და შენჟენში.

 

23 იანვარი: უხანი კარანტინის ზონად ცხადდება. ქალაქში და მის გარეთ მოძრაობა იზღუდება. ჯამში, უხანსა და მეზობელ ქალაქებში 60 მილიონამდე ადამიანის იზოლირება ხდება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) განცხადებით, ვირუსი ჯერ კიდევ არ გახლავთ საერთაშორისო შეშფოთების საგანი.

რას ჰყვება ჩინელი მამაკაცი, რომელმაც მედიით შეიტყო, რომ კორონავირუსითაა ინფიცირებული
2020-02-03რას ჰყვება ჩინელი მამაკაცი, რომელმაც მედიით შეიტყო, რომ კორონავირუსითაა ინფიცირებული

 

28 იანვარი: დაღუპულთა რიცხვი 100-ს აღწევს. დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა მთელს ჩინეთში აჭარბებს იმ მაჩვენებელს, რომელიც 2002-2003 წლებში მომაკვდინებელ SARS-ს ვირუსის დროს დაფიქსირდა.

 

30 იანვარი: ჯანმო აცხადებს გლობალური მასშტაბის საგანგებო მდგომარეობას.

 

31 იანვარი: გარდაცვლილთა რიცხვი 200-ს აჭარბებს.

 

1 თებერვალი: ჩინეთის ხელისუფლება აფიქსირებს დაღუპულთა ყველაზე მაღალ მაჩვენებელს ბოლო 24-საათიან პერიოდში. რეგისტრირდება გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა, რამაც გარდაცვლილთა საერთო მაჩვენებელი 260-მდე გაზარდა.

 

ბოლო 24 საათში ჩინეთში ინფიცირებულთა რაოდენობა რეკორდულად, დაახლოებით 2400 ერთეულით გაიზარდა.

 

2 თებერვალი: ჩინეთის გარეთ, კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ფილიპინების ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში 44 წლის მამაკაცი კორონავირუსით გარდაიცვალა. ის ჩინეთის ქალაქ უხანიდან იყო.

 

რაც შეეხება ბოლო მონაცემებს, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 304-ია.

 

ფოტო: JAMnews

ავტორი: Prime Time

X