
ომი თავისთავად უბედურებაა და კონფლიქტში მონაწილე მხარეები ხშირად ჰყვებიან ხოლმე იმ საშინელებათა შესახებ, რომელიც ომს მოაქვს
და რაღა თქმა უნდა, ერთმანეთს სისასტიკეში ადანაშაულებენ.
ძალიან ბევრი ამბავი ვიცით, ქართულ მხარეს მყოფი თვითმხილველები აფხაზეთის ომში მონაწილე, მოწინააღმდეგე მხარის მიერ ჩადენილ სისასტიკეზე რომ ჰყვებიან.
თუმცა, აფხაზებიც თავის მხრივ, ცდილობენ, ომის მოვლენები გააშუქონ და სისასტიკეში ქართველები დაადანაშაულონ.
ის, რასაც ქვემოთ წაიკითხავთ, უბრალოდ, რომელიმე აფხაზის ფეისბუქის პოსტი რომ იყოს, არ გაგიზიარებდით,
მაგრამ ეს გახლავთ მედიისთვის, კერძოდ – სააგენტო „რეს“-ისთვის, გენადი ხუბაევის მიერ მიცემული ინტერვიუ, რომელიც შემდეგ სოციალურ ქსელშიც გავრცელდა.
როგორც ხუბაევი ამბობს, ის გახლავთ ზარსკაიას ტრაგედიის თვითმხილველი.
როგორც რესპონდენტი სააგენტო „რეს“-ის კორესპონდენტს უყვება, შეიტყო თუ არა მანქანების კოლონაზე თავდასხმის შესახებ, ის მაშინვე მეგობრებთან ერთად გაიქცა საავადმყოფოსკენ.
„ჩვენ იქ უკვე უამრავი ადამიანი დაგვხვდა, მაგრამ ყველაზე საშინელი სანახავი იყო გვამებით სავსე მანქანები, რომლებიც სისხლის კვალს ტოვებდნენ. როდესაც გვამები დავინახეთ, დრო დაგვჭირდა გონზე მოსასვლელად.
ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ ქართველებმა ასე სასტიკად დახოცეს ბავშვები, მოხუცები, ქალები. ამის დავიწყება არ შეიძლება“, – ამბობს გენადი.
ხუბაევმა მეგობრებთან და სხვა მამაკაცებთან ერთად, რომლებიც საავადმყოფოსთან იმყოფებოდნენ, მანქანებიდან ცხედრების გადმოტვირთვა დაიწყეს.
როგორც მან აღნიშნა, შეუძლებელი იყო ამ სურათის მშვიდად ყურება, ყოველ ჯერზე ყელში ბურთი ეჩხირებოდა და ასეთი ემოციები მხოლოდ მას არ ჰქონია. ბევრი ადამიანი ღვრიდა ცრემლს.
„დახოცილებსაც კი ხვრეტდნენ. ეს ჩანდა გარდაცვლილთა სხეულებზე, ისინი სასტიკად დასახიჩრებული იყვნენ. ვერც კი ვბედავ ფიქრს იმ ნათესავების მდგომარეობაზე, რომლებმაც თავიანთი ახლობლები გვამებს შორის იპოვნეს“, – ამბობს ის.
„ცხედრები მორგთან ახლოს, ასფალტზე ფრთხილად გადავიტანეთ“. როდესაც ხუბაევი კიდევ ერთხელ ავიდა მანქანაზე, რომ გვამი ჩამოეწოდებინა, ადგილზე გაიყინა.
მან მეგობრის დის სხეული დაინახა. მეგობარი კი გარეთ იდგა და არც კი ეჭვობდა, რომ ის გარდაცვლილთა შორის აღმოჩნდებოდა.
როგორც გენადი იხსენებს, ის ერთი წამით გახევდა, არ იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა, უყურებდა მეგობარს, რომელიც მშვიდად იდგა.
„აღმოჩნდა, რომ ჩემმა მეგობარმა არც კი იცოდა, რომ მისი და იმ ავად სახსენებელ მანქანაში იჯდა. მისთვის ეს დიდი დარტყმა იყო. როდესაც მან დის ცხედარი დაინახა, ჩუმად ჩაჯდა ადგილზე და აბღავლდა“. – იხსენებს გენადი.
თანდათან უფრო მეტი ადამიანი შეიკრიბა საავადმყოფოსთან. დაღუპულთა შორის ვიღაც ეძებდა ოჯახის წევრებს, ზოგი – თანაგრძნობას უცხადებდა დაღუპულთა ნათესავებს.
„მეჩვენება, რომ ასეულ კილომეტრზე ისმოდა ტირილის ხმა. საღამომდე დავიცადეთ და გარდაცვლილთა სისხლში მოსვრილები, შოკში მყოფები წავედით მეგობართან, რათა მისი დის დაკრძალვისთვის მოვმზადებულიყავით“.
გენადი ხუბევის თქმით, ეს დღე საქართველოსთვის შავი ნიშანი გახდა – ქართველებმა ჩაიდინეს კიდევ ერთი საშინელი დანაშაული.
„მე არ მესმის, როგორ მოექცნენ ქართველი ფაშისტები ასე ბავშვებს, ქალებს, მოხუცებს. როგორ დაბრუნდნენ თავიანთ ოჯახებში, შვილებთან. ესენი არ არიან ადამიანები, მათ ცხოველებიც კი არ შეიძლება ვუწოდოთ, რადგან ცხოველებიც არ აკეთებენ ამას“, – ამბობს ხუბაევი.
მისი აზრით, ასეთი დანაშაული დაუსჯელი არ უნდა დარჩეს და ადრე თუ გვიან, ყველას საკადრისი მიეზღვება, ვინც მონაწილეობდა ამ სისხლიან კოშმარში.
„ქუთაისამდე აფხაზეთის ისტორიული ტერიტორიაა. ალაჰმა მოგვცეს საშუალება და ნებისმიერ შემთხვევაში იქ გავჩნდებით“ – წერს ერთ-ერთი აფხაზი, ზემოთ ხსენებული ინტერვიუს კომენტარებში.























