
პანდემიის გამო საქართველოში უცხოელი ტურისტებისთვის 18 მარტიდან არის ჩაკეტილი. კოვიდინფექციამ ყველაზე დიდი ზარალი ამ მიმართულებით ტურიზმს და ამ სფეროში დასაქმებულებს მიაყენა.
მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით გარკვეული შეღავათები ტუროპერატორებისთვის.
იმერეთი, ქუთაისი ერთი–ერთი მიმზიდველი რეგიონი და ქალაქია ჩვენს ქვეყანაში ტურისებისთვის, რომელმაც მილიონობით ზარალი მიიღო პანდემიის გამო.
რა გეგმები აქვთ და როგორ ხვდებიან კრიზისს ამაზე პრაიმტაიმს ქუთაისის ტურისტული ცენტრის დირექტორი ტატო ლილუაშვილი ესაუბრა.
– კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველო უცხო ქვეყნის მოქალქეებისთვის 18 მარტიდან ჩაიკეტა. თუ შეგიძლიათ გვითხრათ ამ ხნის განმავლობაში რა რაოდენობის ზარალი ნახა იმერეთმა, ქუთაისმა?
– დიახ, 18 მარტის შემდეგ და ზოგადად ახალი კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების შემდეგ ევროპისა და მსოფლიო ქვეყნებს შორის თითქმის შეჩერდა, როგორც საჰაერო ასევე სახმელეთო მიმოსვლა.
რამაც რა თქმა უნდა მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა ტურიზმთან დაკავშირებული უამრავი სექტორი. სასტუმროები, ტურისტული კომპანიები, გიდები, კვების ობიექტები, მეღვინეობები.
რეგიონალურ დონეზე ზარალის დათვლის მზა ალგორითმი რა თქმა არ არსებობს,
თუმცა გამომდინარე იმ მოცემულობიდან, რომელიც გაცხადებული იყო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ და რომლის მიხედვით 2019 წელს შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენდა 3.3 მილიარდ დოლარს (ზრდა +1.4%),
რაც 47 მილიონით მეტი იყო წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ასევე 2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენდა 217 მილიონ დოლარს (ზრდად +5.4%), რაც 11 მილიონით მეტი იყო წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ცალსახაა, რომ ზარალი უზარმაზარია. რადგან ყველა ზემოთ მოყვანილ მონაცემებში გარკვეული წვლილი ჩვენს ქალაქსაც და რეგიონს შეჰქონდა.
DMO Imereti-მა, დაახლოებით ერთი თვის წინ გამოაქვეყნა მონაცემები იმერეთში ტურიზმიდან შემოსული შემოსავლების შესახებ, რომელიც ამერიკულმა პორტალმა airbnb- იმ მოგვაწოდა.
2 120 205 ლარი 2019 წელს. თუმცა ეს მხოლოდ ერთ-ერთი პორტალის მონაცემებია და კიდევ ერთხელ ადასტურებს ზარალის მაშტაბურობას.
– დაზარალდნენ კერძო ტურისტული კომპანიები, გიდები და ასე შემდეგ, თქვენ როგორც სახელმწიფოს რგოლს, რისი შეთავაზება შეგიძლიათ ამ ადამიანებისთვის?
– ქუთაისელ და იმერეთში მომუშავე გიდებს, ტურისტულ კომპანიებს,სასტუმრო სექტორის წარმომადგენლებს შეეხებათ ყველა ტიპის შეღავათი,
მათთვის ხელმისაწვდომი იქნება უკვე არსებული და მომავალში გათვალისწინებული დახმარების ყველა პაკეტი
და აბსოლუტურად ყველა რეგულაცია, რომელიც მათ მდგომარეობას შეამსუბუქებს ზუსტად ისე, როგორც საქართველოს დანარჩენ რეგიონებში და ქალაქებში.
ცალკე აღებული ააიპ-ი სამართლებრივად ვერ შეძლებს ფინანსური სუფსიდიების გაცემას.
თუმცა, როგორც შუამავალი რგოლი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის ჩვენ თავიდანვე ჩართულები ვიყავით ინფორმაციის, სხვადასხვა ტიპის მონაცემებისა და საჭირო ბაზების მიწოდებაში.
– საქართველოში 15 ივნისიდან ადგილობრივი ტურისტებისთვის გაიხსნება. როგორია თქვენი სამზადისი ამ შემთხვევაში, რა განსაკუთრებული მიდგომა და მექანიზმი გაქვთ იმისათვის, რომ ამ შემთხვევაში ქალაქმა იმაზე მეტი მიიღოს, ვთქვათ, ვიდრე წინა წელს შიდა ტურიზმით?
– დიახ 15 ივნისიდან საქართველოში დაშვებულია შიდა ტურიზმი,
თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ ზუსტად არ ვიცით თუ რა ტიპის რეკომენდაციებს გასცემენ შესაბამისი უწყებები ღონისძიებებთან დაკავშირებით. ვგულისხმობ ისეთ ღონისძიებებს, როგორიც არის სხვადასხვა ტიპის ფესტივალები.
თუმცა ახალ და უჩვეულო სეზონს ქუთაისი კარგი სიახლით – ახალი ტურისტული ბრენდინგით ხვდება.
პროექტზე DMO Imeret- მა და კომპანია „მილენიალ ჰაბის“ წარმომადგენლებმა იმუშავეს.
განახორციელდა ყველა აუცილებელი პროცედურა, რომელიც გათვალისწინებულია მსგავსი ტიპის მარკეტინგული პროექტების შესრულებისას.
იგულისხმება შეხვედრები ფოკუს ჯგუფებთან ( სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან), ჩაღრმავებული ინტერვიუები, ტურისტების გამოკითხვა,
ასევე გამოკითხვები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დასკვნითი ვორქშოფი
.
ჩვენი მიზანი არ ყოფილა ახლის გამოგონება. ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა ავთენტური და თემატურად შესატყვისი პროდუქტი, რომელიც ქართველების შემთხვევაში დანახვისთანავე აღძრავდა ნაცნობ ასოციაციებს, ხოლო უცხოელებს გაეცნობოდა ისეთი, როგორიც არის რეალურად.
ქუთაისის ახალი სლოგანის „ქუთაისი ქალაქია” – ს ინსპირაცია გახლავთ ცნობილი სიმღერა ქუთაისზე,
რომლის ტექსტის უმეტესი ნაწილი გალაკტიონ ტაბიძეს ეკუთვნის, ხოლო მისამღერი, როგორც ამბობენ უცნობი ავტორისაა. ასევე რეზო გაბრიაძის ცნობილი ნაწარმოები ” ქუთაისი ქალაქია”.
სიტყვათა ეს შეთანხმება პატარა დეტალთან გვირილა-სქოლიოსთან კომპლექსში არაჩვეულებრივი პროვაიდერი აღმოჩნდა იმ ბევრი სათქმელის გადმოცემაში, რომელიც ქუთაისის შესახებ შეგვიძლია ვთქვათ.
ეს არის მოქნილი და ტევადი სლოგანი, რომელიც მუდმივად იცვლება და ყვება ახალ ამბავს.
კონკრეტული ფაქტის, მოვლენის, განწყობის სახელწოდება ან რომელიმე პიროვნების სახელი შეიძლება მოიქცეს, როგორც სლოგანის შიგნით, ასევე იყოს მისი გაგრძელება.
მაგალითად: ქუთაისი მუსიკის ქალაქია, ქუთაისი პოეზიის ქალაქია, ქუთაისი პირველი კინოს ქალაქია, ქუთაისი იშხნელების ქალაქია, ქუთაისი ქართული როკის ქალაქია და ასე დაუსრულებლად.
სქოლიო გვირილაც ქალაქის ერთ-ერთი სიმბოლოა
და თუ ამას დავუმატებთ შრიფტს, რომელიც ცისფერყანწელთა ბეჭდური გამოცემების გავლენით შეიქმნა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიზანი, მიგვეღო ორგანული პროდუქტი მიღწეულია.
ბრენდის ფერები – შავი, თეთრი და ყვითელია.
თეთრ ფურცელზე შავად დაბეჭდილი სიტყვები, რითაც დიზაინერს ქალბატონ მანანა არაბულს მე-20 საუკუნის დასაწყისში ქუთაისში განათლების, ლიტერატურისა და პოეზიის აღმავლობის განწყობა უნდოდა გადმოეცა, რომელიც დღემდე განუყოფელია ქალაქის არსთან და ხასიათთან.
ყვითელი ფერი, ოქროს საწმისით, გელათის მოზაიკით და ფრესკებით, მზით – ჰელიოსით და გვირილებითაა შთაგონებული.
ფერების კომბინაცია სადა და დახვეწილია.
ბრენდინგზე მუშაობა არ გულისხმობდა თავის არსში მხოლოდ ვიზუალური იდენტობის შექმნას,
პროექტის ფარგლებში გაიწერა, როგორც მოკლევადიანი სტრატეგია, ასევე მთავარი გასაჟღერებელი მესიჯები. ჩვენი მთავარი ამოცანაა მყარად დავიმკვიდროთ ადგილი საქართველოში.
თუ საქართველოში არსებული ტურისტული თემატური ბრენდები თბილისი – დედაქალაქი, კახეთი- ღვინო, ბათუმი – ზღვა, ხოლო სვანეთი მთაა,
ქუთაისის პოზიციონირება ჩვენი კონცეფციის თანახმად განისაზღვრა, როგორც ყველაზე ავთენტური ქართული ქალაქი,
ევროპაში ერთ-ერთი უძველესი ქალაქი,
საქართველოს პირველი დედაქალაქი და ზოგადად ქალაქი საიდანაც უნდა დაიწყო საქართველოს ისტორიის შესწავლა.
ის არის იმერეთის ცენტრი და იმერეთის 12 მუნიციპალიტეტი ერთიანდება მისი ქოლგის ქვეშ, როგორც სატელიტები და ცალკე ჩაშლილი, თემატურად განსხვავებული ქვებრენდები.
სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით და მარკეტინგული დავალებების შესრულებით ჩვენ უნდა შევძლოთ ამ სათქმელის სწორად მიტანა ადრესატებამდე.
პირველი ნაბიჯი, ამ მიმართულებით, კომპანია “მეტროს” მიერ გადაღებული კლიპი „გამოცანა” გახლდათ, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.
კლიპის ქართული ვერსია სწორედ, რომ ქართულ აუდიტორიაზეა გათვლილი და დარწმუნებულები ვართ, რომ მისი ნახვის შემდეგ ბევრ ადამიანს მოუნდება აქ ჩამოსვლა.
– კორონავირუსისგან უსაფრთხო ტურისტულ ზონებში იმერეთიდან წყალტუბოსა და საირმეს გამოყოფას განიხილავენ. რას ნიშნავს, ეს ეს რომ განგვიმარტოთ?
– წყალტუბოშიც და საირმეშიც, როგორც იცით განხორციელდა ერთ-ერთი წარმატებული კარანტინის პროექტი, რომლის ეფექტურობაც აისახა იმ ვირუს სტატისტიკაში, რომელიც დღეს აქვს საქართველოს.
სწორედ ეს წარმატებული გამოცდილება საშულებას მისცემს ჩვენს კურორტებს პოზიციონირება მოახდინონ, როგორც უსაფრთხო დესტინაციებმა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ტურიზმის ახალ რეალობაში.






















