18:06 | 2020-02-27 ავტორი: Prime Time

ქუთაისის აფთიაქებში პირბადეების დეფიციტია

ქუთაისის აფთიაქებში პირბადეების დეფიციტია

ქუთაისის აფთიაქებში პირბადეების დეფიციტია. ზოგიერთ ქსელურ და არაქსელურ აფთიაქებში ამ დროისთვის არცერთი პირბადე არ აქვთ.

 

„ორი დღის წინ გამოგველია. მოქალაქეებმა შეკვრით გაიტანეს. ერთი ცალი პირბადე 30 თეთრად გავყიდეთ“, – განუცხადეს „პრაიმტაიმს“ ქუთაისის ერთ-ერთ არაქსელურ აფთიაქში.

 

პირბადეები არ აქვთ არც „ავერსის“ ქუთაისის ფილიალში.

 

„ბოლოს გუშინ გვქონდა და ერთი ცალი 50 თეთრად გავყიდეთ“, – გვითხრეს „ავერსის“ ერთ-ერთ ფილიალში.

 

„ჯიპისი“ ერთი ცალი პირბადის ღირებულება 20 თეთრი იყო გუშინ. თუმცა, დღეს არც ამ აფთიაქშიც იშოვება.

 

ქუთაისში, „პსპ“-ს სამი ფილიალიდან პირბადე მხოლოდ ერთ აფთიაქში აქვთ, სადაც ერთ ადამიანზე მხოლოდ 5 ცალს ყიდიან.

 

„ზოგიერთ ჩვენს ფილიალში არ არის, მაგრამ ჩვენთან ამ დროისთვის არის და ერთ ადამიანზე მხოლოდ 5 ცალს ვყიდით, რომლის ღირებულება 75 თეთრია“, – ამბობენ ქუთაისის „პსპ“-ს ფილიალებში.

 

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

26 თებერვალს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების საფუძველი ჯერ არ არსებობს.

 

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.

ავტორი: Prime Time

X