
ქუთაისის ახალი ინფექციური კლინიკა მხოლოდ კორონავირუსით დაინფიცირებულებს მიიღებს. კლინიკის მთავარი ექიმის თეიმურაზ ნადირაძის თქმით, საავადმყოფოს ასეთი 12 პაციენტის მიღება შეუძლია.
„ჩვენ მივიღებთ პაციენტებს, რომელთაც ექნებათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. სხვა განყოფილებები მუშაობას წყვეტენ“, – განაცხადა კლინიკის მთავარმა ექიმმა, თეიმურაზ ნადირაძემ.
კლინიკას ერთდროულად 12 პაციენტის მიღება შეუძლია. ამ ეტაპზე კლინიკა 8 პაციენტის ბიოლოგიურ ნიმუშზე ელოდება პასუხს, კლინიკაში სამი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტია მოთავსებული.
- 1 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით 115 ადამიანია ინფიცირებული.
- 1 აპრილის მდგომარეობით საქართველოში გამოჯანმრთელდა 22 ადამიანი.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
ავტორი: თეონა აბესაძე






















