
ქუთაისის მერიაში, მუშაობის საგანგებო რეჟიმის მიუხედავად, სხვადასხვა სოციალური პროგრამები გრძელდება.
დღეს, ქუთაისის მერის მოადგილის ნინო თვალთვაძის ხელმძღვანელობით გადაუდებელი რეაგირების პროგრამის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის დისტანციური შეხვედრა გაიმართა.
„ჩვენი სამუშაო ჯგუფი დღეს პირველად შევიკრიბეთ ონლაინ რეჟიმში და ვისაუბრეთ იმ ცვლილებებზე, რაც გადაუდებელი რეაგირების პროგრამაში უნდა შევიტანოთ, იქედან გამომდინარე, რომ პანდემიასთან ბრძოლის და საგანგებო მდგომარეობის პირობებში გვიწევს მუშაობა.
გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ ოჯახების შეფასების კრიტერიუმებშიც. მინდა ვუთხრა ჩვენს ბენეფიციარებს, რომ ისინი ამ რთულ პერიოდში ჩვენი ყურადღების გარეშე არ დარჩებიან“- განაცხადა ნინო თვალთვაძემ.
გადაუდებელი რეაგირების პროგრამის ფარგლებში, პარტნიორი ორგანიზაციების „SOS ბავშვთა სოფლის“ და „ვორლდ ვიჟენის” მონაწილეობით, ამჯერად 9 ოჯახს დაეხმარებიან, ეს იქნება საკვებით, მედიკამენტებით თუ რეფერალური მომსახურებით დახმარება.






















