
დღის ბოლოსთვის ქუთაისში კორონავირუსის კიდევ ერთი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ეს ქუთაისში უკვე მეექვსე პაცინტია, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.
ინფიცირებული პაციენტი კლინკაში ქუთაისის ცხელების ცენტრიდან გადაიყვანეს.
ცენტრის ხელმძღვანელის, არჩილ მუკბანიანის თქმით, პაციენტი 62 წლის ქალბატონია. დადგენილია თუ არა მისი ინფიცირების წყარო, ჯერჯერობით უცნობია.
არჩილ მუკბანიანის თქმით, პაციენტს ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანენ, რომელიც ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებულთა მიმღები კლინიკაა.
ქუთაისში კორონავირუსი უკვე ექვს ადამიანს დაუდგინდა.
- დღეს საქართველოში კორონავირუსით მეორე ადამიანი გარდაიცვალა.
- ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 174 შემთხვევაა დაფიქსირებული.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
ავტორი: თეონა აბესაძე






















