
“ეპიდემიის განვითრების ამ ფონზე, მნიშვნელოვანია მოსახლეობის პასუხისმგებლობა და სახელმწიფოს მხრიდან აღსრულების გამკაცრება. ჩვენ თუ ამას მოკლევადიან პერსპექტივაში მივაღწევთ, ეს არის 7-10 დღე, ეს იმას ნიშნავს, რომ ჰოსპიტალურ სექტორს შეგვეძლება ვმართოთ ის ნაკადები, რომელიც პროგნოზულად არის მოსალოდნელი, ეს არის 1 500-2 000 პაციენტი, ამის ზემოთ უკვე არის კრიტიკული ზღვარი და ასე ვთქვათ, შეუსაბამობა იქნება ჩვენს შესაძლებლობასა და პაციენტების რაოდენობას შორის. ამიტომ, კიდევ ერთხელ გთხოვთ, რეგულაციების დაცვა არის აუცილებელი.”, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.
კულუმბეგოვი ამბობს, რომ ვაქცინაციის პროესში რეგიონები პასიურობენ და აუცილებელია მათი გააქტიურებაც.
მისი თქმით, ქვეყანა რეალურად მესამე ტალღის გავრცელებისა და ეპიდემიური აფეთქების ზღვარზეა.
“ქვეყანა რეალურად მესამე ტალღის გავრცელებისა და ეპიდემიური აფეთქების ზღვარზეა და ვაქცინაცია აქ იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამაზე საუბარიც ზედმეტია, ყველა საქართველოს მოქალაქე ამას ხვდება. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის არსებული ვაქცინების დოზები, რაც გვაქვს დროში ლიმიტირებულად, სწრაფად და კარგად იყოს ათვისებული. აუცილებელია უსაფროების სტანდარტის დაცვა ჰოსპიტალურ სექტორში ვაქცინაციის პროცესში. მაგრამ, საჭიროა მეტი ჰოსპიტლის დამატება, რეგიონების გააქტიურება გვესაჭიროება, რადგან ძირითადი კონტინგენტი მაინც თბილისის პირობებში იცრება და მოსახლეობის დიდი ნაწილი, რეგიონებში პრაქტიკულად არ აქტიურობს. ამიტომ ამ საკითხებზე იყო მსჯელობა და ეს საკითხები აუცილებლად უნდა დაიძრას და წინ წამოვიდეს.”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.






















