
„საქართველოში კოვიდი ადამიანთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა გადაიტანა. ძალიან ძნელია შეფასება, ზუსტად რამდენმა პროცენტმა, მაგრამ უხეში ვარაუდით მინიმუმ სამჯერ მეტმა, ვიდრე რეგისტრირებულია“,- ამის შესახებ ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ბუწაშვილი ამბობს, საქართველოში მოსახლეობის 20-25%-ს კოვიდი გადატანილი აქვს.
ამასთან, ბუწაშვილი აღნიშნავს, რომ კორონავირუსის გავრცელებიდან ერთი წლის თავზე ვერ წარმოიდგენდა, თუ ანტივირუსული მედიკამენტი ქვეყანაში არ იქნებოდა, ამიტომ ყველა საკუთარ თავს თავადვე უნდა გაუფრთხილდეს.
„შარშან ამ დროს ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ერთი წლის თავზე ჯერ ისევ არ გვექნებოდა ეფექტური ანტივირუსული მედიკამენტი. ამიტომ, ისევ და ისევ, ინდივიდუალური სიფრთხილის ზომები გადამწყვეტია ჩვენი სიცოცხლის და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
თავდაპირველად გვეგონა, რომ კორონავირუსი ნაკლებად ხასიათდებოდა მუტაციებით, თუმცა აშკარა გახდა, რომ ეს ვარაუდი არასწორი აღმოჩნდა და სადღეისოდ ერთი შეხედვით ცოტათი უკანდახეული ვირუსის მხრიდან ყველაზე მაღალი რისკი სწორედ მისი მუტაციური შტამებისგან არის მოსალოდნელი.
ზოგადად, კორონავირუსთან დაკავშირებით ბევრი ინფორმაცია ელვის სისწრაფით იცვლება და რასაც რამდენიმე თვის წინ ვამბობდით, ხშირად აღარ არის ხოლმე მართალი. ეს ცვალებადი მესიჯები ადამიანებს აღიზიანებს, თუმცა გასაგები უნდა იყოს, რომ ამ ვირუსის შესახებ ყველანი ერთად ვსწავლობთ და ცნობები მუდმივად განახლებადია“,- წერს მაია ბუწაშვილი.























