22:57 | 2020-04-01 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ჰოლანდიაში ინფიცირების შემთხვევები იკლებს – რა პარალელს ავლებს ჰოლანდიაში მყოფი ქართველი პროფესორი საქართველოსთან

ჰოლანდიაში ინფიცირების შემთხვევები იკლებს – რა პარალელს ავლებს ჰოლანდიაში მყოფი ქართველი პროფესორი საქართველოსთან

ნიდერლანდებში მოღვაწე ქართველმა პროფესორმა ალექსი ბაიდოშვილმატვ პირველის“ ეთერში ჰოლანდიაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

 

მისი თქმით ამ დროისთვის ჰოლანდიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 14 ათასამდეა. მათგან 5 ათასზე მეტი სტაციონარში, ნაწილი კი სახლში აგრძელებს მედიკამენტოზურ მკურნალობას.

 

„ჰოლანდიის სამედიცინო დაწესებულებები ყველა ინფიცირებულ პაციენტს ვერ დაიტევს. ამის გამო ბევრი პაციენტი სახლში გადის მკურნალობის კურსს.

 

სტაციონარში მხოლოდ ის პაციენტები წვანან, რომლებიც მძიმედ არიან. მომავალ კვირებში ველოდებით ინფიცირებულთა მატებას.

 

ბოლო დღეების მონაცემებით, ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად კლებულობს, რაც ერთგვარი პოზიტიური ტრენდია.

 

ჰოლანდიაში თვლიან, რომ ის მეთოდები და ნაბიჯები, რომელიც ქვეყანამ გადადგა, ინფიცირებული პაციენტების კლებაზე აისახა.

 

რა არის ის ნაბიჯები, რომელიც ჰოლანდიამ გადადგა?!

 

ალბათ გაგიკვირდებათ, რომ ვთქვა, თითქმის ყველა ის ნაბიჯი რაც საქართველომ. მართალია აქ არ არის კომენდანტის საათი, თუმცა მოსახლეობა მოეკიდა პასუხისმგებლობით ყველა იმ რჩევასა და დარიგებას, რომელზეც რეკომენდაცია ჯანდაცვის სამინისტრომ გასცა.

 

სოციალური დისტანცია, სამ ადამიანზე მეტის შეკრების აკრძალვა და ა.შ იშვიათი გამონაკლისების გარდა… მოსახლეობა მკაცრად იცავს ყველა რეკომენდაციას. “- განაცხადა ალექსი ბაიდოშვილმა.

 

ქართველმა პროფესორმა ჰოლანდიელ მედპერსონალზეც ისაუბრა. მისი თქმით იმის გამო, რომ ქვეყანას უფრო მეტი სამედიცინო პერსონალი სჭირდება, ქვეყანამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.

 

„როდესაც სახელმწიფომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გვჭირდება დამატებითი სამედიცინო პერსონალიო, პენსიონერი ექიმები დაბრუნდნენ ძველ სამსახურებში, დაიწყეს გადამზადება.

 

მომავალი კვირიდან უკვე იქნებიან პაციენტების მისაღებად. ასე დაეხმარებიან თავიანთ ახალგაზრდა კოლეგებს.“- აცხადებს ბაიდოშვილი.

 

ალექსი ბაიდოშვილის თქმით, საინტერესო ცვლილებები განხორციელდა ჰოლანდიის ჯანდაცვის სისტემაშიც.

 

„საინტერესო რაღაც მოხდა პოლიტიკაშიც. გასულ კვირის საპარლამენტო დებატების დროს, ჯანდაცვის მინისტრი შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა.

 

მან იმავე დღეს განცხადება დაწერა და თანამდებობა დატოვა. განცხადებაც გაავრცელა და საზოგადოებას ბოდიში მოუხდა.

 

ასეთ დროს ქვეყანას ჯანმრთელი ჯანდაცვის მინისტრი სჭირდებაო. ამის შემდეგ მოვლენები საინტერესოდ განვითარდა.

 

მმართველმა პარტიებმა, რომლებსაც ძალიან ბევრი პროფესიონალი ჰყავთ თავიანთ რიგებში.

 

ჩათვალეს რომ ამ მომენტში ამ დარგს უნდა უხელმძღვანელოს ნამდვილმა პროფესიონალმა, მაგრამ გადაწყვიტეს, რომ ასეთი კანდიდატი მოეძებნათ ოპოზიციაში.

 

ამჟამად ჯანდაცვის მინისტრი გახლავთ ერთ-ერთი დიდი ოპოზიციური პარტიის წევრი.

 

მართალია ეს პოლიტიკურად ძალიან წამგებიანი იყო ოპოზიციისთვის, რადგან ისინი ისე მწვავედ ვეღარ გაუწევენ ოპონირებას მმართველ გუნდს როგორც აქამდე.

 

თუმცა ახლა ყველამ გვერდით გადადო პოლიტიკა და მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის და მოქალაქეების გადარჩენაა. “- განაცხადა ალექსი ბაიდოშვილმა.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X