
ამ წუთში ეროვნულ გამოცდებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მივდივართ დაგეგმილი ფორმატის მიხედვით, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა.
„ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების ფორმატი რჩება იგივე, რაც იყო. ჩვენ მივყვებით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. ყველა გადაწყვეტილება იქნება მოსწავლის და აბიტურიენტის ინტერესების გათვალისწინებით და ამას წინასწარ ვაცნობებთ საზოგადოებაა. ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატის და ვადების ცვლილება ამ ეტაპზე არ განიხილება“,- განაცხადა დგებუაძემ.
მისივე თქმით, განათლების სამინისტრო არის ორიენტირებული ამ სიტუაციიდან გამომდინარე არ დაირღვეს ბავშვის უფლება და არცერთ საფეხურზე მოსწავლეს არ შეუქმნის პრობლემებს.
„მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა მოსწავლის უფლება იყოს დაცული. შესაბამისად, ჩვენ დავიცავთ აბიტურიენტის უფლებებს, რაც დაცული იქნება გამოცდების დროსაც. გამოცდების ჩატარებისას გათვალისწინებული იქნება ყველა ის გარემოება, რაც ამ წუთში ქვეყანაში არსებობს“,- განაცხადა დგებუაძემ.
მინისტრის მოადგილემ არ დააკონკრეტა, ყველაზე ცუდი სცენარით მოვლენების განვითარების შემთხვევაში, შეექმნება თუ არა ეროვნულ გამოცდებს საფრთხე და რა შემთხვევაში ვერ შედგება ერთიანი ეროვნული გამოცდები.
„ამ წუთში ეროვნულ გამოცდებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მივდივართ დაგეგმილი ფორმატის მიხედვით, რაც არსებობს. თუმცა, ვიმოქმედებთ ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, როგორც იქნება საჭირო. სამინისტრო და სისტემა ერგება პროცესებს.
ეროვნული გამოცდები დაგეგმილია და პროცესების განვითარების შესაბამისად ყველა გადაწყვეტილებას ვაცნობებთ საზოგადოებას. იმის გამო, რომ ქვეყანაში მიმდინარე სიტუაცია არ არის აბიტურიენტების ბრალეულობა, ისინი არ უნდა დაზარალდნენ და არ უნდა ჰქონდეთ რაიმე შეფერხება ეროვნულ გამოცდებზე.
დღეს რაც არ არის გადაწყვეტილი, ამაზე ვერ ვისაუბრებ. ჩვენ ყველა მიმართულებით ვმუშაობთ“,- აღნიშნა ეკა დგებუაძემ და დასძინა, რომ რეგისტრაციის ვადის გადაწევის მიუხედავად, თვითონ გამოცდების ვადები არ გადაიწევს და ის ივლისში ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ ეკატერინე დგებუაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრისას არ გამორიცხა ეროვნული გამოცდების ფორმატის ცვლილება და აღნიშნა, რომ „ეს ვარიანტიც შეიძლება იყოს განხილული, მხოლოდ იმ ჭრილში, რომ ყველამ, ვინც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდება, შეძლოს ონლაინ გამოცდის ჩაბარება. თუმცა ეს არ არის ერთადერთი შეთავაზება“.
შეგახსენებთ, რომ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო პროცესი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 16 მარტიდან შეწყდა.
ამ დროისთვის ის ჯერ-ჯერობით 21 აპრილამდეა გადადებული, ვიდრე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.
ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობა 148-ს შეადგენს.
- 24 საათში გამოვლინდა კანონდარღვევის 706 ფაქტი. გამოიწერა 2 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის ჯარიმა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები






















