13:24 | 2020-04-28 ავტორი: Prime Time

რა ემუქრება ბავშვის ჯანმრთელობას, თუ სახლიდან ვერ გაგყავთ – ივანე ჩხაიძის რეკომენდაციები მშობლებს

რა ემუქრება ბავშვის ჯანმრთელობას, თუ სახლიდან ვერ გაგყავთ – ივანე ჩხაიძის რეკომენდაციები მშობლებს

კორონავირუსის გამო, ქვეყნის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სახლში დარჩენა აუცილებელია ვირუსის ფართომაშტაბიანი გავრცელების აღმოსაფხვრელად, თუმცა ყველაზე მეტად ეს ბავშვებს უჭირთ.

 

რა შეიძლება მოჰყვეს ბავშვების დიდი ხნით სახლში ყოფნას და პასიური ცხოვრების რეჟიმს ჯანმრთელობის კუთხით, ამ თემაზე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ივანე ჩხაიძე საუბრობს.

ექიმის განმარტებით, მოწოდება “დარჩით სახლში”, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად სწორია, რადგან სახლში დარჩენა მინიმუმამდე დაგვაყვანინებს ინფექციის გადაცემის რისკს.

 

ამის პარალელურად, უნდა გავითვალისწინოთ ის საფრთხეც, რაც 2-3 თვის განმავლობაში ბავშვების სახლში გამოკეტვას ახლავს თან.

 

სკოლამდელი ასაკის ბავშვები კი, ბაგა-ბაღების დახურვის შემდეგ სულ სახლში არიან და ეს პერიოდი შედარებით უფრო მეტად სტრესულია.

 

დღევანდელ სიტუაციას ანუ მკაცრ იზოლაციას და კარანტინს მსოფლიოს უდიდესი ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი უწოდეს.

 

ბავშვისთვის პოსტ-ტრავმული სტრესის გამშვებად შემდეგი ფაქტორები ითვლება: რაღაც მოხდა ბავშვთან; რაღაც მოხდა ვიღაცასთან, რომელიც ბავშვთან ახლოს არის; ბავშვი რაღაც უჩვეულოს ხედავს. ეს სამივე კომპონენტი ახლა აქტიურად მოქმედებს და მათი ზეგავლენაც ბავშვებზე რეალურია.

 

გარდა ამისა, ბავშვის ხანგრძლივ იზოლაციას ბინის პირობებში კიდევ ერთი რისკი ახლავს: მზის სხივების და სუფთა ჰაერის მკვეთრი ნაკლებობა.

 

მზის სხივების ზემოქმედების შედეგად (პერიოდი მარტიდან მაისამდე ამისათვის იდეალური დროა) წარმოიქმნება D ვიტამინი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ძვლების და კუნთების განვითარებისთვის, იმუნური სისტემის ფუნქციონირებისათვის.

 

მზის სხივები მინის მიღმა არ იძლევა D ვიტამინის წარმოქმნის ეფექტს, ვინაიდან მინა თითქმის მთლიანად ბლოკავს ულტრაიისფერ სხივებს, ამიტომ სახლში ხანგრძლივი ყოფნა ხელს უშლის D ვიტამინის პროდუქციას.

 

უფროსის მეთვალყურეობის ქვეშ, დღის განმავლობაში ერთი-ორჯერ 20-30 წუთის განმავლობაში ბავშვის გაყვანა ეზოში, სკვერსა თუ ბაღში, სოციალური, 2 მეტრიანი დისტანციის დაცვით (დისტანციის დაცვა აუცილებელია) საკმარისია როგორც D ვიტამინის წარმოქმნისთვის, ისე გარემოს შეცვლის და ფიზიკური აქტიურობისთვისაც.

 

კორონავირუსი ჰაერში არ დაფრინავს, ის გადაეცემა წვეთოვანი ან კონტაქტური გზით და თუ ჩვენ ყურადღებას მივაქცევთ, რომ ეზოში მაგიდას, სკამს, საქანელას ხელი არ მოჰკიდოს და შემდეგ ცხვირზე, თვალებზე ან პირზე არ მოისვას ხელი, დავიცავთ ელემენტარულ ჰიგიენურ ნორმებს, მაშინ ბავშვების სახლიდან გაყვანის გამო მათი დაინფიცირების რისკიც მინიმალური იქნება.

 

-რა შეიძლება გამოიწვიოს დიდი ხნით, ფიზიკური აქტივობის გარეშე, ბავშვის სახლში ყოფნამ?

 

-როდესაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ბავშვი სახლშია, მოძრაობის და ფიზიკური აქტივობის გარეშე, ის საათობით უყურებს ტელევიზორს, სმარტფონსა თუ კომპიუტერის მონიტორს, მიჯაჭვულია ეკრანზე. ამის უკან ძალიან სერიოზული პრობლემები დგას: წონის მატება, ძილის დარღვევა, მხედველობის დაქვეითება, ქცევის პრობლემები.

კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა: თუ სახლში თუნდაც ერთი მწეველია, ძალიან დიდი რისკია, რომ ბავშვები პასიური, ე.წ. მეორადი მწეველები გახდნენ.

 

გარდა ამისა, როდესაც თამბაქოს მწეველ დედას ან მამას ჰგონია, რომ აივანზე გასვლით და იქ სიგარეტით მოწევით ბავშვებს საფრთხეს არ უქმნიან, ძალიან ცდებიან: მათი ტანსაცმელია საფრთხის შემცველი.

 

იქ ილექება ნიკოტინი და თამბაქოს კვამლში შემავალი სხვა ქიმიური ნივთიერებები, მათ შორის კანცეროგენურიც, ამიტომ თამბაქოს ასეთ ზემოქმედებას ე.წ. მესამედი მწეველობა ჰქვია.

 

სასუნთქი სისტემის დაზიანების რისკი ასეთი ოჯახების ბავშვებში ძალიან მაღალია.

 

-ვისაც ახალშობილი ჰყავს, მან რა უნდა გაითვალისწინოს ბავშვის გასეირნებისას?

 

-ახალშობილთან დაკავშირებით სუფთა ჰაერზე გაყვანა ანალოგიური წესის დაცვით უნდა მოხდეს. ძალიან ხშირად უნდა გავანიავოთ ოთახი, რომ ჰაერი გამოიცვალოს.

 

დავალაგოთ სველი წესით, სუფთა ჰაერისა და მზის სხივების შემოშვება აუცილებელია. თუ თქვენ ბავშვს გარეთ გაიყვანთ, არ აქვს მნიშვნელობა, 6 თვის არის თუ 6 წლის, წესები ერთნაირია.

 

ნებისმიერი ადამიანი, რაოდენ ჯანმრთელადაც არ უნდა გამოიყურებოდეს, თქვენთვის რისკის მატარებელია, ამიტომაა დისტანციის დაცვა აუცილებელი.

 

-ვის სახლსაც მზის სხივები არ ხვდება, დამატებით ვიტამინების მიცემა ხომ არ არის საჭირო?

 

-თუ სახლს მზის სხივები არ ხვდება და ვერ ახერხებთ გარეთ გაყვანას, მაშინ შეიძლება აუცილებელი გახდეს D ვიტამინის დამატებით მიცემა.

 

ზოგადად, თუ ბავშვი ბალანსირებულ კვებას იღებს, ის დამატებით ვიტამინებს ან მულტივიტამინებს არ საჭიროებს. საინტერესოა, რომ რიგ კვლევებში აღნიშნულია C ვიტამინის დადებითი ეფექტი კორონავირუსის მკურნალობაში.

 

C ვიტამინის წყაროა, მაგალითად, ფორთოხალი, ლიმონი, კივი.

 

-რა იქნება თქვენი მთავარი რჩევა თვითიზოლაციაში მყოფი მშობლებისადმი?

 

-ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ეს არის ვირუსი, აუცილებლად უნდა დაამატოთ პოზიტიური ინფორმაციაც და უნდა უთხრათ, რომ არიან ექიმები, რომლებსაც ადამიანების დახმარება შეუძლიათ და რომ ეს ვირუსი ძალიან საშიში არ არის.

 

შეიძლება სიტაუციური თამაშიც მოიგონოთ: უთხარით, რომ ეს ვირუსი შეიძლება ტელევიზორის პულტში იყოს და ჩვენ შეგვიძლია მასთან ბრძოლა.

 

მიეცით ბავშვს ტილო, რომელიც სადეზინფექციო სითხით იქნება დასველებული და მან თავად გაწმინდოს ტელევიზორის პულტი. ჩათვალოს, რომ ისიც იღებს აქტიურ მონაწილეობას ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.

 

იგივე გააკეთებინეთ კლავიატურაზე, სმარტფონის ეკრანზე. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სველი წესით სახლის და საოჯახო ნივთების დასუფთავება/გაწმენდა ქმედითი ღონისძიებაა, ასე რომ ამაში შეგიძლიათ შვილებიც დაიხმაროთ.

 

ისინი ამას სიამოვნებით გააკეთებენ, თუ კარგად აუხსნით, რატომ არის მსგავსი ქმედება საჭირო.

ავტორი: Prime Time

X