16:23 | 2021-01-18 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

რა გახდა დუშეთის პანსიონატში ბენეფიციარის გარდაცვალების მიზეზი – „სადენზიფექციო დალია“   

რა გახდა დუშეთის პანსიონატში ბენეფიციარის გარდაცვალების მიზეზი – „სადენზიფექციო დალია“   

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, გუშინ დუშეთის შშმ პირთა პანსიონატში 51 წლის ბენეფიციარი გარდაიცვალა. წყაროს ცნობით, თინათინ ბლიაძემ, რომელსაც წლებია ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ეტლს იყო მიჯაჭვული, გუშინ სადეზინფექციო ხსნარი დალია და შეუძლოდ გახდა. დაწესებულებაში გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა ექიმებს ბენეფიციარი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

 

„პრაიმტაიმმა“ მოიპოვა ჩანაწერი, სადაც პანსიონატის სხვა ბენეფიციარები მომხდარის შესახებ საუბრობენ. ამბობენ, რომ ქალბატონის გარდაცვალების მიზეზზე საჯაროდ საუბარი არ შეუძლიათ, რადგან ფაქტის გახმაურების შემთხვევაში მათ სერიოზული პრობლემები შეექმნებათ. ამის გამო მათ ვინაობას არ ვასაჯაროებთ.

 

გთავაზობთ ფრაგმენტებს, სადაც ბენეფიციარები თინა ბლიაძის გარდაცვალების მიზეზების შესახებ საუბრობენ.

 

„სადეზინფექციო ხსნარი დალიაო ამბობენ. ფოიეში იყო ხსნარი. მის ოთახში არ შეგვიშვეს. ახლა ამას კი არ იტყვიან რითი მოკვდა, სხვა რამეს ეტყვიან ოჯახს. ამაზე ხმა რომ ამოვიღოთ აზრი არ აქვს, აქეთ მოგვ… დედას. თინამ, რომ სადეზინფექციო ხსნარი დალია ეგ ჩვენ არ უნდა ვთქვათ. “

 

„პრაიმტაიმის“ სასწრაფო გადაუდებელი დახმარების პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ აღნიშნულ ბენეფიციართან გამოძახება პირველად 16 იანვარს მოხდა, თუმცა პაციენტი სტაციონარში არ გაჰყვათ.

 

„გამოძახება 16 იანვარს, 00:18 საათზე მოხდა, ჩვენი ეკიპაჟი 00:22 საათზე უკვე ადგილზე იყო. ქალბატონს ჰქონდა ზედაპირული ტრავმა, ჰოსპიტალიზაციაზე უარი თქვეს. 17 იანვარს იყო მეორე გამოძახება 16:48 საათზე და ეკიპაჟი უკვე ადგილზე 16:56 საათზე იყო. სამწუხაროდ, პაციენტი უკვე გარდაცვლილი დახვდათ“, – გვითხრეს უწყებაში.

 

„პრაიმტაიმი“ დუშეთის პანსიონატის დირექტორს, გიორგი მარტყოფლიშვილს დაუკავშირდა. მან პანსიონატში ბენეფიციარის გარდაცვალება დაადასტურა, თუმცა სიკვდილის გამომწვევ მიზეზზე არ უსაუბრია. მისი თქმით, ამ კითხვას პასუხს სამხარაულის ექსპერტიზა გასცემს.

 

„გიდასტურებთ, გუშინ პანსიონატში გარდაიცვალა ჩვენი ბენეფიციარი თინათინ ბლიაძე. სასწრაფო, რომ მოვიდა ჯერ ისევ თბილი იყო მიცვალებული. ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული და სიკვდილის გამომწვევ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

 

თინათინ ბლიაძეს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. რამდენჯერმე სტაციონარიდან გამოიქცა. ის ყოველთვის უარს ამბობდა საავადმყოფოში მკურნალობაზე. დიდი ხანია რაც შეუძლოდ იყო. ოქტომბრიდან მოყოლებული ამ დრომდე სხვადასხვა კლინიკებში იმყოფებოდა სამკურნალოდ. ჯერ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფებოდა.

 

მოითხოვა სიგარეტის მოწევა და ალკოჰოლი, რაც არ დაუკმაყოფილეს და კლინიკა მეორე დღესვე დატოვა თვითნებურად. დაახლოებით ერთი თვის მერე გადაყვანილი იყო ქავთარაძეზე ლეჩკომბინატში, რომელიც ასევე თვითნებურად დატოვა. დაახლოებით ერთი კვირის წინ, გადაყვანილი იყო ებრაულ კლინიკაში, ისიც თვითნებურად დატოვა. ამ შემთხვევაშიც მიზეზი სიგარეტი და ალკოჰოლის მოთხოვნა იყო, რაც არ დაუკმაყოფილა პერსონალმა და ამის გამო ექიმებს შეურაცხყოფა მიაყენა…

 

სამივე შემთხვევაში მისი სტაციონარში გადაყვანის მიზეზი ჯანმრთელობის გაუარესება იყო. მეოთხე შემთხვევაში კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შესთავაზა კლინიკაში გადაყვანა, მაგრამ არ გაჰყვა. მას ფეხები ძალიან ჰქონდა შესიებული. აწუხებდა ჰაერის უკმარისობა, სატურაცია ხანდახან 65 ნიშნულზე ჩამოდიოდა“, – განაცხადა გიორგი მარტყოფლიშვილმა.

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X