
| რა მოხდა?
გასულ ღამეს “მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში ერთმანეთს ნიკა მელია და გუბაზ სანიკიძე ერთმანეთს მწვავედ დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი გუბაზ სანიკიძის მხრიდან ოპოზიციის კრიტიკა გახდა. მისი თქმით, ხალხი დაიღალა და ოპოზიციისგან კონკრეტული ქმედებები უნდა. სიტუაცია კი განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც სანიკიძემ მიხეილს სააკაშვილის ჩამოსვლა მოითხოვა.
„ვის უნახავს შენი ბრძოლა, ხან იქით ხარ, ხან აქეთ. ხან მიშას აქებ, ხან ბიძინას აქებ, ხვალ პეტრეს შეაქებ, პავლეს შეაქებ. მიშაზე მეტი მიშისტი ხარ და ჩვენ ვართ ახლა ქვეყნის მტრები?!, – უთხრა მელიამ გუბაზ სანიკიძეს. რის შემდეგაც ჯერ ნიკა მელიამ დატოვა ეთერი, შემდეგ კი გუბაზ სანიკიძემ.
| მიიღო თუ არა სააკაშვილმა სანიკიძის “მოწვევა” საქართველოში დაბრუნების შესახებ
ტელეეთერში ატეხილი დაპირისპირების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ახსნა მიზეზები, რომელთა გამოც, საქართველოში ვერ ჩამოდის. ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პოლიტიკური დევნილია.
” მე საქართველოში ვერ ვბრუნდები არა იმიტომ, რომ რომელიმე ოპოზიციის წევრს არ უნდა, რომ არ დავბრუნდე, არამედ, იმის გამო, რომ ვიმყოფები პოლიტიკურ დევნილობაში არსებული დანაშაულებრივი ხელისუფლების მიერ, რომელმაც ამ დღეებში ქართველ ერს უპრეცედენტო მასშტაბით მოპარა თავისუფალი არჩევანის უფლება და გაძარცვა პრაქტიკულად მთელი საქართველო – დღევანდელი და მომავალი თაობები!..
თუ ქართული ოპოზიცია ერთობლივად გადაწყვეტს, რომ ივანიშვილის დასამარცხებლად ჩემი ჩამოსვლა იქნება ერთ-ერთი იარაღი, გარწმუნებთ, ვიპოვი საშუალებას საქართველოში შემოღწევის და არაფრის არ შემეშინდება საერთოდ, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ჩემი უსაფრთხოებაც და პიროვნებაც ჩემთვის მეათე ხარისხოვანია, როცა სამშობლოს ვკარგავთ, – დაწერა სააკაშვილმა.
| გამოხმაურებები
მომხდარი ინციდენტის შემდეგ, სანიკიძის მიერ, სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების საკითხს დისკუსიები ფეისბუქზეც მოჰყვა. “პრაიმტაიმი” რამდენიმე პოზიციას გაგაცნობთ.
ნიკა გვარამია, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი:
“სასაცილოა, როცა ნიკა მელიასგან იცავ მიშა სააკაშვილს, და სამარცხვინოა, როცა ყველას ლუზერს ეძახი და არაფრის მაქნისს, და ჩვენი ყველას ერთობლივ ბრძოლას მონსტრის წინააღმდეგ წინასწარ განწირულად აცხადებ და იმედგაცრუებას თესავ. თან, რატომღაც (?) საზოგადოებას არწმუნებ, რომ თურმე ოპოზიციურ ერთობაში ვინმე სააკაშვილის ჩამოსვლის წინააღმდეგია. ამ დროს, არ არის, და ან ვის აქვს უფლება, პოლიტიკურ დევნილს სამშობლოში დაბრუნება აუკრძალოს?! და მთავარი: ადამიანმა კონტექსტის შეგრძნება არ უნდა დაკარგოს. შეიძლება სულაც ბაჯაღლო სიმართლეს ამბობდე, მაგრამ არც ამისი დრო იყოს და არც ადგილი, და პირიქით, ზუსტად მაგ სიმართლე და მიზანი დააზიანო ამ უკონტექსტობით. ასეა ეს. და მთავარი არც სახელები და გვარებია, არც პარტიების სახელწოდებებია. მთავარია ერთობა და ხალხის ერთგულება ”
მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი:
“არადა, იდეაში გუბაზა სწორს ეუბნებიდა: თუ რევოლუციის გზით მიდიხართ, მიშას გარეშე არაფერი გამიგივათო. სხვა საკითხია, რომ ჩემი აზრით, მიშას ჩამოსვლის შემთხვევაშიც არ გამოვა დღეს რევოლუცია, მაგრამ ამ ლიდერებს ხომ უფრო ნაკლები შანსი აქვთ?”
არჩილ გამზარდია, პოლიტოლოგი:
“პირადად, მე, მგონია, რომ “ნაციონალურ მოძრაობასაც” მაგრად ამოუვიდა ყელში მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ უბრალოდ ვერ ცვლიან, ვერაფერს უხერხებენ. ვინც კი “ნაციონალურ მოძრაობაში” ლიდერის თვისებებს იძენს და პერსპექტივაში კონკურენტად შეიძლება ექცეს სააკაშვილს, მას მაქსიმალურად იშორებს სააკაშვილიც. ნიკა მელია კი განვითარებადი, პროგრესირებადი ლიდერია, მას რომ არ ჰქონდეს სააკაშვილის “ჩარჩოები”, შეიძლება საკმაოდ კარგ ლიდერადაც ჩამოყალიბდეს და სააკაშვილის მხარდამჭერებიც თავისკენ გადმოქაჩოს და ახალი მხარდამჭერებიც შემატოს “ნაციონალურ მოძრაობას”, მაგრამ ამას სააკაშვილი არ დაუშვებს ასე მარტივად. ეს არის და ეს. უბრალოდ, სააკაშვილი ამას სხვა ადამიანების პირით და ხელით თუ გააკეთებს.”






















