19:28 | 2020-09-10 ავტორი: თამთა თორდია

რა ღირს ჯანსაღი ცხოვრება – წამყვანი ფიტნეს მენტორი გირჩევთ

რა ღირს ჯანსაღი ცხოვრება – წამყვანი ფიტნეს მენტორი გირჩევთ

როგორ და რატომ უნდა დავიწყოთ ჯანსაღი ცხოვრება? რა არის სწორი კვება? რა ღირს კარგი ჯანმრთელობის შენარჩუნება? სანამ გადავწყვეტთ სწორი კვების და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების დაწყებას, ვფიქრობ უნდა ვიცოდეთ, თუ რა ბენეფიტების მომტანია ჩვენი გადაწყვეტილება და გავცეთ პასუხი ყველა ზემოთ ჩამოთვლილ კითხვას.

 

ამ საკითხზე კი ფიტნეს მენტორი სანდრო გოგოხია გვესაუბრება.

 

გონივრული კვება სიმსუქნის ეპიდემიის წინააღმდეგ - ფიტნეს მენტორის რჩევები 
2020-07-12გონივრული კვება სიმსუქნის ეპიდემიის წინააღმდეგ - ფიტნეს მენტორის რჩევები 

 

ჯანსაღი ცხოვრება საქართველოში აღქმულია სხვადასხვა მითებთან, რომელთა დამსხვრევას ახლა შევეცდები.

 

მითი N1: “ჯანსაღი ცხოვრება უნდა დავიწყოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზედმეტი წონა გვაქვს”.

 

ძალიან კარგი თუ მოსახლეობის მცირედმა ნაწილმა მაინც უარი თქვა შიმშილ დიეტებზე და ჯანსაღი ცხოვრების დაწყება დაუკავშირა სწორად წონაში კლებას.

 

ჩემი ორივე სოციალური გვერდი და ყველა სტატია, რომელიც ამ ბოლო დროს გამოვაქვეყნე სწორედ იმის დამტკიცებას ეხება, რომ წონაში დაკლების ერთადერთი სწორი გზა არის ჯანსაღ ცხოვრებაზე გადასვლა, თუმცა ნიშნავს ეს, რომ როდესაც სასურველ შედეგს მივაღწევთ უნდა გადავუხვიოთ სწორი კვებიდან? რა თქმა უნდა არა.

 

„თქვენი ჯანმრთელობა თქვენს ხელშია” მინდა თამამად ვთქვა, მაგრამ სამწუხაროდ არის ბევრი დაავადება, რომელთა გაკონტროლება ჩვენს ძალებს აღემატება, თუმცა არის ბევრიც, რომელთა პრევენცია ჯანსაღი ცხოვრებით არის შესაძლებელი.

 

სიმსუქნე, დიახ ჭარბწონიანობა არის დაავადება. დისბალანსი ენერგიის ხარჯვის შემცირებას (ფიზიკური უმოქმედობის გამო) და ჭარბი კალორიის მიღებას შორის, სწორედ ეს არის სიმსუქნის ეპიდემიის მთავარი განმსაზღვრელი. დაიმახსოვრეთ, დღეს თუ თქვენ არ გაწუხებთ ჭარბწონიანობა, არ ნიშნავს, რომ არ შეგაწუხებთ მომავალში. მეორე ტიპის დიაბეტის გამომწვევი მიზეზი, სწორედ არაჯანსაღი საკვების მიღებით გამოწვეული ჭარბი წონაა. დიაბეტი იწვევს გულის და თირკმელების დაავადების, ინსულტის და ინფექციების განვითარების რისკის გაზრდას. ფიზიკური ვარჯიში და ჯანმრთელი წონის შენარჩუნება მნიშვნელოვან როლს ასრულებს დიაბეტის პროფილაქტიკასა და მკურნალობაში.

 

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მსოფლიოს მთავარი მკვლელები, უმეტესწილად განპირობებულია არაჯანსაღი საკვების მიღებით და ფიზიკური უმოქმედობის გამო.

 

მათი ძირითადი ფორმების, გულის დაავადებების და ინსულტის განვითარების რისკი მცირდება ნაკლები გაჯერებული და ტრანს-ცხიმების მიღებით. ონკოლოგიური დაავადებების გამომწვევი კონკრეტული მიზეზები უცნობია, თუმცა მრავალ არასასურველ ფაქტორს განიხილავენ დაავადების სავარაუდო მაპროვოცირებლად, თამბაქო, დაბინძურებული გარემო, ალკოჰოლი, არაჯანსაღი საკვები, ჭარბი წონა და სხვ.

 

იცოდით, რომ არაჯანსაღი საკვები და ჭარბი წონა იწვევს საყლაპავის, კოლორექტუმის, მკერდის, ენდომეტრიუმის და თირკმელების კიბოს განვითარების რისკს? ალკოჰოლის მიღების შეზღუდვა კი შეამცირებს პირის ღრუს, ყელის, საყლაპავის, ღვიძლისა და ძუძუს კიბოს განვითარების რისკს. თამბაქოს მოწევა პირდაპირ კავშირშია ფილტვების კიბოსთან და ესე დაუსრულებლად.

 

კუჭ-ნაწლავის დაავადებების კავშირზე არაჯანსაღ კვებასთან და ჭარბწონიანობასთან დაწვრილებით აღარ განვიხილავ, ისედაც ნათელია. აღარ შევეხები არც სხვა დაავადებებს, ვიტამინების და მინერალების ნაკლებობას, ჰემოგლობინის ვარდნას, ანემიას და ა.შ. მაშ რა არის ჯანსაღი ცხოვრება? ხშირ შემთხვევაში ჩვენ არ შეგვიძლია იმის გაკონტროლება, თუ რა გარემოში ვცხოვრობთ, მაგრამ შეგვიძლია ვეცადოთ გავაკონტროლოთ ის რაც ჩვენზეა დამოკიდებული.

 

სწორი საკვების მიღება, ძალიან ცოტა ალკოჰოლი, აუცილებლად ფიზიკური დატვირთვა, სრულფასოვანი ძილი და არა თამბაქოს.

 

მითი N2: “ფიზიკური აქტივობა აუცილებელია მხოლოდ წონაში კლების მიზნით”.

 

ფიზიკური უმოქმედობა უკვე არის გლობალური ჯანმრთელობის რისკი და გავრცელებულია როგორც ინდუსტრიულ, ისე განვითარებად ქვეყნებში, განსაკუთრებით ღარიბ ქალაქებში. მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო დაწესებულებების და კვლევითი ცენტრების მიერ აღიარებულია ფიზიკური აქტივობის უმნიშვნელოვანესი როლი, როგორც კვების და ჯანმრთელობის ნაწილი.

 

დიახ, ფიზიკური დატვირთვა ენერგიის ხარჯვის მთავარი განმსაზღვრელია და ამრიგად ფუნდამენტურია ენერგიის ბალანსისა და წონის კონტროლისთვის, მაგრამ ასევე საწინდარია ჯანმრთელი და დღეგრძელი ცხოვრების. მარტივი სიტყვებით, რომ ვთქვა, თქვენ ამაგრებთ სხეულს, რომელიც უფრო მარტივად გაუძლებს ცხოვრებისგან მოტანილ გაუთვალისწინებელ და მოულოდნელ დარტყმებს.

 

თუ თქვენ გაქვთ სურვილი და შესაძლებლობა იაროთ სპორტულ დარბაზებში, გადასარევი არჩევანია, მაგრამ თუ ამის შესაძლებლობა არ გაგაჩნიათ, უფასოდაც მშვენივრად შეგიძლიათ ვარჯიში, როგორც სახლში, ასევე ღია ცის ქვეშ.

 

მითი N3: “სწორი კვება წარმოუდგენელია ავოკადოს, ნუშის რძის, ჩიას და სხვა მსგავსი ძვირადღირებული პროდუქტების გარეშე”. დიახ, ეს პროდუქტები ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის, მაგრამ თუ არ გაქვთ შესაძლებლობა მათი შეძენის უარი არ თქვათ ჯანსაღ კვებაზე, ვინაიდან მისი შემადგენელი ნაწილი მხოლოდ ზემოთ ხსენებული პროდუქტები არ არის.

 

პირველ რიგში იმისთვის, რომ სწორ კვებაზე გადავიდეთ აუცილებელია უარი ვთქვათ გაზიან ტკბილ სასმელებზე, “fast food”-ზე, “თარო-გამძლე” პროდუქტებზე, რომლებიც შეიცავენ დიდი რაოდენობით სოდიუმს, შაქარს, ცხიმს, ემულგატორებს, საღებავებს და სხვა მავნე დანამატებს (შოკოლადები, ჩიფსები, სწრაფი დამზადების სუპები და სხვ.), გადამუშავებულ ხორცზე (სოსისი, ლორი და ა.შ.).

 

მეორე ფაქტორი, ვინ თქვა, რომ ბურღულეული არის მავნე საკვები? უმეტესობა მათგანი შეიცავს უამრავი რაოდენობით ვიტამინებსა და მინერალებს, რომ არაფერი ვთქვა უჯრედისზე (ბოჭკო/fiber). რა არის უჯრედისი? უჯრედისი არის ბოჭკო, რომელიც მცენარეების საფუძველს წარმოადგენს.

 

იგი აუმჯობესებს ნაწლავების მოტორულ ფუნქციას და შთანთქავს ტოქსინებს. უჯრედისით მდიდარი პროდუქტებით კვება ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ნორმალურ ფუნქციონირებას, არეგულირებს კუჭის მოქმედებს და ხელს უშლის ყაბზობის განვითარებას.

 

ხილ-ბოსტნეული აუცილებელია ვიტამინების და მინერალების მისაღებად. მიიღეთ ნებისმიერი, რომელიც გსიამოვნებთ და ხელმისაწვდომია თქვენთვის, მათ შორის კარტოფილიც ზომიერი რაოდენობით.

 

ჯანსაღი ცხიმი აუცილებელია თქვენი ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. შეგიძლიათ მიიღოთ ყველის, კვერცხის სახით.

 

ერთი შეფუთვა ზეითუნის ზეთი გეყოფათ საკმაოდ დიდი ხანი, ვინაიდან გადაჭარბებული ცხიმის მიღება გამომწვევია მრავალი დაავადების.

 

თუ თქვენ ოჯახში მზადდება სადილი ოჯახის არაერთი წევრისთვის, ამ შემთხვევაშიც ცხიმი გაუკეთეთ მცირე რაოდენობით (მენდეთ, მაინც გემრიელი გამოდის) და თქვენი სადილიც ჯანსაღი გამოვა. თუ თქვენ არ გაქვთ შესაძლებლობა, რომ ყოველდღე მიირთვათ ახალი ხორცი ცილის მისაღებად, შეიძინეთ გაყინული ან ჩაანაცვლეთ სხვა ცილის შემცველი პროდუქტებით. მაგალითად ლობიო, ყველი, კვერცხი, ხაჭო.

 

როგორც მოგეხსენებათ ძალიან აქტიური სოციალური ქსელები მაქვს, სადაც პოპულარიზაციას ვუწევ ჯანსაღ კვებას და ვარჯიშს. სწორედ ამ მიზნით ჩავატარე გამოკითხვა, რომლის მთავარი მიზანი იყო გამერკვია ჯდება, თუ არა სწორი კვება იმაზე ძვირი ვიდრე კვება, სადაც აღნიშნულ ფაქტორს ყურადღებას არ აქცევ. გამოკითხვაში 300-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, 80%-ზე მეტი თვლის, რომ თუ სწორად მიუდექი საკითხს და სწორი კვების მენიუ გონივრულად შეადგინე, მაშინ მეტი ბიუჯეტის გამოყოფა საჭირო აღარ იქნება.

 

სამწუხაროდ დღეს გენმოდიფიცირებული პროდუქტი გვხვდება ყველა კუთხეში და არ მაქვს საუბარი მხოლოდ ლამაზად შეფუთულ შოკოლადებსა და ჩიფსებზე.

 

თანამედროვე სამყაროში ჯანსაღი კვება პრობლემატური გახდა არა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ძვირადღირებულია, არამედ უბრალოდ ნამდვილად ჯანსაღი პროდუქტის მოძიება არის რთული. ამიტომ ვეცადოთ ის საკვები მაინც ამოვიღოთ რაციონიდან რაც ზუსტად ვიცით, რომ მავნებელია ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის“,- აცხადებს სანდრო გოგოხია.

ავტორი: თამთა თორდია

X