
პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის წევრებს, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებსა თუ რიგით მოქალაქეებს, მოგვიწოდებს, რომ ვინაიდან ტურიზმს უჭირს, ყველანი დავირაზმოთ, დროებით შიდა ტურიზმით დავკავდეთ და მოვიაროთ საკუთარი ქვეყნის ის ადგილები, რომელიც არ გვინახავს.
„პრაიმტაიმმა“ გადაწყვიტა, გაერკვია, რა ვითარებაა ამ მხრივ, სად შეიძლება წასვლა და რა დაჯდება ეს ყველაფერი 1 ადამიანისთვის.
დამეთანხმებით ალბათ, რომ როდესაც სადმე წასვლას გადაწყვეტ, პირველ რიგში ინტერნეტში მოიძიებ ტურებს.
მეც ასე მოვიქეცი და რომ მეგონა, უამრავ შეთავაზებას შორის არჩევანის გაკეთება გამიჭირდებოდა, აღმოჩნდა, რომ საერთოდ არანაირი შეთავაზება არაა ტურისტული კომპანიების მხრიდან.
საიტებზე უმეტესად დევს ძალიან ძველი – რამდენიმე წლის წინანდელი შეთავაზებები, ყველაზე ახალი კი 2020 წლის თებერვლითაა დათარიღებული.
სავარაუდოდ, ტურისტული კომპანიებისთვის ქართველების მომსახურება მიმზიდველი არ გახლავთ, რადგან უცხოელებისგან განსხვავებით, ქართველები იმდენს ვერ გადაიხდიან, რომ მათთის ეს მომგებიანი ბიზნესი გახდეს.
თანაც, ალბათ ყველამ ვიცით, რომ ნებისმიერ ტურისტულ ლოკაციაზე, სადაც შესვლა ფასიანია, თუ საქართველოს მოქალაქის პასპორტს წარადგენ, ფასი ნახევრდება.
რადგან შიდა ტურების შემოთავაზება ტურისტული კომპანიებისგან ვერ ვნახე, გადავწყვიტე, თავად შემედგინა 2-დღიანი ტური, დასვენების დღეებისთვის და გამომეთვალა, რა დამიჯდებოდა.
საინტერესოდ მომეჩვენა იმერეთ-სამერგელოში მოგზაურობა.
გეგმა ასეთი იყო: სათაფლიის ნაკრძალი, პრომეთეს მღვიმე, კინჩხის ჩანჩქერი, ოკაცეს ხეობა (კანიონი), მარტვილის ხეობა, ნავით გასეირნება.
მოვძებნე საშუალო დონის სასტუმროც, ღამის გასათევად.
სასტუმროს 2-ადგილიან ნომერში 1 ადგილის საშუალო ფასი 50 ლარი გახლავთ.
სათაფლიაში შესასვლელი ბილეთი 8 ლარი დაგიჯდებათ, პრომეთეს მღვიმე – 11,5 ლარი, ნავით გასეირნება 11,5 ლარი; კინჩხის ჩანჩქერი – 10.35 ლარი,
ოკაცეს კანიონი – 9.2 ლარი, მარტვილის კანიონი – 10.35 ლარი შესასვლელი ბილეთი, ხოლო ნავით გასეირნება 15 ლარი. ჯამში 75 ლარი და 90 თეთრი.
რაც შეეხება ტრანსპორტს, ვინაიდან ტურისტული კომპანიის მომსახურებით ვერ სარგებლობ, შესაბამისად, – ჯგუფთან ერთად ვერ იმოგზაურებ და ტრანსპორტზეც თავად მოგიწევს ზრუნვა. მძღოლისა და მანქანის დაქირავება ძალიან ძვირი გახლავთ, ამიტომ ან საკუთარი ტრანსპორტით უნდა წახვიდე (დაახლოებით 100-120 ლარის საწვავი დასჭირდება ამ ტურს) ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით და სანახავი ადგილების რაოდენობა შეამცირო, რადგან ყველაფრის ნახვას ვერ მოასწრებ.
2 დღის განმავლობაში, სამჯერადი კვება დაახლოებით 50-80 ლარი დაჯდება (თუ ფენოვან ხაჭაპურზე არ გადაივლი დღეში სამჯერ).

ასევე გასათვალისწინებელია სხვადასხვა წვრილმანი ხარჯიც (წყალი, ყავა, ჩაი, მანქანის გასაჩერებელი ადგილის გადასახადი და ა.შ, რაც სავარაუდოდ 50 ლარი მაინც იქნება.
ყველა ხარჯს თუ შევკრებთ, მივიღებთ, რომ 2-დღიანი ტური ერთ ადამიანს 350 ლარი დაუჯდება. თუ ოჯახის წევრთან ერთად წავა, 500-600 ლარი (საწვავის ხარჯი მხოლოდ ერთხელ ჩაითვლება).






















