
შორენა ბეგაშვილის რჩეული, ცნობილი „კანონიერი ქურდი“ ლაშა ბარათელი ჯერ კიდევ 25 წლის ასაკში სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. 2014 წლის დეკემბერში მასზე თავდასხმა განხორციელდა, რის გამოც ბარათელი პეტერბურგის საავადმყოფოში მოხვდა.
ლაშა ბარათელს კრიმინალურ წრეებში „ჭიას“ მეტსახელით იცნობენ. 32 წლის ბარათელი ჯანგველაძე-ონიანის კლანის წარმომადგენელია, რომელსაც, ასევე, მჭიდრო კავშირი ჰქონდა 2016 წელს სტამბულში მოკლულ როვშან ჯანიევთან.
სწორედ ამ უკანასკნელმა „აკურთხა“ ქურდად 2014 წელს ლაშა ბარათელი. ამ კლანის სახელს უკავშირდება ქურდული სამყაროს „ნათლიმამის“ ასლან უსოიანის, იგივე „ძედ ჰასანის“ მკვლელობა, რის გამოც ლაშა ბარათელზე შურისძიება არაერთხელ სცადეს, ისევე როგორც ამავე კლანის სხვა „კანონიერ ქურდებზე“.
2014 წელსვე ლაშა ბარათელს „ძედ ჰასანის“ დაჯგუფების წევრები სასტიკად გაუსწორდნენ და მას სხეულზე მრავლობითი ჭრილობებიც მიაყენეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ლაშა ბარათელი ამჟამად ესპანეთში იმყოფება.
ლაშა ბარათელი 2016 წელს ყაზბეგში დააკავეს, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ის უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა. იმავე დღეს ბარათელს ქვეყანა დაატოვებინეს.
ასლან უსოიანი 2013 წლის იანვარში რუსეთში, ერთ-ერთი ცნობილი რესტორნიდან გამოსვლის დროს მოკლეს. კრიმინალური „გენერალი“ სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა.






















