11:33 | 2020-03-02 ავტორი: Prime Time

რა ხდება საჩხერის სასტუმროში, სადაც ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები კარანტინს გადიან 

რა ხდება საჩხერის სასტუმროში, სადაც ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები კარანტინს გადიან 

რამდენიმე დღეა რაც ჩინეთიდან საჩხერეში ჩამოყვანილი საქართველოს 34 მოქალაქე კარანტინს გადის. „პრაიმტაიმი“ საჩხერის საავადმყოფოსთან არსებულ სასტუმროში მყოფ რამდენიმე პირს ესაუბრა.

 

როგორც ერთ-ერთი მათგანი ამბობს, ისინი თავს კარგად გრძნობენ და ჯანმრთელობის პრობლემები არცერთ მათგანს არ აღენიშნება.

 

„აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ჩინეთში მოსახლეობა იმყოფება თვითიზოლაციაში და მკაცრად იცავენ სახელმწიფოს მიერ მიცემულ მითითებებს, რაც მიმართულია ვირუსის გავრცელებისაგან. ყოველ დასახლებაში მიმდინარეობს ტემპერატურის მონიტორინგი ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში- მეტროსა და სუპერმარკეტში. მთელი ჩინეთის მასშტაბით აკრძალულია პირბადის გარეშე გადაადგილება. ხოლო რაც შეეხება ჩინეთიდან საქართველოში დაბრუნებულ 34 მოქალაქეს, რომლებიც 2 კვირით იმყოფებიან კარანტინში, საჩხერეში, არც ერთ ჩვენგანს არ ქონია შეხება ჰუბეის პროვინციასთან(COVID19-ის ეპიცენტრთან), ასევე თითოეული ჩვენგანი იმყოფებოდა ამ პირობებში. იმის მიუხედავად რომ მკაცრად ვიცავდით ერთთვიან თვითიზოლაციას და ინფიცირების რისკი იყო მინიმალური, საქართველოს სახელმწიფოს მიერ კარანტინთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ყველას მართებულად მიგვაჩნია.“ – ამბობს საქართველოს მოქალაქე.

კარანტინში მყოფი მეორე პაციენტის თქმით, ექიმები ყველა მოქალაქის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ და დღის განმავლობაში რამდენჯერმე სინჯავენ.

 

„მოვლენების სწრაფი განვითარების გამო, პირველ ღამეს პირობები არ იყო 100 %-ით დამაკმაყოფილებელი, თუმცა აღსანიშნავია, რომ თითოეულ ოთახში იყო თერმომეტრი. მეორე დილიდანვე ყველა პირობა შესრულდა და სანიტარული ნორმები დაცულია. ვიმყოფებით საუკეთესო პირობებში. სამჯერადი მრავალფეროვანი კვება, სითბო, სასიამოვნო ინტერიერი და გარემო, ძალიან თბილი და მეგობრული პერსონალი, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ დააკმაყოფილონ ჩვენი ყველა მოთხოვნა. განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ ინგა დეიდას და ადმინისტრატორ ლევანს, რომლებიც განსაკუთრებული პოზიტიური დამოკიდებულებით გამოირჩევიან. თითოეული სართული, აღჭურვილია: ქირურგიული ხელთათმანებით, პირბადეებით და სადეზინფექციო საშუალებებით. შიდა პერსონალი და არა მარტო შიდა ასევე, გარეთ მყოფი, დაცვის პოლიცია შესაბამისად არის ეკიპირებული, მიუხედავად იმისა რომ, შენობის გარეთ არიან. ტემპერატურის მონიტორინგი მიმდინარეობს საათობრივად, და ვიმყოფებით სხვადასხვა დარგის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

 

კიდევ ხაზს ვუსვამ, რომ ჩინეთში სრულიად ყველა მკაცრად იცავს უსაფრთხოებისა და სანიტარულ რეკომენდაციებს. შესაბამისად ქართველი საზოგადოება საჭიროებს ცნობიერების ამაღლებას ამ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, რასისტული დამოკიდებულება აზიელების მიმართ არარაციონალურობაზე მეტყველებს.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ იმერლები, კონკრეტულად საჩხერლები გამოირჩევიან განსაკუთრებული იუმორის გრძნობით“- ამბობს საჩხერეში მყოფი.

ჩვენი საუზმე: 

შეგახსენებთ, საქართველოს მოქალაქეები ჩინეთიდან 22 თებერვალს სპეცრეისით ჩამოიყვანეს და საჩხერის საავადმყოფოსთან არსებულ სასტუმროში გაანაწილეს. ჩინეთში მყოფმა ქართველებმა სამშობლოში დაბრუნების სურვილი თავად გამოთქვეს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ, 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე, 50 წლის კაცია, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ავტორი: Prime Time

X