
31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.
| არჩევნების შედეგები (ცესკოს მონაცემები, დათვლილია უბნების 100%)
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დათვლილია უბნების 100% – სულ 3847 უბანი. ამ მონაცემების მიხედვით, პარლამენტში შესასვლელად 1%-იანი ზღვარი შემდეგმა პარტიებმა გადალახეს:
- ქართული ოცნება – 48.15%
- ნაციონალური მოძრაობა – 27.14%
- ევროპული საქართველო – 3.78 %
- სტატეგია აღმაშენებელი – 3.15 %
- ლელო – 3.15%
- პატრიოტთა ალიანსი – 3.14 %
- გირჩი – 2.89 % “
- ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები” – 1.33 %
| საარჩევნო პროცესში არსებული მნიშვნელოვანი დარღვევები
“სამართლიანი არჩევნების” (ISFED) განცხადებით, საარჩევნო უბნების 8 პროცენტზე მნიშვნელოვანი დარღვევები დაფიქსირდა.
ასეთი მასშტაბის დარღვევა ბოლო წლების განმავლობაში არ გამოვლენილა. ამდენად, იგი ყურადღებას იმსახურებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას შესაძლოა, გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მეირ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო, მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4,1%-ზე ნაკლები.
აღნიშნული ტენდენცია საფრთხეს უქმნის მიმდინარე საარჩევნო პროცესისადმი ნდობას, ამდენად საჭიროებს დაუყოვნებლივ რეაგირებას საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან.
– ნათქვამია მათ მიერ, 1 ნოემბერს გამოქვეყნებულ დასკვნაში.
| რას აჩვენებს პარალელური დათვლის (PVT) შედეგები
“სამართლიანი არჩევნების” (ISFED) პარალელური დათვლის მონაცემებით,
- „ქართული ოცნება“ 45,8%,
- „ნაციონალური მოძრაობა“ 26,4%,
- „ევროპული საქართველო“ 3,7%,
- „პატრიოტთა ალიანსი“ 3,1%,
- „ლელო“ 3,1%,
- „სტრატეგია აღმაშენებელი“ 3%,
- „გირჩი“ 2,8%,
- „მოქალაქეები“ 1,3%,
- „ლეიბორისტული პარტია“ 1%,
- „ერთიანი საქართველო“ 0,9%
| ოპოზიციის პოზიცია
ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც საარჩევნო სისტემით დადგენილი 1%-იანი ბარიერი გადალახეს, ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს უნდობლობას უცხადებენ და ამბობენ, რომ ბოიკოტის ნიშნად, მეათე მოწვევის პარლამენტში არ შევლენ.
მათ 3 ნოემბერს, შესაბამის შეთანხმებას ხელი “თბილისში მერიოტში” მოაწერეს.
ეს პარლამენტი არ ასახავს ამომრჩევლის ნებას. ამიტომ ჩვენ, ოპოზიციური პარტიები, რომელთაც გაგვიყალბეს არჩევნები, უარს ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე და გადავდგამთ ყველა სამართლებრივ ნაბიჯს, რომ დე იურე და დე ფაქტო, არ შევიდეთ ამ ე.წ. პარლამენტში. ჩვენ არ მივიჩნევთ ამ პარლამენტს ლეგიტიმურად, რადგან ის არის უკანონო ქმედებების შედეგად არჩეული და არ გამოხატავს ხალხის ნებას”
– წერია შეთანხმებაში, რომელსაც ხელს შემდეგი პარტიები აწერენ: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო”, “ლელო”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “გირჩი”, “ლეიბორისტული პარტია”, “რესპუბლიკური პარტია”, “სახელმწიფო ხალხისთვის”, “ევროპელი დემოკრატები”, “კანონი და სამართალი”, “ერთიანი საქართველო”, “მოქალაქეები”, “ტრიბუნა”, “გამარჯვებული საქართველო”, “სამართლიანობისთვის”, “თავისუფალი დემოკრატები”, “თავისუფლება”, “თავისუფალი საქართველო”, “სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის”
არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ოპოზიციური პარტიების დეკლარირებული მიზანია ბრძოლა ხელახალი არჩევნების ჩატარებისთვის.
| საპროტესტო აქციები ცესკოსთან
3 ნოემბერს მათი მხარდამჭერების ნაწილმა საპროტესტო აქციაც გამართა ცესკოს შენობასთან. აქციის მონაწილეებმა ცესკო-ს შესასვლელთან გაკეთებულ რკინის ღობეს ქვები დაუშინეს, სკანდირებდნენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა და ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია სისხლის სამართლის დამნაშავეა.
საპროტესტო აქცია ცესკოს შენობასთან გაიმართა დღესაც, 4 ნოემბერს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტს პერმანენტული ხასიათი ექნება.
| რას ამბობს ცესკო
ცესკო უწყების მიმართ მიზანმიმართულ ნეგატიურ კამპანიაზე საუბრობს. ამის დასტურად მაგალითად მოაქვს ფეისბუქზე შექმნილი გვერდი, სახელწოდებით “გაყალბებული ოქმები”, სადაც, უწყების თქმით ქვეყნდება ოქმები, რომლებიც თითქოს გაყალბებულია, თუმცა სინამდვილეში გაყალბებული არ არის.
ასეთ დაფინანსებულ გვერდზე გავრცელებული ოქმები, თითქოს გაყალბებულია, მიზნად ისახავს საარჩევნო შედეგებისადმი უნდობლობის გაჩენას. მაგალითად, გამოქვეყნდა ოქმი და აწერია “გაყალბებულია”, თუმცა იქ ყველა რიცხვი სწორია, მაგრამ გადამოწმების გარეშე შესაძლოა, ადამიანს ეგონოს, რომ ოქმი მართლაც გაყალბებულია
– განმარტავენ უწყებაში.
| რას ამბობს მთავრობა
პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ღიად უცხადებს მხარდაჭერას ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას და ამბობს, რომ ჟვანის “ჯილდო ეკუთვნის” საარჩევნო პერიოდში მის მიმართ გამოთქმული შეურაცხმყოფელი განცხადებების ატანისთვის.
გარდა ამისა, კობახიძე ოპოზიციის გაცხადებული ბოიკოტის გეგმის შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ “ერთპარტიული პარლამენტი არ ვარგა”.
“ერთი პარტით დაკომპლექტებული პარლამენტი არ ვარგა და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, უკვე დარწმუნებული ვართ, რომ ეს ასე არ იქნება
-განაცხადა კობახიძემ.
ასევე, კობახიძის თქმით, ხმების გადათვლასთან დაკავშირებით მზაობა არსებობს. კობახიძის განმარტებით, საჭიროების შემთხვევაში ეს უზრუნველყოფილი იქნება.
“რაც შეეხება გადათვლას, ამასთან დაკავშირებით ჩვენს გვქონდა კონსულტაციები და მზაობა ზოგადად ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს – გარკვეული კრიტერიუმების საფუძველზე, რომ მოხდეს უბნების გადათვლა. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ოქმს აწერს ხელს კომისიის ყველა წევრი, მათ შორის, ოპოზიციის დანიშნული. ამის მიუხედავად, მე რამდენადაც ვიცი, ცესკოს ამის მზაობა აქვს და შესაბამისად, ეს იქნება უზრუნველყოფილი“,- აცხადებს კობახიძე.
ოპოზიციის ბოიკოტის გეგმას ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძეც.
გულწრფელი იმედი მაქვს, მიხვდებიან, რომ არ შეიძლება საკუთარ ამომრჩეველს და ქვეყანას ბოიკოტი გამოუცხადო
– აცხადებს მდინარაძე და დასძენს, რომ ოპოზიცია “ნაციონალური მოძრაობის” შანტაჟის ქვეშ არის.
| მთავრობის ლიდერების შეხვედრა ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან
დღეს, 4 ნოემბერს, “ქართული ოცნების” ლიდერები “შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში” ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ თქვა,
შეხვედრისას მათ კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული.
რეალურად, შედეგებშიც ჩანს, რომ ჩვენ პირველად საქართველოს ისტორიაში ჩავატარეთ არსებითად პროპორციული სისტემით არჩევნები, რომლის შედეგადაც პოლიტიკურმა პარტიებმა დამოუკიდებლად შეძლეს ბარიერის გადალახვა და შესვლა პარლამენტში. ჩვენ ასევე გავაცანით მათ ის პროცესები, რომლებიც კანონმდებლობის თანახმად წარიმართება არჩევნების მეორე ტურამდე, ასე რომ აქვთ სრული იფნორმაცია, როგორი სამზადისი იქნება მეორე ტურის ჩათვლით და შემდგომი პარლამენტის მოწვევამდე”.
| მეორე ტური
ცესკოს განცხადებით, მეორე ტური 30-დან 16 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება, და მათ შორის – თბილისის 8 მაჟორიტარულ ოლქში.
მეორე ტურის გამართვის თარიღად 21 ნოემბერი განისაზღვრა.
ოპოზიცია ამბობს, რომ მეორე ტურებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ, თუმცა, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ოპოზიციას კახეთში, ზუგდიდსა და თბილისის რამდენიმე ოლქში მეორე ტურისთვის მზადება უკვე დაწყებული აქვთ. კობახიძის ეს განცხადება ამ დრომდე არ დაუდასტურებიათ ოპოზიციის ლიდერებს.
აღსანიშნავია, რომ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ჯილიან სტირკის განცხადებით, ეუთო არჩევნების მეორე ტურს არ დააკვირდება.
ცნობისათვის, ოპოზიციის გადაწყვეტილების მიუხედავად, არ მიიღონ მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, ტექნიკურად, მათი კანდიდატების არჩევნებიდან მოხსნა შეუძლებელია. შესაბამისად, 21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტურზე მისულ ამომრჩეველს მაინც ექნება შესაძლებლობა, ხმა მისცენ ოპოზიციის კანდიდატებს.
| რას ამბობს არასამთავრობო სექტორი
“საქართველოს მთავრობამ ვერ უზრუნველყო არჩევნების დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარება”, – ეს არის მთავარი გზავნილი, რომელსაც 23 არასამთავრობო ორგანიზაცია დღეს, 4 ნოემბერს ავრცელებს. არასამთავროების ერთობლივი განცხადების ხელმომწერთა შორის არიან “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”, “სამართლიანი არჩევნები”, ღია საზოგადოების ფონდი…
გვინდა, აღვნიშნოთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გამოირჩეოდა დემოკრატიის დაბალი ხარისხით, რაც დამაზიანებელი იქნება ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარებისა და საერთაშორისო რეპუტაციისთვის“
– ნათქვამია განცხადებაში.
| საერთაშორისო გამოხმაურებები:
| ამერიკის საელჩო:
არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა
| აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი მიხაელ ზიბერტი
საპარლამენტო არჩევნების განმავლობაში გამოყენებულმა ახალმა საარჩევნო სისტემამ გზა გაუხსნა უფრო პლურალისტურ პარლამენტს. მნიშვნელოვანია ამ შესაძლებლობის გამოყენება. ველოდებით, რომ საერთაშორისო სტანდარტები მეორე ტურში შენარჩუნდება. საარჩევნო პროცესის ხარვეზები უნდა აღმოიფხვრას ყველა პოლიტიკურ აქტორს შორის თანამშრომლობის გზით
| გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვენდი მორტონი:
გაერთიანებული სამეფო ეუთო/ოდირის დასკვნას ეთანხმება, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარდა. მოვუწოდებთ მხარეებს არჩევნების მეორე ტურის სამართლიანად და კანონის სრული დაცვით ჩატარებისკენ, რომელიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს გლობალურ, საგარეო მისწრაფებებთან
| გერმანელი ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი:
მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები კონკურენტუნარიანი და ზოგადად თავისუფალი იყო, სამწუხაროა ამომრჩევლებზე ზეწოლის შემთხვევები. ადმინისტრატიულ და განსაკუთრებით ფინანსურ რესურსებზე არათანაბარი წვდომა ძირს უთხრის დემოკრატიას.
| ამერიკელი გენერალი, ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი მეთაური ფილიპ ბრიდლავი:
საქართველოში ჩატარებული არჩევნები ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვან დემოკრატიულ მიღწევას წარმოადგენს. მთავრობას მიეცა მანდატი აშშ-სთან, ნატო-სთან და დასავლელ მოკავშირეებთან ურთიერთობების განსამტკიცებლად
| როდის გაიმართება საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა
ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს არაუგვიანეს 20 დეკემბრისა. კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერის მიხედვით, პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს.






















