
„პრაიმტაიმს“ საქართველოს საპატრიარქოდან სანდო წყარომ აცნობა, რომ 20 მარტს წმინდა სინოდის სხდომაზე ზიარების წესის ცვლილებას დაამტკიცებენ.
ეპისკოპოსები ერთსულოვნად ამას მხარს დაუჭერენ. წყაროს ინფორმაციით, მეუფეები ამ საკითხზე ახლახანს შეთანხმდნენ, თუმცა სხვადასხვა მოტივით:
„20 მარტს, სინოდის სხდომაზე ზიარების წესს შეცვლიან. რუსეთში მარტივად მოხდა ცვლილება, ჩვენთან ძველი ქართული წესით შეიცვლება. გასულ კვირას ერთჯერადი ჭიქებით მოხდა სიტკბოების მიღება. ეპისკოპოსები კორონავირუსის გავრცელებისთანავე ამ საკითხზე მსჯელობდნენ, თუმცა ვერ თანხმდებოდნენ. პროდასავლელი ეპისკოპოსები დასავლურ მოდელზე მიუთითებდნენ და მრევლის უსაფრთხოებაზე საუბრობდნენ. რუსეთის მხარდამჭერი მეუფეები კი, კირილეს გადაწყვეტილებას ელოდნენ. ახლა, ორივე მხარე შეთანხმდა საქართველოში ზიარების წესის ცვლილებაზე, რომელიც მხოლოდ ერთი კოვზით ზიარებას არ ეხება.
შეიცვლება ჯვარზე მთხვევის წესიც, ისე როგორც რუსეთში მოხდა – ზიარების მიღების შემდეგ, მრევლს თავზე ჯვარს დაადებენ.
ამ წესის შემოღებას ითხოვდა ამერიკაში მოღვაწე მეუფე საბა, რომელსაც სხალთელი ეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი დაუპირისპირდა და აცხადებდა, რომ ჯვარზე მთხვევა არ უნდა შეიცვალოს, ახლოს არ მოგვეკაროთ, სეფისკვერსაც შორიდან მოგაწვდითო, ასე ცინიკურად ამბობდა მეუფე სპირიდონი კვირას ქადაგებისას.
ახლა, რუსეთშიც რომ მსგავსი წესი დამკვიდრდა, აღარ აკრიტიკებს ამ ინიციატივას და ისიც მხარს დაუჭერს წმინდა სინოდის სხდომაზე.
სანამ საპატრიარქო დააანონსებდა წმინდა სინოდის სხდომის თარიღს, მამა ალექსანდრე გალდავას წამოსცდა ამის შესახებ და შემდეგ უკვე სასწრაფოდ ინფორმაცია გავრცელდა უკვე საპატრიარქოს მხრიდან.“- ამბობს წყარო.
„პრაიმტაიმი“ ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს მამა ანდრია ჯაღმაიძეს დაუკავშირდა.
როგორც მან წერილობით გვიპასუხა, მეუფეებს შორის არსებულ დავაზე არაფერი აქვს სათქმელი, ხოლო წმინდა სინოდის სხდომაზე ზიარების წესის ცვლილებაზე ის ვერ საუბრობს.
„თქვენი წყარო სანდო თუა, სინოდი აღარ ყოფილა საჭირო, არც დავაზე მაქვს რაიმე სათქმელი. მე დღეს როგორ მეცოდინება ზეგ რა გადაწყვეტილებას მიიღებს 45 ეპისკოპოსი?“ – წერს „პრაიმტაიმს“ მამა ანდრია ჯაღმაიძე.
შეგახსენებთ, 2019 წლის 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, სადაც სწორედ ის საკითხები განიხილეს და ის გადაწყვეტილებები მიიღეს, რომლებზეც რამდენიმე დღით ადრე „პრაიმტაიმთან“ იგივე წყარო საუბრობდა.






















