
გიორგი სანაიას 46 წელი შეუსრულდებოდა. მისმა გარემოცვამ და შოუბიზნესის კულუარებში მოტრიალე ნებისმიერმა ადამიანმა იცის, რომ ცნობილ ჟურნალისტს განსაკუთრებულად უყვარდა ქართული ესტრადა და მომღერლები. რამდენიმე მათგანთან გამორჩეული სიახლოვეც ჰქონდა. მათ შორის, ყველაზე ახლოს იყო ლელა წურწუმიასთან და მის პროდიუსერ ქმართან, კახა მამულაშვლთან. ალბათ, გახსოვთ, იმ შემზარავი დღის კადრები, გიორგის სახლთან, შოკურ მდგომარეობაში მყოფი “მამულიჩა” როგორ ტირის…
კახა “პრაიმტაიმთან” იხსენებს იუბილარ მეგობარს და დასძენს, რომ სიმღერას, რომელიც ჟურნალისტმა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე თავისად მონათლა, ლელა ამდენი წლის შემდეგ, კონცერტებზე, პირველად შეასრულებს.
კახა მამულაშვილი: – ლელა ავთო ბადუაშვილის ხმის ჩამწერ სტუდიაში წერდა სიმღერას “ჩუმად ნათქვამი”, როდესაც გიორგი სანაია დაესწრო და თქვა, ეს ჩემი სიმღერაა, დაიმახსოვრეო. ლელა ორსულად იყო. სამწუხაროდ, გიოს ამ სიმღერის სრულყოფილი ვერსიის მოსმენა აღარ დასცალდა. სანამ სიმღერა დაბალანსდა, მოკლეს…
კლიპი გადავიღეთ იმიტომ, რომ ის გიორგი სანაიასთვის მიგვეძღვნა. მას შემდეგ ლელა ამ სიმღერას არც უსმენდა და არც არსად შეუსრულებია ის. “ჩუმად ნათქვამის” შესრულებაზე საერთოდ უარი თქვა. სხვათა შორის, ახლა ამბობს, უნდა გავაცოცხლო და კონცერტებზე უნდა ვიმღეროო, პირველად, ოცი წლის შემდეგ.
ივლისში კლუბ “16 რაუნდში” შერეული კონცერტები ტარდებოდა. მახსოვს, სიმღერის დროს ლელას აუხტა სცენაზე. ეცეკვა. მეორე დღეს ლელას მესიჯი მოსწერა, გამოკითხვა ჩატარდა, ვისთან ერთად ისურვებდით ლუდის დალევას და შენ აგირჩია ხალხმაო… ეს იყო გიოს უკანასკნელი მესიჯი. მეორე დღეს აღარ იყო.
საშინლად მახსოვს ის დღე… მათე კირვალიძემ დამირეკა, გიორგი დაიკარგა, მგონი ცოცხალი აღარ არის და გთხოვ, მიდი მის სახლშიო. მივედი და მის სახლთან უკვე პოლიცია ტრიალებდა.
გახსენებაც მიმძიმს. გადავირიე ლამის. წინა დღეებში ისეთი ხშირი კონტაქტი გვქონდა – ლელას სიმღერაზე თქვა, ეს ჩემი სიმღერააო, მერე სცენაზე აუვარდა, მერე მესიჯი და უცებ ეს ტრაგედიაც… მიჭირდა ამ ყველაფრის გაცნობიერება… დღემდე ვერ ვიხსენებ უემოციოდ…
ვიდეო ↓ გიორგი სანაიას ვიდეო გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე უნიკალური კადრები






















