
გუშინ თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე, სპეცოპერაციის დროს დაკავებული ჩეჩენი ეროვნების მამაკაცი, გავრცელებული ინფორმაციით, პანკისის ხეობაში ქავთარაშვილების და მუთოშვილების დაპირისპირებულ გვარებს შორის, შერიგების პროცესშიც მონაწილეობდა.
ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ პანკისის ხეობის ერთ-ერთი უხუცესი, ხასო ხანგოშვილი უდასტურებს.
„დაახლოებით თვენახევარია, რაც გავიცანით. ახლო ურთიერთობა არ მქონია, მაგრამ მისი საქმიანობით დავინტერესდი და კითხვები დავუსვი.
ამიხსნა, რომ ბიზნესმენია. საეჭვო არაფერი შემინიშნავს, არც ზარები, არც ვინმესთან კონტაქტი.
ჩვენთან დაპირისპირებულ გვარებს შორის, შერიგების პროცესი მიმდინარეობს და იქაც მონაწილეობდა.
როგორც ვიცი, მხარეებთან,თურქეთში მცხოვრები საერთო მეგობარი აკავშირებს. სამართალდამცავები, გუშინ ზრდილობიანად მოვიდნენ, თავიანთი საქმე გააკეთეს.
მკითხეს ასეთ კაცს თუ იცნობთო. ნამდვილად იყო ჩემს ოჯახში და ვუპასუხე კითქო“, – განაცხადა ხანგოშვილმა.
დაკავებული ჩეჩენი მამაკაცის შერიგების პროცესში მონაწილეობას უარყოფს, ერთ- ერთი დაპირისპირებული გვარის, ქავთარაშვილების წარმომადგენელი, მერაბ ქავთარაშვილი.
„სოციალური ქსელით გავიგე, რომ დააკავეს მამაკაცი, რომელიც იმყოფებოდა პანკისის ხეობაში. საერთოდ, არ ვიცით, ვინ არის.
თვალით არ გვინახავს, არც შერიგების პროცესში და არც შემდეგ“, – თქვა ქავთარაშვილმა.
„პრაიმტაიმი“ პანკისის ხეობის უხუცესთა კავშირის თავმჯდომარეს, ზელიმხან წუწაშვილსაც დაუკავშირდა.
რამდენიმე თვის წინ, წუწაშვილმა, დაპირისპირებული გვარების შესარიგებლად, ჩეჩნეთიდან 15-კაციანი დელეგაციის ჩამოყვანა უზრუნველყო.
„არ ვიცი, ვინ არის. მხოლოდ ის გავიგე, რომ ახმედი ჰქვია. ჩვენ ჩეჩნეთიდან, სულ სხვა, მაჰმადიანურ სამყაროში მეტად პატივსაცემი ხალხი ჩამოვიყვანეთ.
ისინი, ყველგან, შერიგებებში მონაწილეობენ და უაღრესად მორწმუნე ხალხია. ამ მამაკაცის შესახებ, არაფერი ვიცი“, – განაცხადა კავშირის თავმჯდომარემ.
შეგახსენებთ, გუშინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე, ჩეჩენი ეროვნების მამაკაცი დააკავა.
მოგვიანებით, სამართალდამცავებმა, პანკისის ხეობის უხუცესის, ხასო ხანგოშვილის სახლი გაჩხრიკეს.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, სახლიდან არაფერია ამოღებული.
დაკავებული მამაკაცი, სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქეა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი























