
ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთ შენობაში გუშინ, 21 ოქტომბერს დაწყებული სპეცოპერაცია 22 ოქტომბერს, გამთენიისას დასრულდა.
21 ოქტომბერი, 14:21 – შინაგან საქმეთა სამინისტროში შევიდა ზარი, რომ ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ცენტრალურ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა.
მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სპეცოპერაცია მძევლების გასათავისუფლებლად. მძარცველი თანხას ნახევარ მილიონ დოლარს და ვერტმფრენს ითხოვდა.
მოგვიანებით, მძარცველს პოლიციელმა მოთხოვნისამებრ, ფული მიუტანეს, გათავისუფლდა მძევლების ნაწილი და დარჩა სამი. გაირკვა რომ მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, თავდამსხმელს ჩაბარდა სამხარეოს უფროსი ავთანდილ გალდავა.
დაახლოებით, 23 საათზე და 20 წუთზე, მძარცველმა „საქართველოს ბანკის“ შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა და პოლიციის პიკაპით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა.
ამის შემდეგ, პოლიციის სამმართველოსთან მძევლების ახლობლები შეიკრიბნენ.
პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ გათავისუფლდა 43 მძევალი.
ამის შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელიც ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ სათვალთვალო კამერის გადაღებულია, სადაც ჩანს შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელიც ბანკის ერთ-ერთ მაგიდას უახლოვდება და ამტვრევს.
„პრაიმტაიმს” წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ გამტაცებელი მძევლებთან ერთად სამეგრელოს სოფლებში უმისამართოდ გადაადგილდება.
04:13 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, “საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა სამი მძევალი ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის ტყეში გაათავისუფლა, რის შემდეგაც მიიმალა.
გათავისუფლებულმა მძევალმა ლაშა შენგელიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა, რომ თავდამსხმელმა ყველა მათგანი ერთდროულად გაათავისუფლა. მძევლები თავს კარგად გრძნობენ.






















