
ქართველი ფოლკლორისტი, პოეტი ეთერ თათარაიძე 15 მარტს 65 წლის გახდა. შინაგანი განწყობით 25-30 წლის ვარო, ამბობს. ერთდროლად შვიდ წიგნზე მუშაობს, ახალგაზრდა თაობას, მეუღლესთან ერთად, ზეპირსიტყვიერებაში ლექციებს უტარებს.
ეთერ თათარაიძე: – ვბერდები და მეჯავრება ჩემი დაბადების დღე. არც არასდროს მყვარებია. არ მცალია იმისთვის, რომ ეს დღე განვასხვავო სხვა ჩვეულებრივი დღეებისგან. დავიბადე და დავიბადე, მორჩა.
გვერდით უთქმელი ხევსური კაცი მყავს. ყოველი 15 მარტის გათენება ჩუმი, ოღონდ ძალიან მნიშვნელოვანია. ასე არ ითქმება. ამ დღეს ამირანი ბალღურია, გაცინებული და ძალიან გაღმეჭილია. სულ ასეთია, ჩუმად იღიმება. უთქმელად წავიდა და მოიტანა რაღაცები. ის რომ მოვიდეს, ეს რომ მოვიდესო. ამ დროს არასდროს აღვნიშნავ ჩემს დაბადების დღეს. ბავშვები მოდიან და ამირანი თადარიგობს ხოლმე. რაც მიყვარს, ისეთი რამეების მოტანა იცის. ხილი, წვენი და პატარა და სიმბოლური ტორტი. ტკბილი ბევრი არ გვეჭმევა. დარჩენილი და მაცივარში აჭყაპუნებული ტორტი, კიდევ არ მიყვარს. ამიტომ იცის, რომ პატარა ტორტი უნდა იყიდოს.
ითვლება, რომ მინდვრის ყვავილი მიყვარს. ამირანი სრულიად ორიგინალურია, იცით რაში? შეიძლება ახლად აყვავებული ხის ტოტი ან ყვავილი მოწყვიტოს და მომიტანოს. შეიძლება ნამდაყრილი ბალახი შემომიტანოს. გუშინ დილით გავიდა და ნამშეყინული ბალახი შემომიტანა. რახან სიბერისკენ მივდივართ, ეგეთი რამ მომართვა. ხელშივე დამიდნა. დაღმეჭილი მოგიტანს ეგეთ რამეს. მთებში როცა ვართ, განსაკუთრებით მაშინ მოაქვს.
სიჯეელეში მთელი კორპუსი გიჟდებოდა, ზურგს უკან დამალული მოაქვს რაღაცო, ნახავ და – ეთეროსთვის თაიგული აქვს დამალულიო. მაშინ ნუცუბიძეზე ვცხოვრობდით და ლისიდან რომ ბრუნდებოდა, ყოველდღე მოჰქონდა ველური ყვავილების თაიგული.
თეზამში ხის სახლი გვაქვს, იქ ტყეში იპოვა პირველი ყოჩივარდა და გაღმეჭილმა მომართვა. შევინახე, რადგანაც “გაზაფხულის დასაწყისი” მომიტანა. ასეთები იცის ამირანმა.
ერთხელ, ივლისში ჯუთაში, ამირანის სოფელში, გურამ რჩეულიშვილის ქალიშვილის, იას დაბადების დღეს ჭიუხებისკენ წავედით, სიმბოლურად აღსანიშნავად. ამირანის დედამ რაღაცები გამოგვიცხო. ყვავილები ყვაოდა და გზად მოვიფიქრეთ, იუბილარი იასთვის ყვავილების განსხვავებულ თაიგულს ან გვირგვინს ვინც გააკეთებს, ის გაიმარჯვებსო. ამირანმა გაიმარჯვა. მდინარის პირზე სანთელივით ყვითელი მაღალი ფესვიანი ყვავილი ამოიღო, ფესვზეც ნამი ეკიდა. ყველა თაიგული დაიჩრდილა. ძალიან გავბრაზდი, რომ ყველას გვაჯობა. იაც აღფთოვანდა…

ფოლკლორისტი ამირან არაბული საპატრიარქოს უნივერსიტეტის ფოლკლორის სამეცნიერო კვლევის ცენტრის ხელმძღვანელია, ეთერ თათარაიძე – პროფესორი. ფოლკლორის დარგში, ეს ორი ძვირფასი ადამიანი სტუდენტებს ზეპირსიტყვიერებას ასწავლიან.
ეთერი: – მაისში გვინდა სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ფოლკლორული საუბრები გავაკეთოთ. ღია სივრცეში ჩავატაროთ ლექცია.
ზეპირსიტყვიერებას ფსკერი არ აქვს, ახალ-ახალი პროექტები უზღვავია. გამუდმებით გვაქვს სამუშაო. თხუნელა რომ ამბობს, მარტო ვმუშაობ და რა ვიცი, როდის იქნება მზადო, ასე ვართ. ბოლოში ვერ გახვალ. როცა სტუდენტებთან გაქვს საქმე, მნიშვნელოვანია, როგორც შენ გიყვარს, ცოტათი მაინც შეაყვარო მათაც. ჩვენი მიზანიც ეს არის, დარჩეს ამ დარგის მოყვარული ხალხი. უპატრონონ ფესვებს, სულიერებას, ქვეყანას.
მე და ამირანს სულ გაშლილი გვაქვს ჩვენ-ჩვენი სამუშაოები და ჩუმად ვმუშაობთ ისე, რომ ზოგჯერ ერთმანეთს არც ვეუბნებით, რაზე ვმუშაობთ. მერე უცებ ვიტყვით, სიურპრიზი მაქვსო.
მე ახლა შვიდ წიგნზე ერთდროულად ვმუშაობ. ერთი რომ არ მომწყინდეს, ასე სხვადასხვაზე ვერთვები. ორი უკვე ბოლოსკენ მიდის. ლექსების კრებულებია. დანარჩენი კიდევ უფრო საინტერესო რამეებზე.
რა მოვიგონოთ, რითი გავერთოთ ამ პანდემიისას, აღარ ვიცი.
– და მაინც შინაგანი განწყობით რამდენი წლის ხართ?
– ვერ ვიჯერებ, რომ 65 წლის გავხდი. რა მჭირს, რატომ მაქვს ასაკიდან ასე შორს წასვლა, არ ვიცი. შინაგანი განწყობით 25-30 წლის ასაკში ვტრიალებ. შეიძლება ეგეც დიდად მომეჩვენოს ზოგჯერ. ეს, ალბათ, იმაზეა დამოკიდებული, ვინ რა ხასიათის არის.
მოკლედ, მე არ ვარ სამოცდახუთი წლის. იმდენი გეგმა მაქვს, იმდენი რამის მოსწრება მინდა… მასალებს დახარისხება უნდა, წლების მანძილზე ნაგროვებ არქივს – პატრონობა. დრო ძალიან ჩქარა გადის.






















