22:05 | 2021-06-24 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

რა პასუხები აქვთ ჯანდაცვის სპეციალისტებს ვაქცინების დეფიციტზე საქართველოში და რატომ დაიწყო პროცესის აუდიტი

რა პასუხები აქვთ ჯანდაცვის სპეციალისტებს ვაქცინების დეფიციტზე საქართველოში და რატომ დაიწყო პროცესის აუდიტი

ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტმა ვაქცინაციის შეფერხების მიზეზების შესწავლა დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან დაიწყო.

 

 

დილით, 10:00 საათზე ლუგარის ლაბორატორიის ტერიტორიაზე იურისტები მივიდნენ და ყველა საჭირო დოკუმენტაცია შეაგროვეს. რამდენი დოზა AstraZeneca შემოვიდა საქართველოში და როგორ ხდებოდა პრეპარატის გადანაწილება – ამ კითხვებზე პასუხი დასკვნებმა უნდა გასცეს.

 

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი პასუხისმგებლობას არ გაურბის. დასაწყობებული ვაქცინა ჯერ ჯანდაცვის საზოგადოებრივ ცენტრებში და შემდეგ კლინიკებში ნაწილდება. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი ამტკიცებს, რომ ვაქცინები არ დაკარგულა და აუდიტის დასკვნას ელოდება. ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს ამშვიდებს, რომ აცრის გარეშე არავინ დარჩება.

 

 

აუდიტის სამსახური დაავადებათა კონტროლის ცენტრის შემდეგ რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც შევიდა, კლინიკაში, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი დარჩა რევაქცინაციის გარეშე.

 

 

როგორ დაიწყო ვაქცინაციის პროცესი საქართველოში

 

 

 

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია თებერვლის ბოლოს უნდა შემოსულიყო, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა. დიდი ზარ-ზეიმით დაანონსებულმა კონკრეტულმა თარიღმა გადაიწია. გავრცელებული ცნობებით, ვაქცინის იმპორტი იმის გამო შეფერხდა, რომ საქართველომ შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილება ვერ შეძლო.

 

საქართველოში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი წლის თავზე, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია შემოვიდა.

 

13 მარტს ბრიტანულ-შვედური AstraZeneca / Oxford-ის 43 200 დოზა ვაქცინა მივიღეთ. პირველ ეტაპზე, გეგმის მიხედვით, სამედიცინო პერსონალი აიცრა. იმუნიზაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო.

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მრავალწლიანი სტაჟის მქონე თანამშრომელი, 73 წლის თამარ გიორგაძე, პირველი იყო, რომელიც ვაქცინის მისაღებად დარეგისტრირდა.

 

„ვიცი, რომ ეს აცრა არის უვნებელი და აუცილებელი ჩვენთვის და მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგას, რომ აიცრან და მისცენ მაგალითი სხვასაც, რომ ავიცრათ და ჩვენი ქვეყანა ვიხსნათ ინფექციისგან“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.

 

19 მარტს მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევამ, რა დროსაც 27 წლის ახალციხელი მედდა, მეგი ბაქრაძე ვაქცინაციის შემდეგ ანაფილაქსიური შოკის განვითარების შედეგად გარდაიცვალა, ისედაც დაბალი აქტივობის ფონზე სიტუაცია გაართულა. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები იმუნიზაციის პროცესში ჩართვას თავს არიდებდნენ. როგორც ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, დავით გადელიამ განაცხადა, “ექიმები აფერხებენ ვაქცინაციას“.

 

საქართველოში ვაქცინაციის მსხვერპლს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გამოეხმაურა.

 

„ძალიან სამწუხარო და დასანანია მედდის გარდაცვალება. ჩვენ მსოფლიოში დაფიქსირებული ყველა გარდაცვალების შემთხვევა, რომელიც სავარაუდოდ ვაქცინაციას უკავშირდებოდა, შესწავლილი გვაქვს. ასევე, Astrazeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ გამოვლენილი გართულებებიც.

 

დასკვნა შემდეგია: ვაქცინაციისგან მიღებული სარგებელი მის რისკებს აღემატება. ჩვენ მოხარულები ვიქნებით მხარი დავუჭიროთ საქართველოს, გავმართოთ დისკუსია მარეგულირებლებთან , მოსახლეობასთან , რათა ვაქცინის მიმართ საზოგადოების ნდობა ამაღლდეს. ვაქცინა ძალიან კარგია. უამრავი მტკიცებულებაა იმისა, რომ ვაქცინა ძალიან დიდ როლს თამაშობს ვირუსის გარდაცვალების შემთხვევების თავიდან არიდების თვალსაზრისით“, – განაცხადა მარიანგელა სიმაომ.

 

25 მარტს, გვიან ღამით, საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინის 29 250 დოზა ჩამოვიდა, რომელიც ქვეყანამ ვაქცინის გაზიარების გაეროს მიერ მხარდაჭერილი პლატფორმის, COVAX-ის მეშვეობით მიიღო.

 

„ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკას“ ჩინური „სინოფარმიც“ დაემატა.

 

4 მაისს ქვეყანაში ჩინური წარმოების ვაქცინით 18 წელს ზემოთ მოქალაქეთა ვაქცინაცია დაიწყო. ეს მხოლოდ სამედიცინო პერსონალისა და 55 წელს ზევით ასაკის მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი.

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე იყო პირველი, რომელიც „სინოფარმით“ საჯაროდ აიცრა.

 

აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის პროცესი დაიწყო მანამ, სანამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინას ავტორიზაციას მიანიჭებდა, ამავდროულად, მოსახლეობის აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო. იმუნიზაციის პროცესის დაწყებიდან 3 დღეში “სინოფარმს“ მწვანე შუქი აუნთეს – ვაქცინა ჯანმომ გადაუდებელი გამოყენებისთვის 7 მაისს დაამტკიცა.

 

ქვეყანაში მეოთხე ვაქცინა – „სინოვაკიც“ გამოჩნდა. საქართველომ ჰუმანიტარული დახმარების სახით ჩინეთისაგან ვაქცინის 100 000 დოზა მიიღო. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვაქცინები 29-30 აპრილის ღამეს უნგრულმა მხარემ ჩამოიტანა.

 

„სინოვაკი“ უკვე მეშვიდე ვაქცინაა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო მოხმარებისთვის განათავსა – „სინოფარმთან“, Pfizer/BioNTech, Astrazeneca, Serum, Johnson & Johnson, Moderna-სთან ერთად. საქართველოში „სინოვაკით“ აცრა 24 მაისს დაიწყო. ეს ერთ-ერთია ორი ვაქცინიდან, რომელიც 18-დან 55 წლამდე ადამიანებისთვისაა ხელმისაწვდომი.

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, სრულად ვაქცინირებულია 88 754 ადამიანი.

 

სპეციალისტების განცხადებით კი, ადამიანების 60%-ის აცრაა საჭირო იმისთვის, რომ შედარებით ნორმალურ, ძველ ცხოვრებას დავუბრუნდეთ.

 

 

ქვეყანაში არ არის საკმარისი რაოდენობის ვაქცინა, თუმცა 2 დღის წინ პრემიერ-მინისტრმა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები მოხსნა: 22 ივნისიდან ღია სივრცეში ადამიანებს პირბადის ტარების ვალდებულება მოეხსნათ, ხოლო პირველი ივლისიდან ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვა, ე.წ კომენდანტის საათი გაუქმდება. აქვე, პრემიერ-მინისტრმა დააანონსა, რომ საქართველოში 2-მილიონი დოზა ვაქცინა შემოვა, რის შემდეგაც ჩვენ “ინტენსიურ ვაქცინაციის პროცესს დავიწყებთ“.

 

ეს ნაბიჯი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა. ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინკულუმბეგოვი ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა: კოვიდის მართვის ქართული ნოუ – ჰაუ: რეგულაციები მცირდება, აცრების ტემპი კიდევ უფრო მცირდება…ვაძლიერებთ ლოცვებს!

 

რაც შეეხება ჯანდაცვის დამოუკიდებელ ექსპერტ გიორგი ფხაკაძეს, ის ამ გადაწყვეტილების მიმღებს მკაცრად აკრიტიკებს და როგორც ამბობს, “ასეთ დონეზე დაცემა არ შეიძლება. რაც დღეს მოხდა, სამედიცინო კუთხით არაეთიკურია“.

 

„ასეთი უგულებელყოფა მედიცინის, მეცნიერების და საღი გონების, რაც საქართველოში ხდება, მსოფლიოში არსად მინახავს. შესაძლოა, ადამიანი პოლიტიკურად ანგაჟირებული იყოს, მაგრამ ასეთ დონეზე დაცემა არ შეიძლება.

 

რუსეთში ახალ ინფიცირებულთა 96% ინდური შტამითაა დაავადებული. ბრიტანეთში – თითქმის 100%. სიგნალები მოდის აშშ-იდან და ევროპიდანაც. საუბარია, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემდეგ მეორე დოზამდე ინტერვალი 8-12 კვირიდან 4 კვირაზე დაიყვანონ. ვიცით, რომ ორჯერ ვაქცინირებული ადამიანი უფრო უსაფრთხოა. ჩვენს ქვეყანაში, სადაც ვაქცინა ფიზიკურად არ არის, ვხსნით ქვეყანას, რის საფუძველზე?! მესამე ტალღა ქვეყანაში არ დასრულებულა.

 

ვწუხვარ, რომ პერმიერ-მინისტრის გადაწყვეტილების შემდეგ შესაბამისი სპეციალისტები და ექსპერტები თანამდებობებიდან არ გადადგნენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მე რომ ვყოფილიყავი, გადავდგებოდი.

 

ის, რაც დღეს მოხდა, სამედიცინო კუთხით არაეთიკურია. ყველაზე მთავარია, რომ ამას არც მედიცინასთან და არც მეცნიერებასთან არაფერი აქვს საერთო. ჯერ ვაქცინა ჩამოიტანონ და შემდეგ მოხსნან პირბადე. როგორ შეიძლება დახურულ სივრცეში რესტორნის გახსნა. ხალხი ვაქცინირებული არ არის და შენ ყველაფერი გახსნილი გაქვს. ეს მოკლევადიანი პოპულიზმია. ხელისუფლებამ იცის, რომ ადამიანების გულს 2-3 თვე მოიგებენ, ჩვენი მთავრობა გრძელვადიან პერსპექტივებზე და გეგმებზე არ ფიქრობს.

 

მე პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ სამედიცინო კუთხით დასკვნა ასეთია – ეს გადაწყვეტილება არის პოლიტიკურ-პოპულისტური და ისეთი ხელმძღვანელების მიერ მიღებული, რომელთაც იციან, ქვეყანას ახლო მომავალი ვეღარ მართავენ. ეს არის ბომბი, რომელიც ზაფხულში აფეთქდება“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

 

 

“ვაქცინა რომ არ გვაქვს, შეიძლება შეფასდეს სახელმწიფოს მიერ სიცოცხლის უფლების დარღვევად“– აცხადებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

 

რატომ არ არის ქვეყანაში ვაქცინაციის ის რაოდენობა, რამდენიც იმუნიზაციის მსურველი?! ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი აკაკი ზოიძე „პრაიმტაიმთან“ ამის რამდენიმე მიზეზზე საუბრობს.

 

მისი თქმით, ასაკობრივი შეზღუდვის მოხსნა ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაში გაწერილი არ იყო, შესაბამისად, როცა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 18 წელს ზემოთ მოქალაქეები ჩაერთოთ იმუნიზაციის პროცესში, ვაქცინის რაოდენობაზე შექმნილი კრიზისიც იყო გათვალისწინებული.

 

აკაკი ზოიძე ომბუდსმენის განცხადებასაც აფასებს.

 

„კვლევებზე დაყრდნობით ვიცოდით, რომ 700-800 ათასი ადამიანი ვაქცინაციის აქტიური მომხრე იყო, მანამ სანამ ვაქცინა შემოვიდოდა. ჩვენ არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ შევძელით, მას შემდეგ, რაც ასაკობრივი ზღვარი, რადგან სხვა ჯგუფებში მაღალი აქტივობა არ ფიქსირდებოდა. ამან გამოიწვია ის, რომ მსურველთა რაოდენობამ ვაქცინების რაოდენობას გადააჭარბა.

 

მაგრამ ეს ვითარება 3 თვეში შეიცვლება, ამოიწურება ის 700 000 აქტიური ვაქცინაციის მსურველი და დაგვრჩება ხალხი, რომელსაც აქვს კითხვები, ან აქტიური ვაქცინაციის მომხრეა. დანარჩენი 700 000 ადამიანი ან უნდა დავარწმუნოთ, ან გადავარწმუნოთ. აღსანიშნავია, რომ თბილისსა და დიდ ქალაქებში პროცენტულად მეტია მოთხოვნა, ვიდრე რეგიონებში. ბოლო წუთებამდე იქ თავისუფალი ადგილები იყო.

 

თავიდანვე ვიცოდით, რომ ვაქცინების დეფიციტი, რომელიც მთელ მსოფლიოშია, ჩვენთანაც იქნებოდა. ამიტომაც იყო დაგეგმილი ივლისიდან მასობრივი ვაქცინაცია. წავედით ამ ნაბიჯზე და ყველა მსურველისთვის გავხსენით, რა თქმა უნდა, მოთხოვნა მიწოდებას გადააჭარბებდა.

 

რაც შეეხება სახალხო დამცველის განცხადებას, მდიდრებმა რომ გაიკეთეს ვაქცინა და ღარიბი ქვეყნებისთვის არ არის ხელმისაწვდომი, ზოგადად ესაა უფლებების დარღვევა, მათ შორის, ჩვენს შემთხვევაშიც.

 

გეგმაში თავიდანვე იყო ჩაწერილი, რომ გარკვეული ასაკობრივი ჯგუფები უნდა გახსნილიყო ახლა და არა 3 თვის წინ. შესაბამისად, ვაქცინების შეფერხება ამ შემთხვევაში იმ რისკ-ჯგუფების მიხედვით, რომელიც გეგმაში იყო დაწერილი, თავიდანვე ნიშნავდა, რომ დაავადების გარკვეული რიცხვის მქონე ადამიანები მიიღებდნენ შედარებით გვიან ვაქცინას. ეს არსებული რეალობიდან გამომდინარე იყო.

 

ის, რომ დღესდღეობით მსურველი მიწოდებას აჭარბებს, ვისთვისაა გასაკვირი. ეს ძალიან დიდი უფლებების დარღვევაა მთელ მსოფლიოში, რომ ვაქცინები იმ რაოდენობით არ არის, რამდენიც გვჭირდება. ადამიანის უფლების დარღვევა, დისკრიმინაცია იქნებოდა, ვაქცინის ხელმისაწვდომობის პირობებში პრივილეგია რომ მიგვეცა ვაქცინირებულებისთვის. მაშინ სახალხო დამცველის განცხადება რელევანტურია.

 

დანარჩენი, რომ ვაქცინა გვინდა და არ გვაქვს, ძალიან დიდი პრობლემაა. ზოგადად დიდი პრობლემაა, როდესაც ადამიანს მკურნალობა უნდა და ამის ფული არ აქვს. ესეც უფლებების დარღვევაა. აშკარა ჭეშმარიტების კონსტანტირებას აზრი არ აქვს“, – ამბობს აკაკი ზოიძე „პრაიმტაიმთან“.

 

 

რამ გამოიწვია ვაქცინის დეფიციტი

 

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაციის პროცესის შეფერხება და რისკები ერთის მხრივ პრეპარატის მწარმოებელ კომპანიას დაუკავშირა და მეორეს მხრივ კონკრეტული პირების პასუხიმგებლობის საკითხის დაყენებაც არ გამორიცხა. მინისტრი დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამერიკის ელჩთან ერთად იმყოფებოდა.

 

 

აშშ საქართვლოს ვაქცინაციის პროცესში დაეხმარება. რესპუბლიკურ საავადმყოფოში მისულმა ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ რამდენიმე კვირაში საქართველოს მილიონი დოზა ვაქცინა ექნება.

 

 

მანამდე კი საქართველო AstraZeneca​-ს 43 ათას დოზას ელოდება. დღეიდან რეგისტრაციის ფანჯარა გაიხსნა იმათთვის, ვინც პირველი აცრიდან 10-12 კვირის პერიოდში იმყოფება. დანარჩენებს რამდენიმე დღე ლოდინი მოუწევთ. პირველი აცრისთვის რეგისტრაცია გავლილებს პრეპარატის არ არსებობის გამო ჯავშანი გაუქმებული აქვთ. დაავადებათა კონტროლი მათ სურვილის მიხედვით სხვა ვაქცინებს სთავაზობს…

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X