15:49 | 2021-11-26 ავტორი: Prime Time

რა პრობლემებით მიმართავენ კოვიდგადატანილი პაციენტები ფსიქიატრს?

რა პრობლემებით მიმართავენ კოვიდგადატანილი პაციენტები ფსიქიატრს?

კვლევებმა აჩვენა, რომ კორონავირუსის დიაგნოზის მქონე ყოველ მეხუთე პაციენტს სხვადასხვა სახის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს: შფოთვა, დეპრესია, უძილობა. ვირუსი ფსიქიკაზე ზემოქმედებას აგრძელებს მაშინაც, როდესაც ადამიანის ორგანიზმიდან გადის, მაგრამ მაინც ტოვებს დაძაბულობით და სტრესით გაჩენილ კვალს.

 

კოვიდი რომ დამიდასტურდა, თითქმის უსიმპტომოდ გადავიტანე, მაგრამ დამეწყო შიშები, ასე მეგონა, კარგად ვერ ვსუნთქავდი, თუმცა ამას არ ჰქონდა არანაირი ობიექტური მიზეზი. კვლევები ჩავიტარე და მეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი ნორმაში იყო. არც ფილტვების ანთება მქონდა, მითხრეს, რომ 2-ქულიანი დაზიანება იყო და მედიკამენტიც არ სჭირდებოდა, არც სატურაცია იყო არეული, სისხლში ჟანგბადის შემცველობაც ნორმალური იყო.

2021-11-26"უწმინდესმა მისაყვედურა, რატომ დაივიწყე ეკლესიაო..." - ია ფარულავა

 

რეალურად უსიმპტომო ხარო, მაგრამ ნამდვილად მქონდა ჯანმრთელობის გაუარესების შეგრძნება. სულ აფორიაქებული ვიყავი. წამდაუწუმ  ხელებს ვიბანდი. ალბათ სადღაც გონებაში ჩარჩა ის ინფორმაცია, რომ კოვიდს ახლავს სუნთქვის გაძნელება და სულ ამაზე ვფიქრობდი. კოვიდის შემდეგაც დიდხანს გაგრძელდა ეს პრობლემები, მერე ვიმკურნალე, უძილობა ამ დრომდე მაქვს”, – ეს ამბავი კოვიდგდატანილმა ახალგაზრდა ქალმა მიამბო და მითხრა ისიც, როგორ მინდა ეს ვირუსი და მასთან დაკავშირებული ემოციები და პრობლემები საერთოდ გაქრეს  ჩემი მეხსიერებიდან, თუმცა სულ ამაზე მეფიქრებაო.

 

პანდემია ადამიანების ფსიქიკაზე რომ აისახება, ამაზე სპეციალისტები დიდი ხანია საუბრობენ.
თამთა დანელია, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ფსიქიატრი:

 

– ჩვენდა სამწუხაროდ, კოვიდი ჩვენი ცხოვრების განუყრელი ნაწილი გახდა  და საზოგადოების პირველი რეაქციაც ძალიან მწვავე იყო, ვინაიდან ნებისმიერი გაურკვევლობა იწვევს შფოთვით აშლილობას. არსებობს ორნაირი ტიპის კვალიფიკაცია – კოვიდისგან, დაავადებისგან გამოწვეული შფოთვა და მეორე – სოციუმში არსებული შფოთვა კოვიდის მიმართ.

 

დაავადებისგან გამოწვეული შფოთვა  აუცილებლად საჭიროებს სპეციალისტის ჩართულობას.  როდესაც სიმპტომი ვლინდება ყოველდღე ან რამდენიმე თვე, ამ დროს მედიკამენტოზური თერაპიის ჩართულობა  აუცილებელია, რომ შევინარჩუნოთ და გავახანგრძლივოთ დადებითი მდგომარეობა. ეს მდგომარეობა, რა თქმა უნდა, განკურნებადია. არავითარ შემთხვევაშ არ შეიძლება ექიმის დანიშნული მკურნალობის თვითნებური შეწყვეტა. უნდა დავიცვათ ექიმის რეკომენდაციები, რადგან ასეთ დროს აუცილებელია წამლის დოზის კლება და დოზის კლებით ხდება მედიკამენტის შეწყვეტა.პაციენტმა მედიკამენტი თვითნებურად არ უნდა მიიღოს და არც უნდა შეწყვიტოს, რომ დადებით შედეგს მივაღწიოთ  და დინამიკა გაუმჯობესდეს.

 

არ მინდა გვეშინოდეს და გვქონდეს იმის განცდა, რომ ეს ადამიანები მარტონი არიან. ნებისმიერ ადამიანს სჭირდება მხარდამჭერი და გვერდში მდგომი. ასევე, არც ფსიქიატრიაა ის დარგი, რომლისაც უნდა გვეშინოდეს, პირიქით, მროცა ვხედავთ პრობლემას, თამამად უნდა მივმართოთ ფსიქიატრს. უკვე სტიგმაც იმდენად აღარ არის, ფსიქიატრთანაც ჩვეულებრივად მოდიან  სხვადასხვა ნევროზული რეგისტრისა თუ შფოთვითი აშლილობის მქონე პაციენტები და მათ ჩვეულებრივად ვმკურნალობთ, ვუნიშნავთ მედიკამენტებს, გვენდობიან და ეს ნდობა ჩვენც უნდა გავამართლოთ.

 

– რა კვალს ტოვებს კოვიდი ფსიქიკაზე?

–  ასეთ პაციენტებს, ძირითადად,  შფოთვა აწუხებთ, ზოგს გამღიზიანებლობა აქვს მომატებული, ზოგს – გულმკერდში გაძლიერებული მოჭერის შეგრძნება, გაძლიერებული გულისცემა. ზოგს – თავის ტკივილები, აქვთ კუნთების ტკივილები,  სუნთქვის გაძნელება, უძილობა. ბევრი ისეთი პაციენტიც მყოლია, რომელიც ამბობს, ღამე რომ დავიძინებ, მეღვიძება და მეშინია, არ მოვიხრჩო, არ მოვიგუდოო. ასეთი შეგრძნებებიც აქვთ, მედიკამენტოზური ჩარევა ამ დროს აუცილებელია.

 

 – როგორ მოქმედებს კოვიდინფექცია ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანებზე. ამბობენ, რომ  ნეიროტოქსიკური ვირუსია და ფსიქიკაზე, ნერვულ სისტემაზე ისედაც ცუდად მოქმედებს.

– ეს ვირუსი ისედაც გამღიზიანებლობას იწვევს და ჩვენს პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ფსიქიკური პრობლემები, შფოთვა, შიშები, ბოდვითი ქცევები, ხშირად უთქვამთ, მე კოვიდი მჭირსო. ამ  დროს ამ ვირუსისთვის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომი არ აღენიშნებათ, ვუკეთებთ ტესტებს და არ უდასტურდებათ. მაგრამ აქვთ შეგრძნებები და განცდა, რომ კოვიდი აქვთ და შეიძლება მოკვდნენ.

–  როგორ მკურნალობთ ფსიქიკურად დაავადებულ ინფიცირებულებს?

–  კოვიდიანი პაციენტები ჩვენთან არ არიან, რადგან ჩვენ კოვიდკლინიკა არ ვართ. თუ პაციენტი დაავადდა ჩვენს კლინიკაში, გადაგვყავს სხვაგან.  გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როცა დაავადდა ჩვენი ბენეფიციარი.  ამ შემთხვევაში რუსთავის ჯანმრთელობის ცენტრი გვერდში გვიდგას და  გვეხმარება. ასეთი პაციენტები იქ გადაგვყავს.  გვქონდა შემთხვევა, როცა კატასტროფის ბრიგადამ  ჩვენი ინფიცირებული პაციენტი თერჯოლაში გადაიყვანა. თერჯოლაშიც არის ასეთი სპეციალიზებული კლინიკა. რუსთავისა და თერჯოლის კლინიკები მულტიპროფილურია და მათ იქ მკურნალობენ.

– პანდემიის პირობებში პრობლემებით ბავშვების მომართვიანობამაც ხომ არ მოიმატა?

–   სამწუხაროდ, პანდემიამ ყველა გამოკეტა სახლში,  ბევრს მოემატა შფოთვა, გამღიზიანებლობა. ბევრისთვის პირიქით, დადებითიც იყო ოჯახის წევრებთან ურთიერთობა, მაგრამ სახლში გამოკეტვა არავისთვის სასურველი არ არის, თუმცა ამ მდგომარეობამ  იძულებული გაგვხადა, გვეცხოვრა შეზღუდვებით.ბავშვთა ფსიქიატრი არ ვარ, მაგრამ  ვიცი, რომ  შედარებით მომატებულია მომართვიანობა.

– თქვენს კლინიკაში მყოფი ფსიქიკური პრობლემის მქონე პაციენტები აცრილები არიან?

– ძირითადად, აცრილები არიან, თუმცა გვყავს ისეთებიც, რომლებიც არ არიან აცრილები. როცა სტაციონარში მოდიან, ყოველთვის ტესტს ვუკეთებთ, ტესტირების შემდეგ აგვყავს სტაციონარში და ვიცავთ პროტიკოლს, რადგან კოვიდკლინიკა არ არის, ამბულატორიულადაც მოდიან პაციენტები და სტაციონარშიც არიან.

–  რა რჩევებს მისცემთ მათ, ვისაც  შფოთვა აწუხებს?

– აუცილებლად უნდა მიმართონ ფსიქიატრს, რომ შედარებით გაუმჯობესდეს და დასტაბილურდეს  პაციენტის მდგომარეობა. რაც შეეხება ფსიქოზს, ვისაც ფსიქოზი აქვს, მათი სახლში მართვა ძალიან საშიშია და პაციენტი ძალიან ცუდ შედეგებამდე შეიძლება მივიდეს. ფსიქიატრის არ უნდა გვეშინოდეს და, საჭიროების შემთხვევაში, თამამად უნდა მივმართოთ.

– ადამიანები ექიმის გარეშე ხშირად იღებენ ანტიდეპრესანტებს და სხვადასხვა მედიკამენტს, ხშირად ნევროლოგებიც ნიშნავენ ფსიქოტროპულ წამლებს. ეს რამდენად საშიშია?

– ამის გამო იქმნება პრობლემები, ამიტომ  აუცილებელია დიაგნოზის სწორი გამიჯვნა, რომ პაციენტს სწორი მკურნალობა დაენიშნოს. აუცილებელია, იყოს მომართვიანობა სპეციალისტთან, შემდეგ ნდობის მომენტი დგება სპეციალისტსა და პაციენტს შორის. ყურადღება ექცევა პაციენტის ფსიქოგანათლებას.

– შფოთვით აშლილობას თუ არ უმკურნალებ, რა შეიძლება გამოიწვიოს?

– შესაძლებელია, ადამიანი პანიკურ შედეგამდეც მივიდეს, მით უფრო, რომ ზოგიერთი პაცინეტი, მეზობლის, ახლობლის რჩევით, ანტიდეპრესანტებსაც იღებს, რამაც პირიქით, უკუშედეგამდე შეიძლება მიიყვანოს ადამიანი.

 

– რა რჩევას მისცემთ ხალხს?

– ზოგადად, შფოთვითი აშლილობა არის მდგომარეობა და არა დაავადება. დიდი სხვაობაა. როდესაც ვიწყებთ მკურნალობას, ორიენტირებულები ვართ შედეგზე. მინდა საზოგადოება დავამშვიდო და ავუხსნა, რომ ეს არის ის მდგომარეობა, რომელსაც სჭირდება მეთვალყურეობა, პაციენტმა უნდა იგრძნოს კომფორტი. ფსიქოთერპიასთან ერთად საჭიროა მედიკამენტოზური ჩარევა.

 

კოვიდგადატანილს ეს განცდილი აქვს, მაგრამ ვისაც პანიკური შიშები აწუხებს, იმას ჰგონია, რომ ისევ ცუდად გახდება, ამიტომ ასეთ პაციენტთან მედიკამენტის სწორი შერჩევა და მკურნალობის სწორი დაგეგმვაა აუცილებელი.

 

გვყოლია ისეთი პაციენტებიც, რომლებსაც კოვიდის შემდეგ ხშირად აწუხებთ მეხსიერების პრობლემები და შიშები – მეშინია ცუდად არ გავხდე, გული მიჩქარდება და ა.შ. მერე, მკურნალობის ფონზე, დადებითი დინამიკა ყოფილა. რეალურად გული უჩქარდებათ, მაგრამ საშიში არ არის, რომ ცუდად გახდეს.  „ტაქიკარდია მაქვს, ოფლიანობა, მალე ვიღლები, ექიმო, თითქოს ვგრძნობ ყელში ბურთის გაჩხერას“, -ამბობენ ისინი და თვითონვე იწვევენ მოხრჩობის შეგრძნებას. ამ დროს აუცილებელია  სპეციალისტთან მიმართვა, რომ სწორი მკურნალობა დაინიშნოს.

ნახეთ სახვა სიახლეები და ვიდეოები:

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X