
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმა ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ექსპრეზიდენტმა, თაფლის და ნატურალური წვენის მიღება დაიწყო. მისივე თქმით, სააკაშვილმა ციხის მაღაზიაში ნატურალურ წვენებთან ერთად 7 ქილა თაფლი შეიძინა.
“ორშაბათს დაუმზადდა პირადი ბარათი. მას წვდომა ჰქონდა სხვადასხვა პროდუქტზე, მათ შორის, ნატურალურ წვენებზე, თაფლზე და შეკვეთის დადასტურების შემდგომ, როგორც ვიცი, მან მიიღო უკვე რამდენიმე ქილა თაფლი. ასევე, რამდენიმე ლიტრი ნატურალური წვენი. მას დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება, მათ შორის თაფლის და ასევე, ნატურალური წვენის, რაც ფაქტობრივად ცხადყოფს იმას, რომ ასე თუ ისე, ორგანიზმი არ დგას გამოფიტვის წინაშე“, – ამბობს ნიკა ცხვარაშვილი რუსთავი 2-თან საუბრისას.
8 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში უკრაინის რადის დეპუტატი, ლიზა იასკოც იმყოფებოდა, როგორც საქართველოში დაბრუნებამდე ექსპრეზიდენტმა თქვა, მან ლიზა იასკოსთან ახალი ოჯახი შექმნა. იასკოს თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ციხეში წონაში საგრძნობლად დაიკლო.
„სამწუხაროდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება. მეორე კვირაა უკვე შიმშილობს, 12 კილო დაიკლო, თუმცა მზად არის ბრძოლისთვის. ამ პროცესებს მთელი მსოფლიო აკვირდება, ყველა წუხს იმაზე, რომ ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში დააპატიმრეს. ეს ძალიან სამწუხაროა, უნდა ვიბრძოლოთ მის გასათავისუფლებლად და საქართველოს მომავლისთვის. მას ნამდვილად აქვს უკვე ტელევიზორი, ადევნებს თვალყურს მიმდინარე პროცესებს”, – თქვა ლიზა იასკომ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. მან მაშინვე გამოაცხადა შიმშილობა.
ოფიციალურად ამ დრომდე უცნობია, ქვეყანაში რა გზით დაბრუნდა მიხეილ სააკაშვილი.






















