
საქართველოში დაძაბული პოლიტიკური ვითარების ფონზე, ქვეყანაში მოულოდნელად ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია გამოჩნდა.
მიუხედავად იმისა, რომ ალასანიას სახელს ფარული ჩანაწერი უკავშირდება, რომელშიც სავარაუდოდ, სააკაშვილთან საუბრის დროს, ის ქართველ ხალხს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს და შეკვეთილ მკვლელობას გეგმავს, ყოფილი პრეზიდენტის ბიძა საქართველოში ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შემოუშვეს. (ამ ჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი არ არის)
რას უკავშირდება საქართველოში ალასანიას მოულოდნელი გამოჩენა, საკითხზე „პრაიმტაიმთან“ კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე საუბრობს. როგორც არეშიძე აცხადებს, ალასანია საქართველოში „ნაცმოძრაობაში“ გარჩევების მოწყობის გამო ჩამოვიდა.
„თემურ ალასანია გარანტიების გარეშე აქ არ ჩამოვიდოდა. ალბათ, შეთანხმებულია ვიღაცასთან, რომ აქ ჭკუით მოიქცეს. მისი ჩამოსვლა უკავშირდება „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა გარჩევების მოწყობას, ანუ მან პარტიაში სიტუაცია უნდა დაალაგოს.
„ნაცმოძრაობაში“ წყალქვეშა დინებებია და ეს კაცი ამის გასარჩევად არის ჩამოსული. არამგონია, რომ მან საქართველოში სიტუაციის არევა გაბედოს, რადგან ასეთ შემთხვევაში, მას აქ არ შემოუშვებდნენ. თუ ის სიტუაციის არევას მოინდომებს, მას ძალიან სერიოზული პასუხისგება მოუწევს“,- განაცხადა არეშიძემ.
შეგახსენებთ, თემურ ალასანიას გავრცელებული ჩანაწერი უკავშირდება, რომელშიც, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილთან საუბრის დროს, შეურაცხმყოფელ სიტყვებს იყენებს ქართველი ხალხის მისამართით და სავარაუდოდ, შეკვეთილ მკვლელობას გეგმავს.
დაგაინტერესებთ: „თუ დიდხანს დარჩა ჩემს გარეშე, დამცინავი ხდება – „ქალბატონო თეა“ მეუბნება და ვხვდები, რომ გაბრაზებულია“ – წულუკიანი შვილზე